ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირს ბრძოლა ორ ფრონტზე უწევს


ევროპის ლიდერები დიდი შვიდეულის სამიტზე კანადაში
ევროპის ლიდერები დიდი შვიდეულის სამიტზე კანადაში

ამერიკასთან სავაჭრო ომისთვის მიმდინარე სამზადისის ფონზე, ევროპის კავშირს შინ არანაკლები სიმწვავის პრობლემები დაუგროვდა. ევროპის რიგ ქვეყნებში თანდათან იზრდება იმ მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსების მხარდაჭერა, ვინც იდეოლოგიურად თავს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აიგივებს და ანალოგიური მიზნებისთვის იბრძვის.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ აშკარა დაპირისპირებით გამორჩეული დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ, რომელიც კანადაში სულ ახლახანს დასრულდა, მემარჯვენეები ბრიუსელზე ზეწოლას გააძლიერებენ. აქ იგულისხმება არამარტო მთავარი წყალგამყოფი საკითხები, როგორიცაა მიგრაციის პრობლემები, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ან წევრი ქვეყნების სუვერენული უფლებები, არამედ ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციებიც.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნაციონალურ განწყობებზე თამაშობს და საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს. მას სურს კონსტიტუციაში “უნგრული ღირებულებები” და ეროვნული იდენტობა უკეთ წარმოჩნდეს. დიდი შვიდეულის სამიტის წინ მისმა პრესსპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნაციონალური ღირებულებები უნგრეთის კონსტიტუციაში უნდა აისახოს. ამით უნგრეთი ევროპის კავშირის კანონმდებლობას დაუპირისპირდება, რომელიც, თავის მხრივ, “ფედერალური ევროპის შექმნას ეროვნული მთავრობების უგულვებელყოფის ხარჯზე ცდილობს” - აღნიშნა უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერმა.

ავსტრიის ახალი კანცლერი, 31 წლის სებასტიან კურცი იმიგრანტების, მათ შორის ლტოლვილების ქვეყანაში შემოსვლის პროგრამის დაბლოკვის ინიციატივით გამოდის. კურცი კოალიციურ მთავრობას მეთაურობს, რომლის მთავარი დასაყრდენია მისი პოპულისტური სახალხო პარტია და ულტრა მემარჯვენე თავისუფლების პარტია. ივლისში ავსტრია ექვსი თვით, ევროპის კავშირის პრეზიდენტობას გადაიბარებს, რაც მას გავლენის კიდევ უფრო მეტ ბერკეტს შესძენს.

მემარჯვენე ძალებს ევროპაში იტალიის ახალი მთავრობაც შეემატა. კვირას, ქვეყნის შინაგან საქმეთა პოპულისტმა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ იტალიის პორტებს კეტავს ჩრდილოეთ აფრიკიდან შემომავალი იმიგრანტებით დატვირთული გემებისთვის. “ბრიუსელში ჩვენ ფრონტი გავხსენით” - განაცხადა მან ორშაბათს ტრიუმფალური ტონით, დაპირდა რა იტალიის მოსახლეობას იმიგრანტების დამცველ არასამთავრობოებთან მეტ კონფრონტაციას.

კონფრონტაცია ასევე იზრდება რუსეთთან დაკავშირებითაც. იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტი აცხადებს, რომ შეეცდება რუსეთზე დაწესებული ევროკავშირის სანქციები მოხსნას. სანქციები მოსკოვს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაეკისრა. ამ იდეას ევროპის ბევრი პოპულისტური პარტია იზიარებს, პოლონეთის გამოკლებით.

ანალიტიკოსების აზრით, უნგრეთს, ავსტრიას და იტალიას მალე შეუერთდება ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაც. მათ შორის სახელდება სლოვაკეთი, ჩეხეთი და პოლონეთი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG