ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა გზაჯვარედინზე: საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

23 აპრილს საფრანგეთში პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნები საფრანგეთის მომავალთან ერთად, ევროპის მომავალს გადაწყვეტს. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების და ამერიკაში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპაში შიშობენ, რომ პოპულისტურმა ძალებმა შესაძლოა საფრანგეთშიც გაიმარჯვონ.

ამ დრომდე, გამოკითხვებით ოთხი კანდიდატი, ულტრა მემარჯვენე და პოპულისტი მარინ ლე პენი, ცენტრისტი და ახალი პარტია „ონ მარშის“ ლიდერი, ემაუელ მაკრონი, რესპუბლიკელი ფრანსუა ფიონი, და კომუნისტი, ჟან ლუკ მელანშონი, ლიდერობენ. ამ უკანასკნელის პოპულარობის ზრდამ, ბევრი შეაშფოთა. მელანშონი ამომრჩეველს საფრანგეთის უდიდესი ბანკების ნაციონალიზაციას და ევროკავშირთან და NATO-სთან ქვეყნის ურთიერთობების გადახედვას ჰპირდება.

არჩევნებს, სავარაუდოდ, მეორე ტური გადაწყვეტს, კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე, ხმების 50%-ზე მეტის მოპოვებას პირველ რაუნდში ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს.

საარჩევნო პერიოდი მოულოდნელობებით იყო სავსე. ფრანსუა ფიონი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დასაწყისში გამოკითხვების მიხედვით უკან იტოვებდა კონკურენტებს, ზეწოლის ქვეშაა. ამის მიზეზი სკანდალი გახდა, რომელშიც ფიონი საკუთარი ცოლის ცრუ დასაქმების გამო გაეხვა.

დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალი პარტიის, "ონ მარშის" ლიდერი ემანუელ მაკრონი, რომელსაც ფრანსუა ოლანდის კაბინეტში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მაკრონს მიმომხილველთა ნაწილი აფასებს, როგორც პასუხს დონალდ ტრამპის პოპულისტურ პოლიტიკაზე. 39 წლის მაკრონი, ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომლის ცენტრისტული პარტიაც ცდილობს ამომრჩეველს აჩვენოს, რომ ის პოლიტიკურად ახალ ძალას წარმოადგენს. მაკრონი ემხრობა ევროპულ პროექტს და მის ახალ პარტიას ეკონომიკურად ცენტრისტული პლატფორმა უჭირავს.

ვაშინგტონში მკვლევართა შეფასებით საფრანგეთის არჩევნები საერთაშორისო ჭრილში უნდა განვიხილოთ.

“გამომდინარე იმ ცვლილებებიდან რაც ამერიკაში ვიხილეთ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო საფრანგეთისთვის არამედ ევროპისთვის და დასავლეთისთვის. მნიშვნელოვანია იმის გათვასლიწინებით, რაც ევროპაში ხდება საიმიგრაციო კრიზისიდან დაკავშირებით და ევროპულ პოლიტიკაში რუსეთის ჩარევის კუთხით.მე ვფიქრობ ეს საერთაშორისო არჩევნებია და ცდება საფრანგეთის საზღვრებს”, - ამბობს ჯოსეფ ბაუ, კარნეგის ფონდიდან.

"ეს საერთაშორისო არჩევნებია და ცდება საფრანგეთის საზღვრებს”

ჯოსეფ ბაუ, კარნეგის ფონდი

ამერიკის არჩევნებში ჩარევის შემდეგ, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ რუსეთი საფრანგეთის არჩევნებში ჩარევასაც ცდილობს. მოსკოვის ფავორიტი ეროვნული ფრონტის ლიდერი, მარინ ლე პენია.

მარინ ლე პენმა 2014 წელს რუსეთისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის სესხი მიიღო. ის ცოტა ხნის წინა კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მან კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთს სესხის თხოვნით. მოსკოვი ინტერნეტ ტროლების და სხვა კიბერ-მეთოდებით, ლე პენის კონკურენტის, ემაუელ მაკრონის წინააღმდეგ კამპანიის აწარმოებს.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა უსაფრთხოების სამსახურებს სთხოვა სპეციალური ზომები მიეღოთ რათა ამერიკის არჩევნების შემდე თავიდან აეცილებინათ რუსეთის კიბერ-თავდასხმები და საგარეო ძალის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენა. არჩევნებში მონაწილე პარტიები ლე პენის „ეროვნული ფრონტის“ გამოკლებით, ამ კუთხით, საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობენ.

არჩევნების მეორე ტურში, სავარაუდოდ, ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. ამ ორ კანდიდატს, საგარეო პოლიტიკის და ევროკავშირის მიმართ მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ. ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, ის აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გადახედვის მიზნით. დაძაბული საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, შიშობენ რომ შესაძლოა კომუნისტი მელანშონის და პოპულისტი ლე პენის დაპირისპირება ვიხილოთ, რაც ევროპული იდეას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

“როდესაც კანდიდატების საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს ვადარებთ, ერთადერთი ვისაც რუსეთის მიმართ ყველაზე ძლიერი პოზიცია აქვს, ემანუელ მაკრონია"
ბენჟამინ ჰადადი

"როდესაც ფიონი და ლეპენი ამბობენ რომ ისინი ემხრობიან ყირიმის ანექსიას და სურთ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობა სირიაში. მაკრონი ერთ-ერთია, რომელსაც სურს შეინარჩუნოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა მისი საგარეო ხედვის ცენტრია, ის ერთადერთია, რომელსაც რუსეთისადმი მკაცრი მიდგომა სურს”, - ამბობს ბენჟამინ ჰადადი, ჰადსონის ინსტიტუტიდან.

საქართველოსთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის, პრო-ევროპული კანდიდატის გამარჯვება ყველაზე მომგებიანია - ამბობს პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე.

„რა თქმა უნდა ამ არჩევნებზე საქართველოს საკითხი არ დგას, განსხვავებით 2008 და 2012 წლისა, როდესაც საქართველოს თემა რამდენჯერმე იხსნა ნახსენები 5 დღიან [აგვისტოს] ომთან დაკავშირებით. [ამ არჩევნებზე] დგას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის თემა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. ამ საკითხთან შედარებით ლიბერალური მიდგომა აქვს ემანუელ მაკრონს და ბევრად უფრო კონსერვატიული მიდგომა აქვს ფრანსუა ფიონს, რომელიც გავლენის სფეროებზე პირდაპირ საუბრობს. აღარ ვლაპარაკობ უკვე მარინ ლე პენზე, რომელსაც მიაჩნია, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთადერთი დომინანტი უნდა იყოს რუსეთი და სუვერენიტეტი მხოლოდ რუსეთს უნდა ქონდეს," ამბობს გორდაძე,

"საქართველოსთვის, ყველაზე უფრო მომგებიანი იქნება პრო-ევროპული კანდიდატის გამარჯვება"
თორნიკე გორდაძე

საფრანგეთის არჩევნების შედეგები, ევროკავშირის და ევროპის მომავლისთვის კრიტიკულია. დასავლეთში ამერიკის არჩევნების და ბრექზიტის შედეგების შემდეგ პროგნოზების გაკეთებას ერიდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG