ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი - "ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს ... მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით" 


"მომდევნო თვეების განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება,"- ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოზე საუბრის დროს გააკეთა. განცხადება ბორელმა მას შემდეგ გააკეთა რაც დღეს "საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მე-4 ანგარიშში" გამოქვეყნდა.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. არსებითია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს.

"მიმდინარე საარჩევნო რეფორმის ამოცანა უნდა იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ შემოთავაზებულ ყველა რეკომენდაციასთან შესაბამისობა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არჩევნების წინ თავისუფალი და პლურალისტული მედიისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობა კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება,"- წერია ანგარიშში.

დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი "მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში"

დასკვნაში გასულ წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც არის საუბარი, კერძოდ 20 ივნისის მოვლენებზე, სადაც აღნიშნულია, რომ 20 ივნისს ღამით აქციის მონაწილეების "დარბევა მოხდა."

"20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა. იგი მოწვეული იყო პარტია "ქართული ოცნების" წევრების მიერ. ამ მოვლენას საპასუხო რეაქცია და ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციები პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია, რამაც მძიმე დაზიანებები გამოიწვია და შემდეგი თვეების განმავლობაში მომდევნო დემონსტრაციები განაპირობა. დაიწყო ორი გამოძიება, ერთი - დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ხოლო მეორე კი - პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გადაჭარბებასთან დაკავშირებით.

პროტესტების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილების წინადადება შემოიტანა, რომლის მიხედვითაც სრულად პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო უკვე 2020 წელს, 2024-ის ნაცვლად, როგორც ეს თავდაპირველად კონსტიტუციით იყო გათვალისწინებული. 2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა და მის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა,"- წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია, იმაზე თუ რა მოვლენები განვითარდა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ჩავარდა.

"14 ნოემბერს პარლამენტის კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნამ შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობა და ქუჩაში გამართული პროტესტები გამოიწვია. საარჩევნო რეფორმის პროცესი შეჩერებულია. ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოსაძიებლად და არჩევნების წინ შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად პოლიტიკური დიალოგის შეხვედრები გაიმართა,"- წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია რუსთავი2-ის და ტვ პირველის საქმეებზე, ყურადღება გამახვილებულია თიბისი ბანკში ე.წ. "ფულის გათეთრების საქმეზეც" .

Facebook Forum

XS
SM
MD
LG