ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს მიგრაციის საკითხებზე მსჯელობენ. ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ევროპაში დევნილთა უწყვეტ ნაკადთან გამკლავება და ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილება.
უნგრეთი აცხადებს, რომ კანონით დასჯის თითოეულ იმ ადამიანს, ვინც საზღვარს დაარღვევს და ქვეყანაში შემოიჭრება. ბუდაპეშტი პარალელურად სერბეთთან საზღვრის განმტკიცებაზე მუშაობს. იქ დღეს პოლიციელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უნგრეთმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც დევნილთა მოზღვავების შეჩერებას ისახავს მიზნად. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ახალი კანონი ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგაა მიმართული და რომ ყველა კანონდამრღვევი მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. "ჩვენ უნგრელებს არ გვსურს გლობალურმა გადაადგილებამ უნგრეთი შეცვალოს... ამისთვის არ გვიმუშავია და არ გვიბრძოლია მსოფლიო ომებში და კომუნიზმის წინააღმდეგ" - განაცხადა მან დღეს ბუდაპეშტში პოლიციის კადეტთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფოების ნაწილი, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დევნილების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოზღვავებაში გერმანიას ადანაშაულებენ. გერმანია, თავის მხრივ, თანდათან უფრო მეტ გაღიზიანებას ავლენს ევროკავშირის იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის საქმეში, საკუთარ თავზე საკმარის პასუხისმგებლობას არ იღებს.
მიგრანტების დიდ ნაწილს სხვა ქვეყნებში ცხოვრება არ სურთ და ევროპის სახელმწიფოების საზღვრებს გერმანიაში ჩასვლის მიზნით კვეთენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომას დე მაიზერი ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დაცვის მიზნით თავშესაფარს ითხოვენ, ქვეყნების არჩევის შესაძლებლობა ვერ ექნებათ.