ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2021 - შეჯამება


თბილისი წინასაახალწლოდ
თბილისი წინასაახალწლოდ

2021 წელს საქართველო ბევრი მანამდე არსებული და ბევრიც ახალშეძენილი გამოწვევით ასრულებს. პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხი გაზრდილია, დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ, პოლიტოლოგები საქართველოსთვის საშიში ნიშნულის თაობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლის თანახმად, საერთაშორისო ორბიტაზე ქვეყანა თითქმის სრულადაა გაფერმკრთალებული.

ამგვარი ვითარების ფონზე, სულ უფრო და უფრო ძლიერდება რუსული აგრესია როგორც საქართველოსთან, ისე დასავლურ სამყაროსთან მიმართებით. ადამიანთა უკანონო გატაცებებს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზებთან, ოკუპაციის, ბორდერიზაციის პრობლემას ყოველდღიური და ხელშესახები ხასიათი აქვს. რას უპირისპირებდა, როგორ უმკლავდებოდა საქართველო 2021 წელს არსებულ გამოწვევებს და რა სურათს ვიღებთ წლის შეჯამებით, ამ საკითხებზე "ამერიკის ხმას" რამდენიმე რესპონდენტი ესაუბრა.

საქართველო საერთაშორისო სივრცეში - რუსეთისგან მომდინარე შანტაჟის ფონზე

პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მთელი ენერგია მიდის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებზე და ფაქტობრივად, ვერ ვამჩნევთ იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

„მნიშვნელოვანი ცვლილებებია არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ, მთლიანად პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მათ შორისაა უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები. თითქოს ყველას დაგვავიწყდა, რომ თუ რუსეთმა შეასრულა თავისი მისია უკრაინასთან მიმართებით, მეორე სამიზნე საქართველო იქნება. ჩვენ გვგონია, თითქოს რუსეთისგან ცივი ომის დროინდელი კედლები გვაშორებს. არადა, ასე ნამდვილად არაა. ბუნებრივია, ეს წარმოშობს გარკვეულ პრობლემებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის“,- გვეუბნება კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია საქართველოს საგარეო გამოწვევების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:02 0:00

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი "ამერიკის ხმასთან" აღნიშნავს, რომ რუსეთთან მეზობლობა იოლი არასდროს ყოფილა, თუმცა ახლანდელი ვითარება განსაკუთრებული იმითაა, რომ რუსეთი აგრესიულია უფრო მასშტაბურად, მთლიანად დასავლურ სამყაროსთან მიმართებით.

ასოცირების შეთანხმების შესრულებისგან ხელისუფლება დემონსტრაციულად იხევს უკან

„რუსეთმა, ფაქტობრივად, შტურმი დაიწყო დასავლეთის მიმართულებით ეს ეხება უკრაინასაც, პოლონეთსაც, ბალტიის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვას. რთულია, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი და სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ჩვენი საშინაო დავალება, რაც ეხება ადამიანის უფლებებს, სასამართლო დამოუკიდებლობის თემას, დემოკრატიის ხარისხს, მედიის თავისუფლებას - ეს უნდა შევასრულოთ. ამით უნდა შევძლოთ უფრო ახლოს მისვლა დასავლეთთან, მეტი ინტეგრაცია დასავლურ ინსტიტუტებში. თუ ეს არ გავაკეთეთ, ჩვენი სიტუაცია უფრო გართულდება,“- გვეუბნება ზურა ბატიაშვილი.

ხელისუფლება დემონსტრაციულად უკან იხევს დასავლეთის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისგან - გვეუბნება სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. „სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ენაში სულ უფრო ქრება ევროპეიზაციასთან დაკავშირებული შინაარსი. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ აგრესიულ განცხადებებს ევროპარლამენტარების, ევროინსტიტუციების, აშშ-ის ელჩთან მიმართებითაც კი. ამავდროულად, ძალიან სერიოზული შეფერხებაა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზაზე.“

თამთა მიქელაძე რუსული პოლიტიკის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:56 0:00

საქართველოს ხელისუფლება უკანასკნელ პერიოდში, ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც გავლენას ახდენს საქართველოს პოზიციონირებაზე საერთაშორისო სივრცეში, - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი. მისი თქმით, „ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებები, რასაც ხელისუფლება იღებს, ეს იქნებოდა, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა, იმ დაპირებების უკან წაღება, რაც საარჩევნო პროცესებს უკავშირდებოდა, თუ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორთან, მოსამართლეთა დისციპლინურ წესთან მიმართებით, ჩვენ გვაფიქრებს, რომ ასოცირების შეთანხმების შესრულებისგან ხელისუფლება დემონსტრაციულად იხევს უკან. ეს უკვე მის პოლიტიკურ ენაშიც გამოჩნდა.“

რუსული შტურმი დასავლეთის მიმართულებით

იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი დასავლეთთან, უკრაინასთან მიმართებით აქტიურ კონფრონტაციაშია ჩართული, საქართველოსთვის ხელსაყრელი მომენტი იქმნება თვითაქტუალიზაციის თვალსაზრისით. „ჩვენ ახლა უნდა ვცდილობდეთ, რომ საქართველოს საკითხი ისევე იყოს გააქტიურებული საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ეს არის უკრაინის შემთხვევაში. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება მკაფიოდ სთხოვს დასავლეთს, ფაქტობრივად, აშანტაჟებს, რომ უარი ათქმევინოს [ნატოში] ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებაზე. ამ დროს საქართველოს ხმა ძალიან მოგუდულად ისმის. რაღაც განცხადებები კი კეთდება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, განსაკუთრებით, ყარაბაღის ომის შემდეგ, რომ ჩვენ მოვექეცით რეგიონულ იზოლაციაში და ამ იზოლაციიდან გამოსვლა გვიჭირს,“- გვეუბნება კორნელი კაკაჩია.

ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით მკაფიო მხარდაჭერა იმ მიზნებთან დაკავშირებით, რაც გვაქვს ოფიციალურად გაცხადებული, მათ შორის ევროკავშირთან გაწევრიანების და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით,- მიიჩნევს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. „ეს ნათლად გამოჩნდა დეკემბრის სამიტზე და ნატოსთან დაკავშირებით. აქ, მე მგონი, საჭიროა მეტი აქტიურობა, რომ ქვეყანა არ გაქრეს საერთაშორისო პოლიტიკური რადარებიდან, რის საფრთხეც, გარკვეულწილად, არსებობს,“- დასძენს ის.

იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო საუბრობს რუსული აგრესიის შესახებ უკრაინასთან მიმართებით, საქართველო, ფაქტობრივად ამოვარდნილია დღის წესრიგიდან - გვეუბნება ზურაბ ბატიაშვილი. „არის თუ არა საქართველო მოწყვლადი რუსეთთნ მიმართებით? რა თქმა უნდა, ეს ასეა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ეს არგაღიზიანების პოლიტიკა რუსეთთან, არაა შედეგის მომტანი, უფრო პირიქით. ვხედავთ დღეს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო საუბრობს რუსული აგრესიის შესახებ უკრაინასთან მიმართებით, საქართველო, ფაქტობრივად, აღარ მოიხსენიება, მაშინ როდესაც ჩვენ მსგავსი პრობლემები გვაქვს. საქართველოს ნაწილიც ოკუპირებულია“,- ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:15 0:00

ჩვენ ვხედავთ რუსეთის უფრო გაზრდილ მადას. რონდელის ფონდის მკვლევარი მიიჩნევს, რომ საქართველო უკრაინასთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, მოლდოვასთან ერთად, ჯაჭვის ერთი ნაწილია. „საქართველოს ხელისუფლებას მიუძღვის „წვლილი,“ თავისი უმოქმედობით. საქართველოს ხელისუფლება არ არის აქტიური საერთაშორისო არენაზე საქართველოს პრობლემების უფრო მეტად წარმოჩინებით, დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით. საქართველოში არაა უზრუნველყოფილი არც სასამართლო დამოუკიდებლობა; თავისუფალ პრესაზე მიტანილია შტურმი, მათ შორის იმ ძალებთან ალიანსში, ვინც შემჩნეულია რუსეთთან თანამშრომლობაში და პირდაპირ, რუსეთისგან მიღებული დავალებების შესრულებაში,“- ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

უკრაინასთან მიმართებით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ის აგრესიული რიტორიკა და ნაბიჯები, რასაც რუსეთი დგამს, საქართველოსგან რეაგირების გარეშე რჩება. ეს საგანგაშოა, მიიჩნევს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი. „პრემიერმინისტრმა შემაჯამებელ განცხადებაში ერთი სიტყვაც კი არ თქვა რუსეთზე და უკრაინის კონტექსტზე, რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზეც. ეს ყველაფერი სერიოზულ ეჭვებს აჩენს, ზოგადად ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისა და ორიენტაციის შესახებ. ამიტომ, ამ პირობებში, როდესაც, გარკვეული შესაძლებლობების ფანაჯარა ჩნდება, იგივე სოხუმთან პირდაპირი დიალოგისა და გარკვეული ალტერნატივების შექმნისა, ამ ხელისუფლებას საკმარისი რესურსები არ აქვს სხვა ტიპის მოლაპარაკებების დაწყებისთვის“.

კონფლიქტის რეგიონებიდან წამოსული სიგნალების მიმართ საქართველოს ხელისუფლება უგრძნობია

ანტისაოკუპაციო პოლიტიკა და საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო სივრცეში ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რადგან ეს, ორივე ამ მიმართულების ქვეკუთხედი რუსეთია. „ჩვენთვის აშკარაა, რომ ერთის მხრივ, ანტისაოკუპაციო პოლიტიკა და მეორეს მხრივ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მოლაპარაკებები ერთმანეთთანაა კავშირში და როცა რუსეთთან მიმართებით ქვეყნის პოლიტიკა ბუნდოვანი და საეჭვო ხდება, ბუნებრივია, რომ ეს თავისთავად კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების მხრივ რაიმე არსებით და თვისებრივად ახალი პოლიტიკის შემოტანის შესაძლებლობებსაც ართულებს,“- გვეუბნება თამთა მიქელაძე.

საქართველოს საგარეო ვექტორი ახლა ბუნდოვნად ჩანს. ამაზე ზურაბ ბატიაშვილიც ამახვილებს ყურადღებას: „რთულია, ითქვას, სად არის ახლა საქართველო საერთაშორისო ორბიტაზე. ერთის მხრივ, საქართველოს მხრიდან ეს არგაღიზიანების პოლიტიკა ბადებს კითხვებს. ის, რაც ხდება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, ადამიანის უფლებების, სასამართლო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ბევრ კითხვას აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ სადაა საქართველო საერთაშორისო სივრცეში. ეს უნდა განსაზღვროს საქართველოს ხელისუფლებამ. ასე სირაქლემის პოზის დაკავება დიდი ხნით შეუძლებელია, რადგან მგელი გვერდითაა და სირაქლემა უსაფრთხოდ ვერ იქნება“.

უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებამ იხილა ამბოხი სოხუმში. ადგილობრივები აფხაზეთში აქტიურად აპროტესტებენ რუსეთზე მიბმის პოლიტიკას. განსხვავებული ვითარებაა ცხინვალის რეგიონში. შანტაჟითა და მუქარებით აქ ადგილობრივებს აიძულებენ მოიჭრან ყველა გზა საქართველოსკენ. ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანტოლი ბიბილოვმა სრულიად ღიად ისაუბრა რამდენიმე შეხვედრაზე, რომელსაც მოქალაქეები მასობრივად ესწრებოდნენ. ცხინვალი ასევე სრულიად ღიად და დაუფარავად საუბრობს ბორდერიზაციის ახალი მიმართულებებით გაძლიერებაზე.

