ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოლოდინი აქვთ მხარეებს: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექსპერტთა ჯგუფი თავიდან შეისწავლის


მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ სისხლის სამართლის საქმეზე 3 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, კიდევ 3 სისხლის სამართლის საქმეში კი ბრალდებულია, თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს ელის.

ექიმების ჯგუფი სააკაშვილთან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 25 მაისს დაუშვა, დაცვის მხარე პატიმრის ჯანმრთელობის თაობაზე, ახალი სამედიცინო დასკვნის მომზადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

სააკაშვილის გადაყვანა კლინიკა "ვივამედში", ტელეკომპანია "პირველის" კადრი
სააკაშვილის გადაყვანა კლინიკა "ვივამედში", ტელეკომპანია "პირველის" კადრი

ექს-პრეზიდენტი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათია“ ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას ციხეში, 2021 წლის ბოლოდან ითხოვდა, მას შემდეგ, რაც იგი გორის ჰოსპიტლიდან, ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

ამ მოთხოვნას ბოლო დრომდე ეწინააღმდეგებოდნენ, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური, ისე იუსტიციის სამინისტრო, ასევე პროკურატურა და სასამართლო. მოსამართლეებმა ბოლო ხუთის თვის მანძილზე, დაცვის მხარის ეს მოთხოვნა, რამდენჯერმე არ დააკმაყოფილეს.

„7 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, პირიქით, გაურესება მივიღეთ"
მარიამ ჯიშკარიანი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია"“

ცენტრის „ემპათია“ ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს მიაჩნია, რომ აღმსარულებელი და სასამართლო ხელისუფლება თვეების მანძილზე არღვევდა პატიმარ სააკაშვილის კანონიერ უფლებას, ჩაეტარებინა კომპლექსური ექსპერტიზა და ამ ნაბიჯზე იძულებით წავიდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაურესდა.

„7 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, პირიქით, ჩვენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესება მივიღეთ.

მკურნალობა და დიაგნოსტიკა არაეფექტური რომ იყო, ფაქტია, რადგან თვითონაც ვერ აცხადებენ, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელად“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 12 მაისს, სააკაშვილი რუსთავის ციხიდან, თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ გადმოიყვანეს.

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ვერ ხედავს რესურს, პროფესიულს, ინსტიტუციურს და სახელმწიფოს ნებას, რომ „საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს და პატიმრების უფლებებს, ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც იცავდა.

"მე ვენდობი სახალხო დამცველის ანგარიშებს და „ემპათიის“ დასკვნებს, ვინაიდან ძალიან კომპეტენტური ორგანიზაციაა. შესაბამისად, როდესაც საუბარია, სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე, ჩემთვის ეს დამაჯერებელია"
ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, "სასამართლოს გუშაგი"

„ემპათიამ“ პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ოთხი დასკვნა მოამზადა, 2021 წლის 10 ნოემბერს, 6 დეკემბერს, 18 დეკემბერს და 2022 წლის 6 მაისს.

პარალელურად, ციხესა და გორის ჰოსპიტალში, პატიმარ სააკაშვილისთვის გაწეულ სამედიცინო მოსახურებას მონიტორინგს უწევდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფიც, რომელმაც საკუთარი დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

როგორც „ემპათიის“, ისე ომბუდსმენთან არსებული ექსპერტთა ჯგუფები ამტკიცებენ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ, მათი რეკომენდაციების მუდმივი იგნორირების გამო, პაციენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

„სააკაშვილი არის ის ფიგურა, რომელიც პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები მთავრობისთვის, დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან. ასეთი ადამიანის ბედი, როცა ის არის ჩაკეტილ სისტემაში და სრულად დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ არის“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„რა თქმა უნდა, მე ვენდობი სახალხო დამცველის ანგარიშებს და „ემპათიის“ დასკვნებს, ვინაიდან ძალიან კომპეტენტური ორგანიზაციაა და წლების წინაც, ისინი აქტიურად მუშაობდნენ პატიმართა უფლებების დაცვაზე, ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზაცია იყო, რომელთა დასკვნები სასამართლოში იგზავნებოდა. შესაბამისად, როდესაც საუბარია სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე, ჩემთვის ეს დამაჯერებელია“ - ამბობს ჯანეზაშვილი.

