ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონს სტუმრობს


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. ის დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერი თურქეთის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრას და ანკარის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის, ეს-400-ების შესყიდვას განიხილავს. ისინი ჟურნალისტების კითხვებს, საერთო პრეს-კონფერენციაზე უპასუხებენ.

შეერთებული შტატები და ნატო თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შესყიდვის შესახებ შეშფოთებას გამოხატავენ. ვაშინგტონი და ბრიუსელი აცხადებენ, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ნატოს თავდაცვის სტანდარტებში არ ჯდება და საფრთხეს წარმოადგენს ამერიკული საბრძოლო თვითმფრიანვების, ეფ-35-ების, პროგრამისთვის. რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ანკარას ეფ-35-ების პროგრამაში მონაწილეობა შეუჩერა. სარაკეტო სისტემები, თეთრი სახლის ოფიციალური პირის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რასაც პრეზიდენტი ტრამპი თურქ კოლეგასთან განიხილავს.

ერდოღანის პრესსპიკერმა, ფაჰრეტინ ალტუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ თურქეთმა ნათლად გამოხატა საკუთარი პოზიცია რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვის თაობაზე.

„თურქეთს აქვს სარაკეტო თავდაცვის სისტემების გადაუდებელი საჭიროება. შეერთებულმა შტატებმა ეს უნდა აღიაროს და თავიდან აირიდოს ამ საკითხის დაბრკოლებად გადაქცევა ჩვენს ურთიერთობებში. თურქეთის მონაწილეობა ეფ-35-ების პროგრამაში ჩვენი თავდაცვითი პარტნიოროისთვის კრიტიკულია“, - განაცხადა მან.

დონალდ ტრამპი ერდოღანთან ასევე განიხილავს სირიის, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ და თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის საკითხებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG