ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები: საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია


საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონის მიღებას, რომელსაც წინ ერთწლიანი პოლიტიკურად დაძაბული პროცესი უძღოდა, ქვეყნის პარტნიორები და მეგობრები ენთუზიაზმით შეხვდნენ.


„ეს საკონსტიტუციო ცვლილებები თანაბარ გარემოს უზრუნველყოფს და სწორედ ამის გამოა მათზე მმართველი პარტიის დათანხმება მნიშვნელოვანი. [ზოგადად] პარტიების უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებამდე ნებისმიერი უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომაც, ეს [ნაბიჯი] სხვებისგან გამოირჩევა იმით, რომ ის პასუხისმგებლობის მატარებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც საფუძველს უყრის უფრო მეტად წარმომადგენლობით სისტემას,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ მაიკლ კარპენტერმა, „ბაიდენის ცენტრის“ დირექტორმა.

ექსპერტთა ნაწილს, რომელიც შეერთებულ შტატებში საქართველოს ადევნებს თვალს, მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, ქვეყანამ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

„საკონსტიტუციო ცვლილელები, რომლებიც საქართველომ მიიღო, ქვეყნის დემოკრატიული გზისა და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში მისი მომავლისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯონათან კაცმა, გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარმა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯის შედეგად, „ამ დროისთვის ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია, რომელსაც სურს იხილოს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და დემოკრატიული რეფორმები მიღებული და სრულად განხორციელებული იქნას.“

მაიკლ კარპენტერს მიაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნები განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ახლო პარტნიორობა ექნება ამერიკას საქართველოსთან, შეერთებული შტატების ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადა იქნება თუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. ის ამბობს, რომ „საქართველოს დემოკრატიის ნამდვილი ტესტი ოქტომბერში იქნება. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, იმ დროისთვის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეძლებს მოქნილი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს და რომ საზოგადოებამ ის ლეგიტიმურად ჩათვალოს.“

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას წინ უსწრებდა პოლიტიკურ ძალებს შორის მარტში მიღწეული შეთანხმება, რომელიც „8 მარტის შეთანხმებითაა“ ცნობილი. შეთანხმებისთვის მხარეებს შორის დიალოგის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იყო. მოლაპარაკების პროცესს ასევე აქტიურად აკვირდებოდნენ შეერთებული შტატების კონგრესშიც. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, თითქმის ყველა ამ მხარემ განცხადება გამოაქვეყნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა ქვეყანას ცვლილებების მიღება მიულოცა და თქვა, რომ „დამტკიცებული [ცვლილებები, რომლებიც] პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მონაწილეობით მიღებული, 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგია, ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს საქართველოში მომავალი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.“


წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, „დღეს, ჩვენ ქართველ ხალხს ვულოცავთ და მივესალმებით საქართველს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც შესაძლებელს გახდის უფრო წარმომადგენლობით მმართველ ორგანოს. ჩვენ ვაფასებთ როლს, რაც თბილისში შეერთებული შტატების საელჩომ ითამაშა, განსაკუთრებით ელჩმა დეგნანმა.“

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, შეერთებული შტატების საელჩოც. „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, საელჩო საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს და წუხილს გამოთქვამს, რომ ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

„ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].“

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG