ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში


ორგანიზაციის აზრით, კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სფერო ლობისტური კომპანიებია, რომლებიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებზე გავლენას ცდილობენ

ორგანიზაციის უკანასკნელი ანგარიში ევროკავშირისა და მისი ინსტიტუციების, მათ შორის ევროპარლამენტის მუშაობის ეფექტურობას ეხება. ანგარიშმა შესამჩნევი ნაკლოვანებები აღმოაჩინა. მარკ პერეირა, რომელიც ამ კვლევებს ხელმძღვანელობდა "ამერიკის ხმასთან" კომენტარს აკეთებს:

„სისტემაში აღინიშნა რამდენიმე ნაკლოვანება, მათ შორის ბუნდოვანება ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გამჭვირვალობის დეფიციტი ლობისტური მიმართულებით. ამასთან ჩვენ დავინახეთ, რომ საჭიროა ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღები პირების ინტერესთა კონფლიქტის რეგულაციების დახვეწა. დასარეგულირებელია ასევე ინსტიტუციებში მომუშავე იმ პირთა უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ნაკლოვანებების, მაგალითად კორუფციის გამოაშკარავებას ცდილობენ. ნიშანდობლივია, რომ კორუმპირებული კომპანიების მიმართ სანქციები მკაცრი არ არის.“

კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სფერო ლობისტური კომპანიებია, რომლებიც ცდილობენ გავლენა იქონიონ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში მომუშავე გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლებთან და ლიდერებთან ლობისტების ურთიერთობების ამჟამინდელი რეგულაციები საკმაოდ სუსტია.

პეტერსონის ინსტიტუტის საერთშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი ჯაკობ კირკეგაარდი ეთანხმება ზემოხსენებულ მოსაზრებას:

„ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიცაა ევროკავშირი რეგულაციები გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია, როდესაც ლობისტურ კომპანიების მუშაობა გაუმჭვირვალეა.“

მრავალი ქვეყნის ლიდერისგან და კანონმდებელისგან კანონი მოითხოვს, რომ სრულად იყოს გასაჯაროებული ფინანსური მონაცემები, ინტერესები და ქონება. ხალხს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღება მათი ინტერესების შელახვით. ბატონი პერეირას თქმით, ეს ევროკავშირისთვის კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს:

„როგორც ცნობილია, ევროპარლამენტი და ევროკომისია ვალდებულია გაამჟღავნოს თავისი ფინანსური ინტერესები. თუმცა როგორც აღმოჩნდა, დეკლარაციებში ამ ინფორმაციის სისტემატიური და დაწვრილებითი გადამოწმება არ ხდება.“

პეტერსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯაკობ კირკეგაარდი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ ანტი კორუფციული კანონებისა და პროცედურების გასწორება სავარაუდოდ რთული იქნება:

„თუ ნამდვილად არის იმის სურვილი, რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს, საჭიროა ყველაფრის ხელახლა გადახედვა და ევროკავშირის ხელშეკრულების რეფორმის დაწყება. რაც უზარმაზარი პოლიტიკური პროცესია, ეს დაახლოებით ისეთივე მასშტაბის პროცესია, როგოც ვთქვათ ამერიკის კონსტიტუციის შეცვლა, რასაც რა თქმა უნდა ევროპელი კანონმდებლები დიდი სიხარულით არ შეხვდებიან.“

როგორც უკანასკნელი გამოკითხვები აჩვენებს, ევროკავშირის მოსახლების 70 % მიიჩნევს, რომ ინსტიტუციებში კორუფციის რისკი დიდია. საერთაშორისო გამჭვირვალობა კი თავის მხრივ თვლის, რომ თუ ევროკავშირის ლიდერებს კორუფციასთან ბრძოლა სურთ, მაშინ ეს პროცესი რისკების აღმოფხვრით მანამდე უნდა დაიწყონ, სანამ ევროკავშირი კროუფციის სკანდალის მოწმე გახდება.
XS
SM
MD
LG