ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად კეთდება პოლიტიკა საქართველოში?


დისკუსია ევროპის სახლში, თბილისი, 21 მარტი, 2016
დისკუსია ევროპის სახლში, თბილისი, 21 მარტი, 2016

რამდენად მდგრადია პოლიტიკური სისტემები და ინსტიტუციები საქართველოში, ამის შესახებ დღეს „ევროპის სახლში“, თბილისში კონფერენციაზე ისაუბრეს. „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში: ძლიერი პარლამენტის იდეის განხორციელების სირთულეები და დაბრკოლებების ანალიზი“– ასეთი გახლდათ სახელწოდება. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მაიკლ ჩეჩირე – საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი, ალექსანდრე სკრივენერი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, გიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ვახუშტი მენაბდე – კონსიტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტი. კონფერენციას მოდერაციას უწევდა კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.

დაისვა კითხვები იმის შესახებ, ახლა უფრო ძლიერია საქართველოს პარლამენტი, თუ სააკაშვილის მმართველობის დროს უფრო ძლიერი იყო ეს ინსტიტუტი. რამდენად არსებობს ფორმალური და არაფორმალური მმართველობის საფრთხე ქვეყანაში და რამდენად ტრადიციულია ასეთი გამოცდილება. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომაგენელმა ალექსანდრე სკრივენერმა ფორმალური ინსტიტუციების მაგალითად საქართველოში მოიყვანა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების არსებობა კომუნისტური რეჟიმის მმართველობის პერიოდში, რომელიც მმართველი სისტემის ერთგვარ ბერკეტს, მხოლოდ არაოფიციალურ ბერკეტს წარმოადგენდა. 90–იან წლებში საქართველოში არსებობდა მხედრიონიც და არმიაც, რომელთაგან ერთი არაფორმალური, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენის ორგანიზაცია გახლდათ, მეორე კი ოფიციალური სტრუქტრურა, თუმცა ნაკლებად ანგარიშგასაწევი. სააკაშვილის დროს რამდენიმე პირის ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტები აღმოჩნდა და ქვეყნის მმართველობა, გადაწყვეტილებების მიღება, ამ ერთგვარი ბორდის შიგნით ხდებოდა. ახლაც არაა ვითარება დიდად განსხვავებული იმ თვალსაზრისით, რომ მმართველობის მნიშვნელოვანი ბერკეტი არაფორმალური მმართველის ხელშია, რომელსაც სახელმწიფოებრივად არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია. ალექსანდრე სკრივენერის აზრით, ისტორიიდან გამომდინარე, ამგვარი მმართველობის სტილი საქართველოსთვის ახალი ხილი სულაც არაა. ამ ვითარებაში კი მნიშვნელოვანია პოლიტიკური კულტურის ცვლილება, რათა საზოგადოებამ გაიაზროს კონსიტუტციის და ოფიციალური სტურქტურების მნიშვნელობა და ანგარიშვალდებული გახადოს პირველ რიგში ისინი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების როლი, მათი პროგრამები, რომ ისინი იქცნენ უფრო სანდო და სერიოზულ ინსტიტუციებად და შეძლონ სრულყოფილი ჩართულობა პოლიტიკის კეთების პროცესში.

ზოგადად, ეს კითხვა, სად კეთდება დღეს პოლიტიკა საქართველოში, ერთგვარ ფონად გასდევდა მთელ შეხვედრას.

მაიკლ ჩეჩირეს შეფასებით, ახლა უფრო მეტია პლურალიზმი პარლამენტში და პარტიები იდეოლოგიების გამოკვეთაზე უფრო მეტად მუშაობენ. ეს ზოგადად, მნიშვნელოვანი მოთხოვნაა როგორც პარტიების, ისე დემოკრატიულობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდის თვალსაზრისით. მისი აზრით, დღეს ქართულმა საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ შეკითხვას, იმის შესახებ, თუ რა ტიპის ცვლილებები აწყობს მას პოლიტიკაში.

საქართველოს კონსტიტუცია ტრანსფორმაციას არც თუ იშვიათად განიცდის. მმართველი გუნდი, ხშირად, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის ინიცირებით გამოდის.

გიორგი მშვენიერაძის მოსაზრებით, კონსიტუტციაში ცვლილებების შეტანა და ამ ცვლილებების რაოდენობა კი არ წარმოადგენს პრობლემას, არამედ ის, რომ ყველა ხელისუფლება ცვლილებების ინიცირებას იქიდან გამომდინარე ცდილობს, რაც მას აწყობს პოლიტიკურად. მისი აზრით პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ შევარდნაძის მმართველობის დროს, ისევე როგორც სააკავშვილის მმართველობის პერიოდში და ახლაც, გადაწყვეტილებების მიმღებები კონკრეტული პირები არიან და არა ინსტიტუციები.

ვახუშტი მენაბდე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა პარლამენტს გაცილებით ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, თუმცა ამ შესაძლებლობას პარლამენტი დღეს ვერ იყენებს, შესაბამისად, ეს ინსტიტუტი არაა ის ადგილი, სადაც დღეს „პოლიტიკა კეთდება“,– მიიჩნევს მენაბდე და ამ მოსაზრებას ყველა მომხსენებელი იზიარებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მოკლე სტატისტიკა ასე გამოიყურება: 1995 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ კონსტიტუცია მიიღო, იგი 33–ჯერ შეიცვალა. შედარებისთვის: 20 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების რაოდენობა აღემატება შეერთებული შტატების კონსიტუციაში შეტანილ შესწორებებს მისი მთელი ისტორიის მანძილზე.

XS
SM
MD
LG