ევო მორალესი, ბოლივიის ყოფილი პრეზიდდენტი, მექსიკაში გაიქცა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს. ქვეყანაში მოვლენები სწრაფად განვითარდა. ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, მორალესმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, რამაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, კვირას, მორალესი იძულებული გახდა, პოსტიდან გადამდგარიყო.
განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ექსპრეზიდენტმა თავშესაფარი მექსიკას სთხოვა. ორშაბათს საღამოს კი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ტვიტერზე" მისი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მორალესი მექსიკის საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავზე ადის.
შეერთებული შტატები ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის ფაქტს მიესალმა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორალესის წასვლას "დასავლეთ ნახევარსფეროში დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მომენტი" უწოდა.
ვაშინგტონი არ ეთანხმება ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის - მექსიკის - მოსაზრებას, რომ ბოლივიაში გადატრიალება მოხდა, რამაც ევო მორალესი აიძულა პოსტი დაეტოვებინა. ბოლივიაში განვითარებული მოვლენები "ძლიერ სიგნალს უგზავნის არალეგიტიმურ რეჟიმებს ვენესუელაში და ნიკარაგუაში, რომ დემოკრატია და ხალხის ნება ყოველთვის გაიმარჯვებს. დასავლეთ ნახევარსფეროში ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით მთლიანად დემოკრატიულ, აყვავებულ და თავისუფალ" სამყაროს - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Facebook Forum