ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოჰყვა სროლას ევროკავშირის მისიის წინაშე?


ავსტრიის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი ოძისში
ავსტრიის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი ოძისში

ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მუშაობს, ეგრეთ წოდებული მედვედევი-სარკოზის შეთანხმების დოკუმენტის თანახმად. 6 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ომის შემდგომ, 13 აგვისტოს გაფორმდა, ითვალისწინებდა რუსული მილიტარისტული ძალების დაბრუნებას ომამდე არსებულ პერიმეტრზე. შეთანხმების ეს ნაწილი რუსულ მხარეს არ შეუსრულებია. ეგრეთ წოდებულ ოკუპაციის ხაზთან განთავსდა ევროკავშირის მონიტორინგის მისია, მის უფლებამოსილებაში, „ქაღალდზე“ გაწერილი ვერსიის მიხედვით, „კონფლიქტის ორივე მხარეს“ არსებული ვითარების კონტროლი შედის, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობის თანახმად, მისია მხოლოდ ქართული მხარის კონტროლირებულ სივრცეში მოძრაობს. ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზს მიღმა ვერ გადადის. ამის უფლებას რუსი მესაზღვრეები არ აძლევენ.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები გადაადგილდებიან სპეციალური აღჭურვილობითა და უნიფორმებით, შეიარაღების გარეშე. მკვეთრი ლურჯი ფერის ჟილეტები მისიის წარმომადგენლების ამოცნობის შესაძლებლობას შორი მანძილიდან იძლევა. „ჯიპიეს“ მოწყობილობები, რაც მისიის თანამშრომლების აუცილებელი ატრიბუტია, ყოველწუთიერთად აფიქსირებს ტერიტორიულ მონაკვეთებს, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ ხაზს და მის მიმდებარე პერიმეტრს, სადაც გადაადგილება „ნებადართულია“, იმ პრაქტიკის თანახმად, რაც 2008 წლის ომის შემდეგ ფიქსირდება.

2023 წლის 13 იანვარს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჯგუფი, რომელიც მეჯვრისხევის მიმართულებით მუშაობდა სროლის ქვეშ მოჰყვა. ქართულ სოფლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა იარაღის ხმა გაიგეს და საკუთარი თვალით იხილეს მომხდარი - რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღი მისიის წარმომადგენლების წინაშე გამოიყენეს, რის შემდეგაც, მისიამ ტერიტორია დატოვა. ამბავი სროლის შესახებ არ გახმაურებულა არც იმავე დღეს და არც მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში. ინციდენტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ქართული პოლიციისთვისაც ცხელი ხაზით არ უცნობებია. ამის შესახებ თავად აღნიშნა ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა ერგნეთში.

ირაკლი ანთაძე, შსს ანალიტიკური დეპარტამენტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:17 0:00

არავინ იცის, საზოგადოების ფართო ნაწილი ამ ინციდენტის თაობაზე შეიტყობდა თუ არა რამეს, ანტიოკუპაციურ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერს, დავით ქაცარავას რომ არ გაეხმაურებინა ფაქტი. ეს 17 იანვარს მოხდა. სწორედ იმ დღეს, როდესაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობდა.

შეხვედრიდან გამოსულმა შსს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა სროლის ფაქტის ნამდვილობა და დასძინა, რომ ოსურ მხარეს „თავისი ვერსია აქვს“.

ერგნეთის შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის მისიის პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდი. მან განაცხადა, რომ მისიის პრესის ოფისი ღიაა კომუნიკაციისთვის და მოხარული იქნება უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას ფაქტის თაობაზე.

„ამერიკის ხმამ“ კითხვებით მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მიღებული პასუხების თანახმად, ფაქტის ნამდვილობა დასტურდება. დასტურდება ისიც, რომ მისიამ რამდენიმე დღის განმავლობაში დააყოვნა ფაქტის შესახებ ინფორმაციის გახმაურება. პასუხში ნათქვამია, რომ მისიამ უკეთესად ჩათვალა მომხდარის თაობაზე პირდაპირ ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს ესაუბრა.

„რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთმა მესაზღვრემ რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში იმ დროს, როდესაც ჩვენი პატრული ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გადაადგილდებოდა. ევროკავშირის დამკვირვებლები არ ყოფილან სამიზნე და არ უსვრიათ დამიზნებით, მათი მიმართულებით. ჩვენთვის უცნობია, მიზეზი, თუ რატომ ჰქოდათ ამგვარი რეაქცია ჩვენი პატრულის ყოფნასთან დაკავშირებით. ვადასტურებთ, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები პატრულირებენ ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ და გამოირჩევიან ლურჯი ფერის ჟილეტებით, EUMM ნიშნებით. ინციდენტის დროს ადგილობრივი მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილან. ამდენად, ვერ ვივარაუდებთ, რომ შეიძლებოდა ისინი „არეოდათ“ მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებში,“- ეს გახლავთ პასუხი, რომელიც ევროკავშირის მისიის ოფისიგან მივიღეთ.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მომხდარ ინციდენტს რეგიონში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებთან ერთობლიობაში განიხილავს. „უკრაინაში ფართომასშტაბიანი კონვენციური ომის პარალელურად, დაძაბულობა იგრძნობა ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. ეს დაძაბულობა აისახა ევროაკავშირის მონიტორინგის მისიაზეც. ჩვენ გვქონდა მისიის წარმომადგენლების დაკავების პრეცენდენტიც. ეს ებმის სომხეთში მონიტორინგის მისიის განთავსებასაც, რაზეც, საკმაოდ მკაცრი რეგირება ჰქონდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს საკითხი უნდა განვიხილოთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რასაც ჰქვია ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, სადაც დასავლეთი დგას უკრაინის მხარეს და რუსეთია აგრესორი. რუსეთი ძალის დემონსტრირებით ცდილობს აჩვენოს, ვინაა რეგიონში უფროსი“,- გვეუბნება დეპუტატი.

თეონა აქუბარდიას აინტერესებს მისიის ოფიციალური გამოხმაურების თაობაზეც - „საინტერესოა, რა პასუხი მოჰყვება მონიტორინგის მისიისგან ამ ინციდენტს. ჩვენ ეს ვერ მოვისმინეთ აქამდე“

დავით ქაცარავა, ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი მომხდარ ინციდენტს აფასებს, როგორც „რეგიონში მობატონეობაზე ხაზგასმას“. „ეს იყო აგრესიული მესიჯი რუსეთის მხრიდან, რომელიც უნდა წავიკითხოთ შემდეგნაირად - ისინი გვიფიქსირებენ, რომ არიან ბატონ-პატრონები სიტუაციის“,- ამბობს დავით ქაცარავა.

კახა ქემოკლიძე, უსაფრთხოების ექსპერტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და მთავარი მომპალარაკებელი ინციდენტების პრევენციის შეხვედრებზე ერგნეთში, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ინციდენტს სიღრმისეული გამოძიება სჭირდება.

31 იანვარს ცნობილი გახდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების სოხუმში დაუშვებლობის თაობაზე. ამის შესახებ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ამ დროისთვის გადადებულია დისკუსია, რომელიც ჟენევაში, 21-22 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა შეხვედრა არ გაუქმებულა. მზადების პერიოდში, თანათავმჯდომარეები ვიზიტებს ახორციელებენ როგორც ცხინვალში, ისე სოხუმში. ცხინვალიდან ვიზიტის დაბლოკვის თაობაზე განცხადება არ გაჟღერებულა. არაოფიციალური ცნობით, აფხაზეთში გამოხატული აღშფოთება ნასაზრდოებია სანქციებით. დაუდასტურებელი ცნობებით, რუსეთის მხრიდან დისკუსიის მონაწილეები სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდნენ და მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. ინციდენტების პრევენციის ფარგლებში შეხვედრები ჟენევის დისკუსიის ფორმატში ხორციელდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ, რუსი მესაზღვრეებისგან ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის, ჟურნალისტებისთვის ცნობილი ფაქტი 2019 წლის 24 ოქტომბრით თარიღდება. მაშინ მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები რუსმა მესაზღვრეებმა დაატყვევეს და ცხინვალის საპატიმროში გადაიყვანეს. მისიის ოფიციალური განცხადების თანახმად, იმ დროს მათი თანამშრომლები თბილისის კონტროლირებულ სივრცეში გადაადგილდებოდნენ. ინციდენტი ჩორჩანას მიმდებარედ მოხდა. მას შემდეგ, 2023 წლის 13 იანვრის სროლა მეორე შემთხვევაა, რომლის თაობაზეც მედიისთვისაა ცნობილი და რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მისამართით გამოვლენილ აგრესიას წარმოადგენს.

ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების წინაშე 13 იანვრის სროლის ფაქტზე, ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებია არც მისიის წარმომადგენლობას, არც ქართულ, არც ოსურ და არც რუსულ მხარეებს.

XS
SM
MD
LG