ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინანსური კრიზისი გერმანიასაც გადაწვდა


ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი იძულებული გახდა სპეციალური განცხადება გაეკეთებინა, რომელშიც ის უკანასკნელ ანგარიშებს უარყოფს. ისინი მიუთითებდნენ, რომ ესპანეთის მთავრობა საკუთარი ბანკების ფინანსური კრახისგან დასაცავად საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ერთხელაც არ დამდგარა საკითხი შესაძლებელი ხსნის შესახებ“ - აცხადებს ლუის დე გუინდოსი, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი

რამდენიმე წლის წინ უძრავი ქონების განვითარებაში ჩართულმა ბიზნესებმა ესპანეთის ბანკებიდან მილიარდიანი კრედიტები გაიტანეს. შედეგად, საპნის ბუშტივით ზედმეტად გაბერილი საკრედიტო ბუმი ადეკვატური სისრაფით გასკდა და ესპანური ბანკები უზარმაზარი დავალიანების წინაშე მარტო აღმოჩნდნენ. მთავრობა უკვე ცდილობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკის, „ბანკიას“ ნაციონალიზაციას და დღეს მის გადასარჩენად 25-მილიარდიანი ფინანსური სტიმულირების პაკეტზე ზრუნავს.

ტობიას ბლატნერი „დაივას კაპიტალ მარკეტების“ ეკონომიკური კვლევების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

„ბანკია“ მხოლოდ აისბერგის წვერია. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბანკს უამრავი უსაფუძვლოდ დიდი კრედიტი აქვს გაცემული. მგონია, რომ ესპანეთი ამჯერად ძალზე კრიტიკულ ფაზას მიუახლოვდა. ხელისუფლების სტრატეგია კი ძალზე სუსტად გამოიყურება: ესპანეთის მთავრობა უშედეგოდ ცდილობს ინვესტორების დარწმუნებას იმაში, რომ ესპანურ ბანკებში ფულის დაბანდება უსაფრთხოა“ - ამბობს ბატონი ბლატნერი.

ფიდელ პიტერ ჰელმერს, კერძო ბანკის -„ჰაუქ ენდ აუფჰაუზერის“- თანამშრომელს, მიაჩნია, რომ ესპანეთი ყველანაირად ცდილობს საბერძნეთის და პორტუგალიის მაგალითი არ გაიმეოროს. მათ სურთ ევროკავშირის ფინანსური სტიმულირების მექანიზმს როგორმე თავი აარიდონ, აღნიშნავს ის.

„ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ ესპანეთის რეიტინგი კიდევ უფრო დავარდება. ამის თავიდან აცილება სურთ, რადგან შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მეტად დამნაშავე ბანკები და მათ მიერ თანხების უყაირათო ფლანგვაა“ - აღნიშნავს ბანკირი.

ევროპის ზომით მე-5 ეკონომიკის მქონე ქვეყანა ერთადერთი არ არის, ვინც ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. უახლესი ცნობებით, გერმანიის, ევროპის უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ბანკებიც სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. 6 გერმანული ბანკს ახლახან საკრედიტო რეიტინგი ჩამოუქვეითეს.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კონტინენტის ფინანსურ სისტემაში მხოლოდ ერთ, თებერვლის თვეში 660 მილიარდი დოლარი დააბანდა. სულ რამდენიმე თვეში ამ ნაბიჯის ეფექტი აღარსად ჩანს. ამიტომ ევროკომისია ცდილობს შემდეგი ფინანსური სტიმულირების პაკეტის გაცემისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს. მაიკლ ბარნერი, ევროკავშირის კომისარი შიდა ბაზრების საკითხებში ამბობს, რომ სიტუაცია იცვლება:

„საბანკო სექტორში მეტი კონტროლი, პრევენცია და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. არ გვსურს გადამხდელთა მიერ გაღებული თანხების გამოყენება“ - აცხადებს ის.

ევროკომისიის აღნიშნული ინიციატივა კანონის სახეს მხოლოდ 2014 წლისთვის მიიღებს. საბანკო სისტემაში გაჩენილი ხანძარი ევროპის კონტინენტზე თანდათან ვრცელდება. ანალიტიკოსების აზრით, ძალზე ცოტა რამ კეთდება იმისათვის, რომ მისი ლოკალიზება რამდენიმე ადგილზე მაინც მოხერხდეს.

XS
SM
MD
LG