1 ივნისს 8 თვე სრულდება, რაც სააკაშვილი საპატიმროშია. ამ ხნის მანძილზე, სახელმწიფოს პოზიცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეიცვალა. თუ შარშან, შემოდგომაზე, სააკაშვილს საჯაროდ „სიმულიანტს“ ეძახდნენ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პირველად აღიარეს, რომ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

2021 წლის 19 ოქტომბერს, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი „არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ვითომ შიმშილობს“.

2022 წლის 12 მაისს კი იუსტიციის მინისტრმა ბრეგაძემ სააკაშვილის პატიმრობას „თვითდაზიანების ქრონიკა“ უწოდა და საჯაროდ პირველად თქვა, რომ „ამ ადამიანს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემა“.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მინისტრის განცხადებით, თავად პატიმარმა სააკაშვილმა ჯერ შიმშილობით, შემდეგ მკურნალობაზე უარის თქმით, გაზარდა რისკები, რომ მისი ჯამრთელობის მდგომარეობა კიდევ გართულებულიყო და სწორედ ამის გამო, იგი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ამასთან, პარლამენტში გამოსვლისას, მინისტრმა ბრეგაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოთხოვნა, რომ „მსჯავდებული პატიმარი ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ გავიდეს, არც ქართულ კანონმდებლობასთან და მსოფლიოში არცერთი ქვეყნის სამართალთან კავშირში არ არის“.

„კარგია, რომ ბოლო პერიოდში აღარ საუბრობენ, რომ სააკაშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებული და ყველა ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის უნდა დაისაჯოს. რაიმე შინაარსობრივი პრობლემა მე არ მომისმენია, გარდა იმისა, რომ არის მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებისა“ - მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

დაცვის მხარის განცხადებით, ცენტრის "ემპათია" ექსპერტები პატიმარ სააკაშვილთან კლინიკა "ვივამედში" დღეს ან ხვალ შევლენ. უცნობია, რა დრო დასჭირდება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახალი სამედიცინო დასკვნის მომზადებას.

„აღარ საუბრობენ, რომ სააკაშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებული და ყველა ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის უნდა დაისაჯოს. შინაარსობრივი პრობლემა არ მომისმენია, გარდა იმისა, რომ არის მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებისა“
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის სპიკერი

დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ახალი დასკვნა ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის გადაწყვეტილების მიღებას დააჩქარებს. თავად სააკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ „მძიმე მდგომარეობაშია“, ციხიდან მოიწერა, რომ „პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა სჭირდება, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია“.

კლინიკა „ვივამედი“, რომელიც პენიტენციურ სამსახურთან წლებია თანამშრომლობს, პირიქით, აცხადებს რომ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა: ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები - უარყოფითი დინამიკის გარეშეა“.

სახელმწიფო კი ელოდება, რომ „ვივამედში“ სრულფასოვანი დიაგნოსტიკის და მკურნალობის შემდეგ, ექიმების ნებართვით, სააკაშვილს ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნებს.

აქამდე საქართველოში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ რომელიმე მსჯავრდებული ან ბრალდებული პატიმარი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაეყვანათ.

მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს, როცა უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად შემოვიდა. თავიდან იგი რუსთავის ციხეში მოათავსეს, თუმცა, მას შემდეგ რაც შიმშილობა გამოაცხადა, მისი ნების საწინააღდეგოდ, გლდანის ციხეში გადაიყვანეს. პატიმარმა 50 დღიანი შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, როცა გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს.

ექს-პრეზიდენტის დაკავება და გადაყვანა რუსთავის ციხეში, 2021 წლის 1 ოქტომბერი
ექს-პრეზიდენტის დაკავება და გადაყვანა რუსთავის ციხეში, 2021 წლის 1 ოქტომბერი

სააკაშვილი გორიდან ისევ რუსთავის ციხეში 2021 წლის ბოლოს, 30 დეკემბერს დააბრუნეს. 2022 წლის 21 თებერვალს, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა შიმშილობა. იგი ცენტრის „ემპათია“ ექსპერტთა და სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნების შესაბამის მკურნალობას ითხოვდა. შიმშილობა პატიმარმა 10 მარტს შეწყვიტა. 12 მაისიდან კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სააკაშვილი უკვე კლინიკა „ვივამედშია“.

ექს-პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულთა შეწყალების გამო და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის უსასტიკესი ცემის საქმეზე.

სააკაშვილს პროკურატურა ასევე ედავება 9 მილიონამდე ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის ეპიზოდს, რასაც 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებაც დაემატა. მსჯავრდებული ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში
მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG