ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი ახალ წელს რუსთავის ციხეში შეხვდება


პატიმარი მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ღამის 3 საათზე გადაიყვანეს
პატიმარი მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ღამის 3 საათზე გადაიყვანეს

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვისა და 10 დღის მანძილზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბადრაგმა ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნა.

მესამე პრეზიდენტი რუსთავში 30 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის 3 საათზე მიიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, გორიდან ბადრაგირება, ღამის 2 საათისთვის დაიწყო, სპეცრაზმის და საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციის ფონზე.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დაპატიმრების შემდეგ
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დაპატიმრების შემდეგ

რუსთავის ციხესთან ამჟამად სააკაშვილის მომხრეები იკრიბებიან. ადვოკატები კი პატიმართან შესვლას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. შსს-მ ციხესთან დამატებითი ძალები და სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები გადაისროლა.

„ღამით მიეპარნენ და ავადმყოფი ადამიანი უბრალოდ გაიტაცეს გორის ჰოსპიტალიდან“ - ასეთი კომენტარი გააკეთა მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. მისი თქმით, „ამ ნაბიჯით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე აღარ არის, არა თუ მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, არამედ არის წმინდა წყლის შურისძიების და ადამიანის წამების პროცესი“ - განაცხადა ადვოკატმა.

„ღამით მიეპარნენ და ავადმყოფი ადამიანი უბრალოდ გაიტაცეს გორის ჰოსპიტალიდან. ამ ნაბიჯით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე აღარ არის, არა თუ მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, არამედ არის წმინდა წყლის შურისძიების და ადამიანის წამების პროცესი“
შოთა თუთბერიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

27 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის გაყვანას გორის ჰოსპიტლიდან, მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცადნენ, რა დროსაც მან ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და შემდეგ „გონება დაკარგა“.

28 დეკემბერს, ჯერ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ნაწილობრივ დაადასტურეს ეს ფაქტი. მათი ინფორმაციით, სააკაშვილს მხოლოდ "წნევამ აუწია", რის გამოც ეტაპირება გადაიდო.

„სააკაშვილის მკურნალობა გორში დასრულებულია, ის ექიმებმა გაწერეს“ - ასე ახსნა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მსჯავრდებულის გორიდან ისევ რუსთავში დაბრუნების გადაწყვეტილება.

როგორც შემდეგ გაირკვა, გორის ჰოსპიტლის მიერ გაცემულ ცნობას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ე.წ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100-ს) ხელი სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა მოაწერა.

28 დეკემბერს, სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ნინო გოგორიშვილი ჯერ გამოკითხა, შემდეგ კი მკურნალი ექიმი დაადანაშაულა, რომ მან "სააკაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა". "ექიმმა გაწერა პაციენტი გორის ჰოსპიტლიდან იმ დროს, როცა სააკაშვილის ფსიქო-ნერვოლოგიური სტატუსი არ იყო ბოლომდე დადგენილი" - აღნიშნა გვარამიამ.

საპასუხოდ, გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ადვოკატმა გვარამიამ მას „ფსიქოლოგიური ტრავმა“ მიაყენა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, მისი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას ეწევა და ამ ფაქტორების გამო, "იგი ვეღარ იქნება სააკაშვილი მკურნალი ექიმი".

სააკაშვილის ეტაპირება ბადრაგის მიერ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში
სააკაშვილის ეტაპირება ბადრაგის მიერ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში

სააკაშვილის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ პატიმარს „ექვსი ნიღბიანი დაესხა თავს, რა დროსაც იგი ცუდად გახდა“. პენიტენციურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო.

მესამე პრეზიდენტი და მისი პირადი ექიმი მოითხოვდნენ, რომ შიმშილობის შემდეგ, მკურნალობა და რეაბილიტაცია ისევ გორის ჰოსპიტალში გაგრძელებულიყო, ამ ინფორმაციას იზიარებდა როგორც ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი, ისე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“.

„არაერთგზის მოვთხოვეთ გორის ჰოსპიტალს ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება დიაგნოსტიკა - მკურნალობის კურსთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ მოვითხოვეთ, ყველა ჩართული ექიმის შეხვედრა, თუმცა, უშედეგოდ“ - განაცხადა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა.

პაციენტის გაწერა ინფორმირების გარეშე "ნორმა" ყოფილა და ბადრაგების ფიზიკური ჯაჯგური გაურკვეველი მიმართულებით გადასაყვანად და საწოლში მყოფი პაციენტისათვის საათის წასაძრობად კანონიერი ქმედება", საინტერესოა, ყველა პატიმარს ასე ექცევიან საქართველოს ციხეთა სისტემაში
მარიამ ჯიშკარიანი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი


მისი თქმით, „პაციენტის გაწერა ინფორმირების გარეშე "ნორმა" ყოფილა და ბადრაგების ფიზიკური ჯაჯგური გაურკვეველი მიმართულებით გადასაყვანად და საწოლში მყოფი პაციენტისათვის საათის წასაძრობად - "კანონიერი ქმედება", საინტერესოა, ყველა პატიმარს ასე ექცევიან საქართველოს ციხეთა სისტემაში?“ - თქვა ჯიშკარიანმა.

ბოლოს სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში, 29 დეკემბერს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

„მას დაუსვეს ახალი დიაგნოზი, რომელსაც ვერ გავახმაურებთ და ახლა გვაინტერესებს ექიმების შეფასება, რამდენად იძლევა ეს დიაგნოზი პაციენტის გორიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობას“ - თქვა 29 დეკემბერს საღამოს საბა ბრაჭველმა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილთან არ შეუშვეს ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები და პატიმარს დაუგმანეს ფანჯარა“.

ამ განცხადებიდან, დაახლოებით 6 საათის შემდეგ, 30 დეკემბერს, ღამის 2 საათზე, პატიმარი სააკაშვილი გორიდან ისევ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღიად მოუწოდა თბილისს, მიეცათ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში რეაბილიტაციის და მკურნალობის გაგრძელების საშუალება.

პატიმარი სააკაშვილი რუსთავის ციხეში, გლდანში ეტაპირებამდე
პატიმარი სააკაშვილი რუსთავის ციხეში, გლდანში ეტაპირებამდე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ორ სისხლის სამართლის საქმეზე 3 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული და კიდევ სამ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულია, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად შემოვიდა.

თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთლეობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი მე-18 დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში
რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი


მსჯავრდებული თავდაპირველად რუსთავის ციხეში მოათავსეს, სადაც მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მან შიმშილობა დაიწყო.

8 ნოემბერს, სააკაშვილი ძალის გამოყენებით, უკვე გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იქნა ეტაპირებული.

სააკაშვილმა გლდანში შიმშილობა გააგრძელა და ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის დაჟინებული მოთხოვნით, 20 ნოემბერს, სამკურნალოდ უკვე გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

პენიტენციურ სამსახურის ამ დრომდე არ დაუდასტურებია, თუმცა დაცვის მხარის ცნობით, ამჟამად სააკაშვილი ნამდვილად რუსთავის ციხეშია.

იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ისევ დაიწყებს შიმშილობას, მოხდება მისი გადაყვანა ისევ გლდანში და არა გორის ჰოსპიტალში.

"თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთლეობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი მე-18 დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში" - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG