ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური კრიზისი ევროპაში


ევროპის ეკონომიკური კრიზისი მეექვსე წელია გრძელდება

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ევროპის ეკონომიკური კრიზისი მეექვსე წელია გრძელდება, თუმცა ქრისტეშობამდე ერთი კვირით ადრე, ლონდონის ოქსფორდის ქუჩაზე ამას ვერ შენიშნავთ.

რობერტი, კორპორატიული კომუნიკაციების სპეციალისტი ამბობს:
„ნამდვილად ვგრძნობ, რომ ამ წელს, წინა ორ-სამ წელიწადთან შედარებით, ადამიანებს აქვთ იმის განწყობა, რომ საკუთარ თავს და ოჯახებს ოდნავ მეტის უფლება მისცენ.“

სანდრა, კომპიუტერული პროგრამების გამყიდველი ამბობს:
„ვფიქრობ, ეს წელიწადი ნამდვილად კარგი იყო, თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ლონდონი ოდნავ გამოირჩევა. ლონდონში საქმე მართლა კარგად მიდის, მაგრამ ევროპის სხვა ქალაქებში შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად იყოს.“

ის ამაში მართალია. ბრიტანეთის ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია და საცალო მოვაჭრეებმა აქაც კი, შობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს ფასდაკლებები. „კაპიტალ ეკონომიკსის“ ანალიტიკოსი ბენ მეი ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ფულის ერთეულად ევრო გამოიყენება, ეკონომიკური ვარდნა ბევრად უფრო შესამჩნევია.

ბენ მეი, „კაპიტალ ეკონომიკსი“
ვალი ჯერ კიდევ ძალიან დიდია ისევე, როგორც უმუშევრობის დონე. ზოგიერთ ქვეყანაში საჭიროა მომჭირნეობის პოლიტიკის გაგრძელება და მოსახლეობაში კი იზრდება ამ პოლიტიკის მიუღებლობის განწყობა.“

ასეთი „მიუღებლობა“ გამოიხატა პროტესტებით, როგორც მაგალითად საბერძნეთში, და ასევე საარჩევნო ყუთთან, როცა ზოგიერთ ქვეყანაში მომჭირნეობის პოლიტიკის მოწინააღმდეგე მთავრობები აირჩიეს.

მომჭირნეობის პოლიტიკა საკამათო თემაა ეკონომისტებს შორისაც, რადგან ის ზიანს აყენებს ეკონომიკურ ზრდას. ბენ მეი ამბობს, რომ 2014 წელს ევროპის ეკონომიკური ზრდა სუსტი იქნება, ეკონომიკის, როგორც თვითონ უწოდებს: „მტკივნეული“ და „ადვილად მსხვრევადი“ გამოცოცხლების პერიოდში.

„ევროზონაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა დარჩენილი და რეგიონისთვის უამრავი შესაძლებლობაა იმისა, რომ უკან კრიზისისკენ გადაიხაროს.“

ბრიტანეთის და გერმანიის შედარებით ძლიერი ეკონომიკის გარეშეც არის იმედის საფუძველი. ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი ლეინ ბეგი ამბობს, რომ ევრო სისტემის ჩამოშლაზე საუბრების შეწყვეტა ამის ერთ-ერთი კარგი ნიშანია.

ლეინ ბეგი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა

„ამ წელიწადზე ვიტყოდი, რომ როცა ევროპის ლიდერები უკან მოიხედავენ, სიყვარულით თუ არა, კმაყოფილებით მაინც გაიხსენებენ ამ პერიოდს როცა რაღაც გაუმჯობესდა. თუმცა ასეთმა განწყობამ ჯერ ქუჩამდე ვერ მიაღწია რადგან შემოსავლები გაყინულია და უმუშევრობის დონე ისევ მაღალია.“

ეს ნათლად ჩანდა ოქსფორდის ქუჩაზე, სადაც ბევრმა თქვა, რომ საშობაო საჩუქრების ყიდვის მიუხედავად მომავალი აღელვებდათ.

მყიდველი მამაკაცი ამბობს:
„მე ვერ შევძლებ უკანმოუხედავად ხარჯვას. ვიყიდი რამეს ჩემი ბავშვებისთვის და ოჯახისთვის, უბრალოდ მცირე საჩუქრებს ქრისტეშობის მისალოცად. მაგრამ მე ამას უკონტროლოდ არ ვაკეთებ.“

როგორც ჩანს ეს გამოხატავს ბევრი ევროპელის განწყობას იმ დროს, როცა კონტინენტი ხუთწლიანი კრიზისიდან გამოდის იმ კეთილდღეობის დაპირებით, რაც ბევრმა ჯერ ვერ დაინახა და არც არიან დარწმუნებულნი, რომ ოდესმე მოვა.
XS
SM
MD
LG