ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები მერფი და მაკეინი უკრაინის მოვლენებს ეხმიანებიან


სევასტოპოლი, უკრაინა, 16 მარტი, 2014

ყირიმის რეფერენდუმის შემდეგ დასავლეთი უკრაინაში რუსეთის მხრიდან სიტუაციისკიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავს

დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე გამართული რეფერენდუმის დროს ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი რუსეთთან შეერთებას დაუჭირა. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რეფერენდუმის ჩატარება მკაცრად დაგმო, არ არის გამორიცხული რუსეთის მიმართ სადამსჯელო ნაბიჯები გადაიდგას, ხოლო უკრაინას დამატებითი დახმარება აღმოუჩინონ.

რეფერენდუმი ყირიმში პრო-რუსულად განწყობილი ყირიმელების მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა, მათ შორის იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი მეზღვაური ვლადიმერ ლოზოვოიც.

"მე ახლა ტირილი მინდა. საბოლოოდ ჩემს დედა-სამშობლოს ვუბრუნდები. ეს წარმოუდგენელი გრძნობაა. ამას 23 წელი ველოდებოდი, "თქვა ლოზოვოიმ.

უკრაინის დედაქალაქში შეკრებილები მშვიდობისთვის ლოცულობდნენ, თუმცა რუსეთთან შესაძლო კონფლიქტის გამო დარდობენ.

ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა მოხდება. თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხოლოდ ყირიმზე არ გაჩერდება, მთელი უკრაინა მოუნდება," ამბობს კიევის ეკლესიის მრევლის წარმომადგენელი.

შეერთებული შტატების დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ კიევიდან დაბრუნდა, ტელეკომპანია "ეი-ბი-სის" საკვირაო პროგრამაში თავისი მოსაზრებები ღიად დააფიქსირა.

"უკრაინელები არ აპირებენ კაპიტულაციას, ისინი ბრძოლას განაგრძობენ. თუ რუსეთი მართლა გადაწყვეტს, რომ ყირიმი დაისაკუთროს, ეს სისხლისღვრის გარეშე გარდაუვალია და ბრძოლა დიდხანს გაგრძელდება. უკრაინელებს სჭირდებათ შეერთებული შტატების დახმარება," განაცხადა მერფიმ.

თეთრმა სახლმა პირობა დადო, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით და ასევე უკრაინაში რუსეთის დამატებითი ქმედებების გამო სწრაფ რეაგირებას მოახდენს.

"აუცილებლად იქნება დამატებითი სანქციები თუკი რუსეთი კონფლიქტის განმუხტვის ნაცვლად მეტ ესკალაციას მოახდენს. ეს სანქციები შეერთებული შტატების და ასევე ევროპელი პარტნიორების მხრიდან იქნება გატარებული," ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა.

სენატორი მერფი აღიარებს, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ.

"არ ვფიქრობ რომ აქ სამხედრო ჩარევა შესაძლებელია. უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა უკრაინის არმიის განვითარებისთვის დახმარების გაწევა თუმცა თუ ორშაბათს ევროკავშირთან ერთად ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, რომ რუსეთის ზოგიერთი მოქალაქეებისთვის და ბიზნეს-კომპანიებისთვის სადამსჯელო სანქციები წესდება, ეს პუტინისთვის სერიოზული გზავნილის შემცველი იქნება, " განაცხადა მერფიმ.

მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირას არდადეგებიდან დაბრუნებული შეერთებული შტატების სენატი უკრაინისთვის დახმარების პაკეტის საკითხს და ასევე მოსკოვის წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების გატარების გადაწყვეტილებას უყრის კენჭს. წარმომადგენელთა პალატამ მსგავსი პაკეტი ამ თვის დასაწყისში უკვე დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG