ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი იანუკოვიჩის გადადგომას ითხოვს


ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედერაზე, ბლოკმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავა

კიევის მეიდანზე ბარიკადები კვლავ აღმართულია და ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაპირისპირება გრძელდება. დემონსტრანტები პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას ითხოვენ, რასაც ახლა უკვე ევროკავშირის ლიდერებიც უერთდებიან.

ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედერაზე, ბლოკმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავა. ევროკავშირი უკრაინაში დროებითი მთავრობის შექმნას ითხოვს, რომელიც სათანადო საკონსტიტუციო რეფორმებს გაატარებს იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მოეწყოს.

ბმული

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესმა კომისარმა კატრინ ეშტონმა განაცხადა:

“ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, რომლებიც უკვე რამდენიმე ხანია გვიზიარებენ შეშფოთებებსა და პრობლემებს. ძალიან მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის ძალადობა და პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად. ეს ერთადერთი გზაა უკრაინაში კრიზისის დასამთავრებლად.”


ლონდონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩეტემ ჰაუსის” მკვლევარი ორისია ლუცევიჩი აცხადებს, რომ ევროკავშირმა იანუკოვიჩის მხარდამჭერი ოლიგარქების წინააღმდეგ გარკვეული შეზღუდვები უნდა დააწესოს:

“ოლიგარქების, ბიზნესმენების წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. არ ვსაუბრობ სანქციების დაწესებაზე. შესაძლებელია უკვე არსებული ლეგალური მექანიზმების გამოყენება. მაგალითად ევროპულ ბანკებში მათი ანგარიშების დეტალურად შემოწმება. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს ევრპულ ბანკებში ანგარიშები აქვთ და ამ ანგარიშებში ფული საეჭვო წყაროებიდან შედის.”

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროპასთან ასოცირებით შეთანხმების ხელმოწერის პარაფირებაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ რუსეთის მიერ შეთავაზებული სესხი აიღო.

უკრაინის ორიენტაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპიების კიდევ ერთ თემად იქცა. კიევში მეიდანზე შეკრებილი მომიტინგეები კი აცხადებენ, რომ ბარიკადებს მანამ არ მოხსნიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
XS
SM
MD
LG