ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის გეგმა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ 


ევროკავშირმა ანტისემიტიზმის წინაღმდეგ ბრძოლა დაიწყო და ახალი სტრატეგია წარადგინა. სამმხრივი სტრატეგიის პრეზენტაცია საფრანგეთში მოხდა და როგორც ცნობილია ის სიძულვილის ენისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ებრაული კულტურის დაცვას და საზოგადოების განათლების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

კომისიის წევრებმა პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ ევროპაში ანტისემიტიზმი შემაშფოთებლად იზრდება და ევროპიდან წასვლას სულ უფრო და უფრო მეტი ებრაელი ფიქრობს. ამას მოწმობს კვლევაც, რომელიც კომისიამ წარმოადგინა. გამოკითხულ ებრაელთა 90 პროცენტი ამბობს, რომ ისინი მათ ქვეყანაში მზარდი ანტისემიტიზმით შეშფოთებულები არიან, გამოკითხულთა 38% კი ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლას გეგმავენ, რადგან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

ევროკავშირის გეგმა, რომლის პრეზენტაციაც სტრასბურგში მოხდა, ათ წელზე მეტს მოიცავს. გეგმის ფარგლებში ევროკავშირი გარკვეულ თანხებს გამოყოფს იმისათვის, რომ ქვეყნებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

„ანტისემიტიზმი არ არის ებრაელების პრობლემა, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ანტისემიტიზმი შეუთავსებელია ყველაფერ იმასთან, რაზეც ევროკავშირი დგას,“- განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ევროკავშირი გეგმავს ებრაულ ორგანიზაციებთან ერთად ე.წ. „სანდო ფლაგმანების“ ევროპული ქსელი ჩამოაყალიბოს, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერნეტიდან არალეგალური სიძულვილის ენის შემცველი მასალის ამოღებას.

ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ მუშაობა დაიწყება „აიტი“ კომპანიებთან, რათა თავიდან აცილებული იყოს ნაცისტებთან დაკავშირებული სიმბოლოების, სამახსოვრო ნივთებისა და ლიტერატურის გავრცელება. ასევე, ფილმების ჩვენება და გაყიდვა ინტერნეტით.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ევროკავშირი გაზრდის ებრაელი ხალხის მიმართ ზრუვნას და მოხდება სალოცავი და საზოგადოებრივი სივრცეების დაცვა. ამ მიმართულებით, ევროკავშირი 2022 წლისთვის 28 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ევროკავშირის გეგმის მიხედვით ებრაული კულტურის, ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა დაიწყება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG