ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიყვარული და სხვა შთამაგონებლობები - კონფლიქტის ზონიდან


საყურე - აგვისტოს ომის მუზეუმის ექსპონატი. ერგნეთი, საქართველო
საყურე - აგვისტოს ომის მუზეუმის ექსპონატი. ერგნეთი, საქართველო

ერგნეთში, ცხინვალის მომიჯნავე ქართულ სოფელში ვინც ყოფილა და იმ ადამიანებს შეხვედრია, ყველაზე ახლოს რომ ცხოვრობს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან, აუცილებლად შენიშნავდა ძველ „ვოლგას“, საბჭოურ ავტომობილს, რომელიც ტყვიებისა და ჭურვების ნამსხვრევებისგან დაცხრილული დგას ბაღში. წლები მიდის, ბალახი ავტომანქანის ირგვლივ ხან მწვანეა, ხანაც ყვითელი და გამხმარი. ზაფხულს ზამთარი და თოვლი ენაცვლება, ანტურაჟი კი უცვლელი რჩება - ძველი, დაცხრილული „ვოლგა“ მაყვალა ჩლაჩიძის ბაღში დგას, მხოლოდ არა როგორც ომის სიმბოლო, არამედ როგორც უჭკნობი სიყვარულის ნიშანი.

ოქტომბერი ის თვეა, როდესაც ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებმა ადამიანებმა 2008 წლის ომის შემდგომ საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლეს. რუსულმა ჯარებმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ქართული სოფლები სწორედ 2008 წლის 20 ოქტომბერს დატოვა.

„სანამ პუტინია, ვერ შევრიგდებით“ - გზავნილი ერგნეთიდან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:26 0:00

„ჩემი სახლი ძალიან ახლოსაა ცხინვალთან, ყველაფერმა ერგნეთის თავზე გადაიარა და პირველ დარტყმებს ვიღებდი ყოველთვის. ხან ტყვია შემოვარდებოდა შიგნით... სახურავი დაზიანდა, მინები ჩაიმსხვრა, სანამ ომი დაიწყებოდა და ომის დროს ხომ სახლი საერთოდ დაწვეს.. ის ვისწავლე, რომ ომი არავისთვის არაა სასარგებლო და მით უმეტეს ისეთ ერთან, ოსებთან, რომლებთანაც ჩვენ ძალიან კარგი კავშირები გვქონდა. ბევრი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ ურთიერთობა, გინდათ, ცოლ-ქმრული, გინდათ, ნათლიობა ყველაზე ხშირად, ოსებთან გვქონდა. მერე რა მოხდა, ვერ მივხვდი. მას შემდეგ, ასე ვიტანჯებით,“- გვეუბნება მაყვალა ჩლაჩიძე. მოგონებებზე გული უჩუყდება. მისი სევდა გულწრფელია და გადამდები.

გვიყვება რამდენად საშიშია ცხოვრება იმ ადგილას, სადაც ყოველ დღე სროლის ხმა ისმის და რთულია, გაარჩიო ეს ფოიერვერკია, თუ თავდასხმა. „ამას წინათ ფეიერვერკს ისროდნენ, მარტო ვიყავი სახლში. ავტომატის ხმასავით ჩამესმა. ავდექი საწოლიდან, კუთხეში მივჯექი და ბალიშები დავიწყე თავზე. რომ არ გაჩერდა, ჩუმად მივიპარე ფანჯარასთან, გავიხედე და რომ დავინახე, ფეიერვერკი იყო, გამეცინა. თან ვტიროდი და თან მეცინებოდა. დღევანდლამდე შიშის ქვეშა ვართ. როცა წვრთნები აქვთ, მანევრებს რომ ეძახიან, ზანზარებს ყველაფერი. ღმერთმა ქნას, გავერთიანდეთ, შევრიგდეთ, როგორც ვიყავით, ისე ვიყოთ“,- ამბობს. ამ სიტყვებში იმედიც ისმის და სკეპტიციზმიც. „შერიგებას, მე, ალბათ ვერ მოვესწრები, მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ ამის იმედი“. მიზეზი, რაც ქართველებისა და ოსების შერიგებას ხელს უშლის, მაყვალა ჩლაჩიძისთვის საიდუმლო არაა: „მანამ პუტინი იქნება, შერიგება, არა მგონია, მოხდეს და მერე, ალბათ რაღაც იქნება“.

რუსული საგუშაგო ერგნეთთან
რუსული საგუშაგო ერგნეთთან

12 წლის მანძილზე ომის საშინელებებიც გამოიარა და სოციალური სიდუხჭირეც, საჭიროებაც ხშირად იყო და აუცილებლობაც, მაგრამ სიყვარული რომ უპირველესი საზრუნავია, მიუხედავად იმისა, სიყვარულის ობიექტი ფიზიკურად გვერდითაა თუ არა, მაყვალა ჩლაჩიძეს არასდროს დავიწყნია. ამიტომაც იქცა მეუღლის მანქანა მისი სიყვარულის სიმბოლოდ. ომის მუზეუმისკენ მიმავალ ყველა ადამიანს წინ ეს დაცხრილული თეთრი ავტომობლი ეგებება. ყველა კითხულობს, რატომ დგას ის აქ და ვის ეკუთვნის, ომის დროს დაიცხრილა, თუ არა და სხვა. ეს ავტომანქანაც ომის მუზეუმის ერთგვარი ექსპონატია, მხოლოდ ისეთი ექსპონატი, რომლის არც საიდანმე მოტანაა საჭირო, არც გამოფენა, ის თავისთავად, ბუნებრივი მოცემულობით უკვე მოტანილი და გამოფენილია.

ომის მუზეუმი ერგნეთში ლია ჩლაჩიძეს ეკუთვნის. ლია და მაყვალა მაზლის ცოლები არიან და ცდილობენ, თანამედროვე საზოგადოებას, რომელიც ხშირად ივიწყებს უახლეს ისტორიას, 2008 წლის ომის გაკვეთილების დავიწყების საშუალება არ მისცენ - ეს უბრალოდ, ამბის კონტექსტისთვის.

ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზი, ერგნეთი, საქართველო
ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზი, ერგნეთი, საქართველო

მისი მეუღლე 2007 წელს დაიღუპა, ომამდე ერთი წლით ადრე, აგვისტოში. გარდაცვალების წლისთავის გადახდას 2008-ის ომმა მოუსწრო. „ჩემ ქმარს სხვა მანქანაც ჰყავდა, მაგრამ ეს განსაკუთრებულად უყვარდა, ახლა 100 ტყვია მაინც ექნება მოხვედრილი, განა ამან რა დააშავა ასეთი? კიდევ, კარგი, ჩემი ქმარი ამას ვერ ხედავს, თორემ ამაზე ცალკე მოუკვდებოდა გული. მეუბნებიან, ჯართში ჩააბარეო, მაგრამ ვერ ვიმეტებ, ასე მგონია, ამ მანქანამ რომ დატოვოს ჩემი ეზო, ჩემი ქმარი ახლიდან მომიკვდება. სულ მაგის ფიქრში ვარ და ყველას ვეუბნები, მანამ ცოცხალი ვარ, ეს მანქანა აქ იქნება და მერე, როგორც გინდათ, ისე გადაწყვიტეთ-თქო.“

ერგნეთი ახლა აღარ ჰგავს ნაომარ ადგილს. 2008 წელს კი აქ თითქმის ყველა სახლი დაიწვა და ჭურვებისგან დაზიანდა. 2008 და შემდგომ წლებში საერთაშორისო თანადგომით, აქ ჯერ პატარა კოტეჯები აშენდა, შემდგომ თავად ადგილობრივებმა იყოჩაღეს და საცხოვრებლები მოიწესრიგეს. მართალია, ომის დროს დამწვარი და დანგრეული სახლები ერგნეთში კიდევაა შემორჩენილი, თუმცა აღდგენილი ჭარბობს. ვინც სოფელში დარჩა და ცხოვრება განაგრძნო, ყველა ცდილობს, დაზიანებული გაამაგროს, შეაკეთოს, ან სულაც, დაშალოს და მის ნაცვლად ახალი ააშენოს. თუმცა ის სევდა და ნაღველი, როდესაც პირველად იხილეს გადამწვარი საკუთარი სახლი და ეზო, გაუნელებელია. ვერც ოკუპანტების მიერ გაჩეხილი ვაზის ტკივილს ივიწყებენ ადგილობრივები.

"დაკავებულია" "занятой" - რუსი ოკუპანტების მიერ გაკეთებული წარწერა ერთ-ერთ სახლზე ერგნეთში
"დაკავებულია" "занятой" - რუსი ოკუპანტების მიერ გაკეთებული წარწერა ერთ-ერთ სახლზე ერგნეთში

„ოქტომბრის ბოლოს ჩამოვედი 2008 წელს. პოლიცია იდგა აქ და მითხრეს, ქალბატონო, ვერ გაგიშვებთო. მე ვუთხარი, 200 კილომეტრი იმიტომ კი არ გამოვიარე, რომ ჩემი დამწვარი სახლის უნახავად წავიდე-მეთქი. მაინც არ მიშვებდნენ, მაგრამ მერე ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი და ვუთხარი, თუ დამირეკეთ და ხმა არ გაგეცით, ესე იგი, მკვდარი ვარ-თქო. რატომ რისკავო, მკითხეს. ესე იგი, მე სიკვდილის აღარ მეშინოდა. აქეთ რომ წამოვედი, გზაზე კი არ გამოვიარე, ბაღებს გამოვუყევი. მთელ უბანში ყველა სახლი დამწვარი იყო. ეს თუნუქის ფურცლები გადმოკიდულიყო და ქარი აფრიალებდა, აფხაკუნებდა. აქეთ-იქით ვიყურებოდი შიშით. ფრინველიც კი არ იყო არსად. ჩემი სახლისკენ რომ გადმოვუხვიე, ლიას ძაღლი შემომეგება. ეგ გადარჩა და ძალიან გამიხარდა, პური მივეცი და მოვეფერე. ჩემს ეზოში რომ შემოვედი, პირველ რიგში, ჩემი ქმრის მანქანას შევხედე და წავიქეცი, 100 ტყვია მაინც ექნებოდა მოხვედრილი, ვიტირე, სახლისთვის არც შემიხედია. მერეღა შევხედე სახლს, ოთხი კედელიღა იყო დარჩენილი. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. ეზოში ერთი დიდი ვაზი გვედგა, მთელი ეზო დაფარული ჰქონდა მის ტოტებს. ერთი ტონა წვენი იწყურებოდა მისი ნაყოფით. მოუჭრიათ ეს ვაზი და ისე მოუკრეფიათ,“- გვიყვება მაყვალა ჩლაჩიძე თავისი გაუნელებელი ტკივილის შესახებ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორი ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორი ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან

მას შემდეგ თორმეტმა წელმა გაიარა. ადგილობრივებისთვის მშვიდობა მაინც დროებითობასთან ასოცირდება, რადგან იციან, რომ რუსული პოლიტიკა ეღობება წინ ამ საქმეს, თუმცა არც ეროვნული პოლიტიკის შედეგებია სახარბიელო. ბევრ, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს, ერგნეთში სოციალური დახმარება მოუხსნეს, მათ შორის მაყვალა ჩლაჩიძესაც, მიუხედავად იმისა, რომ ის მარტო ცხოვრობს, ზუსტად ცხინვალის მომიჯნავედ, ერთგვარ მეციხოვნედ, პირობებში, რომელიც, სოციალური თვალსაზრისით, შორსაა ღირსეულობის სტანდარტისგან.

2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი ერგნეთში
2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი ერგნეთში

მეორეს მხრივ კი სწორედ ამგვარი მხნეობისა და სიმტკიცის დანახვა იქ, სადაც სისუსტე და გატეხილობა უნდა დაგხვედროდა, აღგვაფრთოვანებს და შთაგვაგონებს. გვიბიძგებს, გავხდეთ უკეთესები, რადგან ეს შესაძლებელია, თუნდაც უკიდურესად რთულ პირობებშიც კი, თუმცა აქვე, ამ აზრის გაელვებისთანავე, ერთი ეჭვიანი კითხვაც ჩნდება: ბიძგისა და შთაგონებისთვის იქნებ პოზიტიური მაგალითები ჯობდა? იქნებ კეთილდღეობასა და მეტი მზრუნველობის პირობებში თუ იცხოვრებდნენ ჩვენი მოქალაქეები ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან და ზოგადადაც, ამას უფრო შთავეგონებინეთ და გავეძლიერებინეთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამ ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანებიც?

Facebook Forum

XS
SM
MD
LG