ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საწვავზე ფასების ზრდას პოზიტიური შედეგიც აქვს


დაძაბულობის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში საწვავზე ფასების ზრდას იწვევს. ამერიკელები გაძვირებული ბენზინის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ეს ფაქტი არამარტო რიგითი მოქალაქეების ბიუჯეტს აყენებს სერიოზულ ზარალს, არამედ ქვეყნის პოლიტიკაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფასების შემდგომი ზრდის პირობებში ნოემბრის არჩევნებზე პრეზიდენტი ობამას ხელახალი არჩევის შანსები დაიკლებს.

სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ საწვავზე ფასების მატებას ამ ყველაფერთან ერთად შეერთებული შტატებისთვის პოზიტიური შედეგიც მოაქვს. ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების საკითხში უმთავრესი მოვლენა ამერიკაში ბუნებრივი აირის მოპოვების მკვეთრი გაფართოება გახდა.

ეს ფაქტი ექსპერტთა ოპტიმიზმის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო, რომელსაც ისინი ბოსტონის ყოველწლიურ კონფერენციაზე მსოფლიო ენერგეტიკის ზოგადი სურათის აღწერისას გამოხატავდნენ. ჯონ ლარსონი, საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ხედვა“ ვიცეპრეზიდენტი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის მოპოვება არამარტო იმ ავტომობილთა წარმოების ზრდას განაპირობებს, რომელიც ბუნებრივი აირით იმოძრავებს, არამედ ქარის და მზის ენერგიის მოპოვების ექსპანსიასაც გამოიწვევს.

ბუნებრივი აირის მოხმარების კიდევ ერთი სასიკეთო მხარე ის იქნება, რომ ეს ფაქტი საწვავზე ფასებს დააგდებს. ამას გარდა შეიქმნება ერთგვარი სარეზერვო ენერგიის წყარო, რომელიც ქარის და მზის ენერგიის მოხმარების გაზრდის საშუალებას მოგვცემს“ - ამბობს ის.

ვიცეპრეზიდენტი განმარტავს: ამაში ის იგულისხმება, რომ ქარის ან მზის ენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში ელექტრო-გენერატორები ბუნებრივ აირზე იმუშავებენ. რაც შეეხება ბუნებრივი აირის რენტაბელურობას, მას ხარჯთეფექტურობით მხოლოდ ქარის ენერგია აღემატება.

„ქარის ენერგია და ბუნებრივი აირი ხარჯეფექტურობის თვალსაზრისით ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან. მათი მოპოვება და ოპერირება საშუალოდ ერთიდაიგივე თანხა დაჯდება. საუბარია დანახარჯზე, რომელიც ერთ მეგავატ საათ ქარს ან ერთ მეგავატ საათ აირს დასჭირდება. სოლარული, ანუ მზის ენერგია დაახლოებით 5-ჯერ მეტი ჯდება“ - აცხადებს ექსპერტი.

შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდა ინდუსტრიული წარმოების პროცესსაც გამოაცოცხლებს, ამბობს ჰოლანდიის სამეფო კომპანიის, „შელის“ აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ვოსერი.

როდესაც იაფი და იოლად ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირი იარსებებს, საწარმოები შეერთებულ შტატებში, შეიძლება ითქვას, ხელახლა დაიბადებიან - ამბობს კომპანია „შელის“ ხელმძღვანელი.

ბუნებრივი აირი ეთანოლის წარმოებასაც გააიოლებს. ვინაიდან ეთანოლი ბენზინის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ბენზინის ფასიც შესაბამისად დავარდება, აღნიშნავენ სპეციალისტები. სტივენ შტერნი ტეხასურ კორპორაცია „გელანისს“ წარმოადგენს, რომელმაც საწვავის დამუშავების აღნიშნული ტექნოლოგია უკვე აითვისა.

„ეს თერმოქიმიური პროცესია, რომელიც ბუნებრივი აირის ან ქვანახშირის ენერგიას იყენებს. მომავალში შესაძლოა სხვა სახის ბიოლოგიური რესურსებიც ჩავრთოთ, რათა ეთანოლის მიღების ბევრად ეკონომიური გზები გამოვნახოთ“ - ამბობს ის.

წარმოებაში მსგავსი ცვლილებების განხორციელება რეფორმების გატარებას შეერთებული შტატების კანონმდებლობაშიც მოითხოვს. კორპორაცია „გელანისი“ ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებებზე ჩინეთის მთავრობასთან მუშაობს.

ბენზინი დომინანტურ საწვავად კიდევ დიდხანს დარჩება. მაგრამ ექსპერტების თქმით მასზე დამოკიდებულება უახლეს მომავალში ალტერნატიული ენერგიის წყაროების მეშვეობით მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

XS
SM
MD
LG