დე-ფაქტო პრეზიდენტის მიმართვა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:22 0:00

„მიმდინარე წელი ძალიან მძიმე იყო კონფლიქტებთან მიმართებით. ჩვენ, ერთის მხირვ ვხედავდით განრგძობითი ბორდერიზაციის ფაქტებს, მნიშვნელოვან პრობლემას, რაც გადაადგილების თავისუფლებასა და მიმოსვლის კუთხით პრობლემებს ეხება. ბოლო პერიოდში, აშკარად ჩანს რუსეთის აგრესული განცხადებები დასავლეთის მიმართ, ნატოს წინააღმდეგ, აქვეა ძალისხმევაც უკრაინის წინააღმდეგ,“- გვეუბნება თამთა მიქელაძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებითაც მნიშვნელოვან სამუშაოს აწარმოებს. „გარკვეული მოძრაობებიც შეიმჩნევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთშიც. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ხალხმრავალი აქციები სოხუმში, სადაც ადამიანები სწორედ რუსეთის ჭარბ არსებობაზე საუბრობენ. იწერებოდა ბევრი აფხაზეთში ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის გარშემო წუხილისა და შფოთის შესახებ, რაც კარგად აჩვენებდა იქ არსებულ ვითარებას. იყო გარკვეული მოწოდებებიც იმის შესახებ, რომ აფხაზეთმა საქართველოსთან გარკვეული ალტერნატიული რესურსები და დიალოგი უნდა შექმნას. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ბიბილოვის კონფერენცია, შემდეგ კი შეხვედრა ახალგორში, სადაც მას კიდევ უფრო აგრესიული რიტორიკა ჰქონდა. მან იმ მყოფ ადამიანებს მოუწოდა სამხრეთ ოსეთის ერთგულებისკენ. საქართველოსთან კავშირის სურვილი და საჭიროება, რაც იმ მყოფ მოსახლეობას აქვს, ფაქტობრივად, უგულვებელყო, თქვა თითქოს იქ უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. მან 2008 წლის ომი კვლავ ნატოსთან და დასავლეთთნ კავშირში წარმოაჩინა“,- ამბობს თამთა მიქელაძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღების მიღმა ტოვებს იმ შესაძლებლობს, რაც კრიტიკულ ვითარებაშია შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ამ ორ რეგიონში სხვადასხვაგვარი ვითარება გვაქვს, თუმცა ის, რომ რუსეთი ორივეგან კიდევ უფრო აგრესიულად ცდილობს მათზე კონტროლის დამყარებას, ცხადია. ანექსიის პროცესი რომ კიდევ უფრო დაჩქარებული და აგრესიულია ბოლო წლებში, ძალიან თვალსაჩინოა. თუმცა, ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალური პოლიტიკა კვლავ არ აქვს ამ რეგიონების მიმართ. გარკვეული სიგნალები, რაც სოხუმიდან მოდის, პოლიტიკური პასუხების მიღმა რჩება თბილისი მხრიდან. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს, როგორც ოკუპაციის საწინააღმდეგო, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა ჩიხშია შესული და რაიმე მნიშვნელოვანი ხედვა მთავრობას არ აქვს, გარდა იმ მცირე ეკონომიკური თუ ჯანდაცვის პროექტებისა, რომლის პოლიტიკური გავლენა ძალიან დაბალია,“- აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

2021 წელი საქართველოსთვის რთული იყო როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე. იმ შეფასებებისა და მოლოდინის ფონზე, რაც მესამე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ისმის, როგორც ჩანს, 2022 წელი განსაკუთრებულ სირთულეებთან შეჭიდების კიდევ 365 დღე იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG