ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევრაზიის ახლებური აღქმა


ევრაზიის ახლებური აღქმა
ევრაზიის ახლებური აღქმა

ვაშინგტონის ეგრეთ წოდებულ “თინქ თენქებში” ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ევრაზიის მიმართ სტრატეგიის ახლებური ხედვის აუცილებლობა დაინახეს.

სემუელ ჩარაპის, რომელიც ამერიკული პროგრესის ცენტრში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის მკვლევარია და ალექსანდროს პეტერსენის, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის მკვლევარის სტატიას სწორედ “ევრაზიის ახლებური აღქმა” ქვია. სტატია ჟურნალ “ფორინ ეფეარსის” ვებ გვერდზე გამოქვეყნდა და მისი საჯარო განხილვა ახალგაზრდა ექსპერტებმა ამერიკული პროგრესის ცენტრში მოაწყვეს.

ავტორემბმა ამერიკის მიერ ევრაზიის ახლებური აღქმის აუცილებლობა ყირგიზეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ დაინახეს. 2010 წლის აპრილში დაწყებული არეულობების ფონზე, მსოფლიოს ყირგიზეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო საჰაერო ბაზის ბედი აინტერესებდა. ექსპერტები შიშობდნენ, რომ მოსკოვი შურს იძიებდა ბაკიევზე, იმის გამო, რომ მან თავის დროზე, მოსკოვის თხოვნის მიუხედავად, არსებული ბაზა არ დახურა და მას დასჯიდა. თუმცა ამერიკამ-რუსეთთან ერთად იმუშავა და სცენის მიღმა საუბრებით მათ ბაკიევის მიერ ქვეყნის მშვიდობიანი დატოვება უზრუნველყვეს. ავტორების თქმით, სწორედ ეს გახდა, მათი მხრიდან, ევრაზიის მიმართ, ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ფუნდამენტური დაფიქრების მიზეზი.

ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბრისას, სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა, სემუელ ჩარაპმა განაცხადა:

”ბარაკ ობამას არჩევნების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობა პრიორიტეტული არ ყოფილა, ახლა არა იმდენად პოლიტიკა, არამედ ტონი შეიცვალა, ახლა მხარეები არ ივიწყებენ იმ საკითხებს, რაზეც ვერ თანხმდებიან, მათ შორის საქართველოსაც, თქვენი საკითხი კვლავ საკვანძო პრობლემის სტატუსს ინარჩუნებს, მაგრამ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ.”-აცხადებს ჩარაპი.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკამ სხავდასხა ქვეყნის მიმართ, მაგალითად როგორებიც აზერბაიჯანი და უკრაინაა, საკუთარი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა. ამერიკის პოლიტიკა რეგიონის მიმართ მთლიანობაში, გახდა იმ გეგმების ნაწილი, რაც ვაშინგტონს მოსკოვის მიმართ გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებულობის სურვილს აგულიანებდა. სტატიის ავტორები თვლიან, რომ ახლა პოლიტიკური ცვლილებების დროა.

“ ნუ დარდობთ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაინტერესებს თქვენი ბედი -გამოსავალი არ არი, ამერიკელმა კანონმდებლებმა უნდა შეწყვიტონ მოსკოვის გავლით სტრატეგიის დაგეგმვა და ცალკეულ ქვეყანებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები აწარმოონ. ამ გზით ამერიკა საკუთარი გრძელვადიანი ინტერესების გათვალიწინებით იმოქმედებს და თავიდან აიცილებს მე-19 საუკუნის მსგავს ე.წ. “დიად თამაშს” -აცხადებს ალექსანდროს პეტერსენი.

ობამას ადმინისტრაციამ შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა მოახდინა, მაგრამ ამავე დროს, ახლა ევრაზიის მიმართ გარკვეული პარალელური სტრატეგიის განვითარებაა საჭირო.

სტატიაში ავტორები დასკვნებს ამერიკასა და ევრაზიის რეგიონს შორის უახლოესი წარსულის მიმოხილვაზე დაყრდნობით აკეთებენ:

ციტატა სტატიიდან:

“რუსეთის, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობოები საქართველოში, მოლდოვასა და ტაჯიკეთში უფრო ოკუპანტ ძალებს დაემსგავსნენ, ამის პარალელურად მოსკოვის ღიად უჭერდა მხარს ამ რეგიონებში სეპარატისტულ მოძრაობებს, განსაკუთრებით იქ, სადაც ეთნიკურად რუსები ცხოვრობდნენ, მაგალითად უკრაინის ყირიმში. როგორც ვაშინგტონში რუსეთის ელჩი 1993 წელს აღნიშნავდა, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა, ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის ურთიერთობას წააგავდა. მალე საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა.”

ამის შემდეგ იყო ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი. ვაშინგტონი უკრაინა საქართველოში ნატოში გაწევრიანების დაჩქარებას უწყობდა ხელს, არა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნები ალიანსში შეიტანდნენ წვლილს, არამედ იმიტომ რომ რუსეთი რეგიონში გადამწყვეტი მოთამაშე აღარ იქნებოდა. კიევსა და თბილისის მაშინდელი ახალი მთავრობები, დემოკრატიული კურსისი მიმდევრები აღმოჩნდნენ, მაგრამ რუსეთის ლიდერობის შესასუსტებლად, ამერიკა ავტორიტარულ რეჟიმებს უმაგრებდა ზურგს. ამის ნათელი მაგალითი ვიცე პრეზინდენტ დიკ ჩეინის ვიზიტია ლიტვაში, როდესაც სიტყვით გამოსვლისას მან სასტიკად გააკრიტიკა რუსეთი და ბალტიის რეგიონს ყველაზე დემოკრატიული უწოდა მსოფლიოში, გზად კი თვითმფრინავი ყაზახეთში დასვა და ჩეინიმ ქვეყნის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან ენერგეტიკისა და უშიშროების საკითხებზე გამართა მოლაპარაკებები, რომელიც დემოკრატიული მრწამსის სიყვარულით არ გამოირჩეოდა.

რუსეთ საქართველო ომი რუსეთ ამერიკის ურთიერთობებში გადამწყვეტი აღმოჩნდა, როდესაც მოსკოვმა აშკარად დაინახა ვაშინგტონის მიერ პოსტ საბჭოთა ქვეყნის აქტიური მხარდაჭერა.

მკვლევარი სემუელ ჩარაპი მიიჩნევს, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის განსხვავება ბარაკ ობამასთან შედარებით ის არის, რომ 2009 წლის იანვრის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციისთვის მოხსნილი იყო 2 უმთავრესი საკითხი. ამ დროისათვის მომხდარი იყო როგორც ბუქარესტის ნატოს სამიტი, ასევე აგვისტოს ომი:

“სანამ 2009 წლის იანვრში, როდესაც ბარაკ ობამა პრეზინდეტი ოფიციალურად გახდებოდა, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ცვლილება მოხდა, ეს იყო 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტი და 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს ის დროა, როდესაც ნატოში გაწევრიანების საკითხი საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან. თუკი ამერიკის საგარეო პოლიტიკას გადახედავთ, ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ ეს არის მთავარი ცვლილება, სხვა მხრივ ყველაფერი გრძელდება, დახმარება დემოკრატიისა და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, ევროკავშირში გაწევრინების ხელშეწყობა, რაც შეეხება იარაღის ემბარგოს, ისიც კი , ბუშის ადმინისტრაციისგან მოდის.”-მიიჩნევს ჩარაპი.

ალექსანდროს პეტერსენის აზრით, ის რომ ამერიკას დემოკრატიული და სუვერენული პრინციპების დაცვა სურს სტრატეგია არ არის, სტრატეგია უნდა იყოს კონკრეტული და თითოეულ ქვეყანას მორგებული:

“რა შეიძლება იყოს სტრატეგია: ევრაზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგება არა რუსეთის გავლით, არამედ ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. არის არაერთი მიზეზი, რის გამოც რეგიონის კონკრეტულ ქვეყანასთან თანამშრომლობა საჭიროა. მეორე, ამერიკა ჩართული უდან იყოს ევრაზიის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობაში არა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე უშიშროებასა და ბუნებრივ რესურსებს ეხება, არამედ დიპლომატიური, ეკონომიკური და კულტურულო კუთხით და მესამე, ამერიკის პოლიტიკა რეგიონში უნდა იყოს გამჭვირვალე და ამავდროულად უნდა ეწინააღმდეგებოდეს რუსეთის წარმოდგენებს გავლენის სფეროების შესახებ.”-აცხადებს პეტერსენი.

სტატიის ავტორები, სემუელ ჩარაპი და ალექსანდროს პეტერსენი მიიჩნევენ, რომ ევრაზიაში ამერიკის პოლიტიკის ახლებური აღქმის ფანჯარა ღიაა, მაგრამ ის განუსაზღვრელად ასე არ დარჩება.

XS
SM
MD
LG