ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტების პრევენციის შეხვედრების შეჯამება


ერგნეთი, ომის მუზეუმი
ერგნეთი, ომის მუზეუმი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების თაობაზე შეხვედრები გალსა და ერგნეთში ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების ერთგვარი ქვე-სტრუქტურაა, ადგილობრივ და პრაქტიკულ დონეზე უფრო მეტად ორიენტირებული ფორმატი. გადაწყვეტილებები პოლიტიკურ დონეზე, რის თაობაზეც ჟენევაში თანხმდებიან, ლოკალურად „პოლიტიკურობის“ მიღმა ტრანსფორმირდება. გალსა და ერგნეთში „პოლიტიკურ თემებს არ ეხებიან“.

მკვლელობების გამო ჩიხში შესული მოლაპარაკებები

2018 წელი ჟენევაში გამართული შეხვედრები 46 რაუნდით დასრულდა (11-12 დეკემბერს). ხერხდება თუ არა ინციდენტების, საფრთხეების, შემთხვევების პრევენცია ადგილობრივ დონეზე, სადაო საკითხია. განსაკუთრებით მკვლელობების შემთხვევების შემდგომ. აფხაზეთის მიმართულებით ასეთი ოთხოზორიას საქმეა, რომლის მკვლელობის არა მხოლოდ ცოცხალი მოწმეები არსებობენ, არამედ ფაქტი ვიდეო კამერებზეა დაფიქსირებული. ცხინვალის მხარის ანგარიშზე კი ორი გარდაცვალების შემთხვევაა. დავით ბაშარულის, რომელიც უკანასკნელად ახალგორის პოლიციიდან მომავალი ნახეს, შემდგომ კი ტყეში ხეზე ჩამოკიდებული აღმოაჩინეს და უკანასკნელი, ასევე უკიდურესად ტრაგიკული ამბავი, რაც არჩილ ტატუნაშვილს ეხება. ის ცხინვალის იზოლატორიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. მისი ცხედრის გადმოცემა კი დაუსრულებელი პროცესი აღმოჩნდა. ხანგრძლივი ლოდინის შემდგომ, შინაგანი ორგანოები რუსულმა მხარემ იმდენად მწირი რაოდენობით გამოგზავნა, რომ სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა მათ ესეც საკუთარ არგუმენტად გამოიყენეს და განაცხადეს, რომ ქართულ მხარეს შინაგანი ორგანოების სრულყოფილი ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია.

ქართული მხარის კომენტარი ერგნეთში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:46 0:00

გარდა იმისა, რომ მკვლელობის შემთხვევებთან გვაქვს საქმე, რომელთა შესახებ არც სრულყოფილ გამოძიებას თანხმდება რუსული მხარე და არც დამნაშავეთა დასჯას, მათი მოთხოვნა ისიცაა, რომ ამ ინციდენტების თაობაზე საუბარი შეხვედრებზე შეწყდეს. სწორედ ეს ულტიმატუმი იქცა ინციდენტების პრევენციის შეხვედრების ჩაშლის მიზეზად ჯერ გალში (2018 წლის 27 ივნისს, როდესაც აფხაზურმა მხარემ მოითხოვა გიგა ოთხოზორიას საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება), შემდგომ კი ერგნეთში (2018 წლის 14 სექტემბერს, როდესაც ოსურმა მხარემ უარი განაცხადა განეხილა ბაშარულისა და ტატუნაშვილის საკითხები).

2018 წლის 18 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში, სამთვიანი პაუზის შემდგომ მოულოდნელად გაიმართა. იმდენად მოულოდნელად, რომ ამის შესახებ ჟურნალისტები არავის გაუფრთხილებია. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ოსური საიტებიდან გავრცელდა. მოლაპარაკებიდან გამოსვლის შემდგომ კი ირაკლი ანთაძემ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ორაზროვანი განცხდება გააკეთა. მან თქვა: „განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე. ვისაუბრეთ კვლავ დავით ბაშარულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ შეკითხვებზე. კვლავ დავაყენეთ ახალგორში მაცხოვრებელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხი და მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გამოიჩინონ დაინტერესება ამ საქმეზე. ვისაუბრეთ უკანონო ბორდერიაციის შემთხვევებზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების თაობაზე”..

ამ პასუხით ირკვევა, რომ ქართული მხარე შეხვედრებზე აყენებს ბაშარულისა და ტატუნაშვილის საკითხებს (რის გამოც შეხვედრები სამი თვის წინ ჩაშალა ოსურმა მხარემ) და არ საუბრობს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე (რომელიც ანთაძის შეფასებით „პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკური აქტია“), რის განხილვაზეც ასევე უარს ამბობდა ადრე IPRM-ის ფორმატში.

ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი იმის გამო თქვეს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე დამნაშავე პირები დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი საქართველომ ინტერპოლით, წითელი ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა ერგნეთის წინა შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 13 სექტემბერს.

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გახლავთ პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკური აქტი. IPRM გახლავთ დეპოლიტიზირებული ფორმატი. აქ არ ხდება პოლიტიკური საკითხების განხილვა. მას სვამდენ დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები. ყოველთვის, როდესაც ეს საკითხი დგებოდა, ჩვენ ცალსახად მივუთითებდით, რომ IPRM-ის ფორმატი შექმნილია დეპოლიტიზირებული საკითხების განსახილველად და მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური პირობების გაუმჯობესებას. დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხი არ დასმულა და ამ კუთხით პოლიტიზირებას ადგილი არ ჰქონია,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ 18 დეკემბერს ერგნეთში.

დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა წამოჭრეს ატოცში სამოქალაქო პროტესტის შესახებ საკითხი. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ განმარტეს: „სამოქალაქო მოძრაობა იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. სიტყვის, გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლება კი გარანტირებულია საქართველოს ტერიტორიაზე. ამდენად, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების პროტესტი მოკლებულია ყოველგვარ საფუძვლებს“. ოსური მხარის მიერ მოლაპარაკების დროს გაცხადდა, რომ „სამოქალაქო აქტივობა ატოცში ხელყოფს უსაფრთხოებას. სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში 7 ნოემბრიდან იმყოფება, მას შემდეგ, რაც რუსმა მესაზღვრეებმა ამ ადგილას ეკლიანი მავთულხლართის გასავლებად ლითონის ბოძების დამონტაჟება დაიწყეს. სამოქალაქო პროტესტის შემდგომ ღობის გავლების პროცესი აღარ განახლებულა.

ჯერ კიდევ სექტემბრიდან დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ დე-ფაქტო ცხინვალმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო დარღვევისთვის საჯარიმო თანხა გაზარდა. ძველსა და ახალ „ტარიფს“ შორის საკმაოდ სოლიდური განსხვავებაა. თუ ადრე პირველ ჯერზე დაკავებულ ადამიანს 2000 რუსული რუბლი უნდა გადაეხადა, ამჯერად თანხას ერთი ნული მიემატა და 20000 რუსულ რუბლს შეადგენს. ჯარიმები განსხვავებულად „რეგულირდება“ იმის მიხედვით, დაკავებული ფიზიკური პირია, იურიდიული, თუ „თანამდებობის პირი“. ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ ჯარიმების გაზრდა უკანონო ქმედება და დესტრუქციული ნაბიჯია.

დამოკიდებულება მედიასთან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც IPRM- ის შეხვედრების ორგანიზატორია, მედიასთან დამოკიდებულება შეცვალა, რის შესახებაც ჟურნალისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. დაახლოებით ოთხი წლის წინ, ერგნეთში, იქ, სადაც ინციდენტების პრევენციის ფარგლებში შეხვედრები საგანგებოდ მოწყობილ კარავში იმართებოდა, მეორე კარავიც გამოჩნდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ ეს კარავი სპეციალურად ჟურნალისტებისთვის იყო, ვინც შეხვედრას აშუქებს და 5-6 საათი ერგნეთში ლოდინი უხდება. კარავი გათვალისწინებული გახლდათ ყველა ჟურნალისტისთვის, როგორც ქართული, ასევე ოსური მხრიდან. ჩაი, ყავა და პატარა სივრცე კომუნიკაციისთვის - ასეთი გახლდათ ორგანოზატორების ჩანაფიქრი. იდეამ წარმატებულად მხოლოდ ქართველი ჟურნალისტებისთვის იმუშავა, ისინი კარავს და მის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებდნენ და აფასებდნენ. ოსური მხრიდან მოსულ ჟურნალისტებს, ვისთვისაც მუშაობის თავისუფალი გარემო მთლად ხელმისაწვდომი არ გახლდათ, რადგან ერგნეთში ისინი საკუთარი ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარვით არ უსარგებლიათ.

დაახლოებით, ერთი წლის წინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკა ჟურნალისტების მიმართ შეიცვალა. გაივლო სპეციალური ბარიერი, რომლის მიღმა ჟურნალისტებს გადაადგილება ეკრძალებათ. ახლა სწორედ ამ „აკრძალულ სივრცეში“ ტარდება შეხვედრები და ის წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. ერგნეთში ასევე ვეღარ ნახავთ კარავს ჟურნალისტებისთვის. უკანასკნელ შეხვედრაზე კი მედია საერთოდ არავის მიუწვევია.

ერგნეთის შეხვედრები გრძელდება. მომდევნო რაუნდი 8 თებერვალსაა ჩანიშნული.

XS
SM
MD
LG