ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე, დასავლეთი ევროპისთვის ენერგიის მიწოდების საგანგებო გეგმაზე მუშაობს


ვაშინგტონი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ ქვეყნებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ენერგოკომპანიებთან, რათა მოსკოვიდან საწვავის ექსპორტის შეწყვეტის შემთხვევაში, დასავლეთ ევროპა ბუნებრივი აირის და ნავთობის დეფიციტის წინაშე არ აღმოჩნდეს. მოვლენების ამგვარი განვითარება მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთი სანქციებს დაუწესებს.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ანონიმურობის შენარჩუნებას ამჯობინებენ. მათივე ცნობით, საგანგებო გეგმის შემუშავების მიზანია, კრემლს არ მიეცეს ენერგიის წყაროების დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტად გამოყენების საშუალება.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ უარი თქვა დაედასტურებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები ამ საკითხებთან დაკავშირებით, ყატარს ესაუბრებიან. „ჩვენი მიდგომა არ გულისხმობს ერთ რომელიმე ქვეყანას, ან ერთ რომელიმე ინდივიდუალურ ორგანიზაციას“ - განაცხადა მან სამშაბათს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თხევადი აირის მიწოდების საკითხზე, მოლაპარაკებას რამდენიმე წამყვან მიმწოდებელთან და მყიდველთან აწარმოებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპას წყაროების დივერსიფიკაციის საშუალება ჰქონდეს.

ამ ეტაპზე, რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირის დაახლოებით 40%-ს აწვდის. ევროპულ ქვეყნებში გაზის მარაგი ახლა მნიშვნელოვნად დაბალია, ვინაიდან რუსეთმა ბოლო დროს მომარაგების მოცულობა შეზღუდა. თავად რუსეთში, ბუნებრივი აირის და ნავთობის ექსპორტი ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს ავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთიც თითქმის ისევეა დამოკიდებული საწვავის ექსპორტზე, როგორც ევროპა მის იმპორტზე.

31 იანვარს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ყატარის ამირს, თამიმ ბინ ჰამად ალთანის უმასპინძლებს. თეთრი სახლის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე, საუბრის ერთ-ერთი თემა გლობალური ენერგიის წყაროების სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება.

ორშაბათს, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ დასავლეთში სრული თანხმობაა რუსეთ-უკრაინის კრიზისთან მიმართებაში. „ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა, სრული ერთსულოვნება გვაქვს ყველა ევროპელ ლიდერთან“ - უთხრა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ევროპელ ლიდერებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დასრულებისთანავე, რომელიც რუსეთს და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაციას ეხებოდა.

თვეებია, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვი პასუხად მკაცრ ეკონომიკურ ზომებს მიიღებს. სამშაბათს ბაიდენმა კვლავ გაიმეორა: „პუტინს გარკვევით ვუთხარი, რომ უკრაინაში შესვლას შედეგები მოჰყვება“. კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრა მათი მიზანი არ არის, თუმცა რუსეთი დასავლეთისგან დაბეჯითებით ითხოვს უსაფრთხოების წერილობით გარანტიებს, რომელთა შორის, ნატოს აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოების შეზღუდვაც არის.

ორშაბათს, ვაშინგტონმა ამერიკის არმიის 8,500-იანი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპაში მათი გადაყვანა სწრაფად უზრუნველყოს. პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში დახმარების სახით, სამხედრო შეიარაღება გააგზავნა.

რუსეთმა დაძაბულობის კერის მახლობლად საბრძოლო წვრთნების მთელი სერია გამართა. კიევის ცნობით, ახლა მათ საზღვრებთან რუსეთის დაახლოებით 127 000 ჯარისკაცი და დამატებითი საბრძოლო ტექნიკაა განლაგებული. მსგავსი მობილიზაცია რუსეთს 2014 წელს ჰქონდა, რაც უკრაინაში შეჭრით და ყირიმის ანექსიით დასრულდა. დასავლეთმა მაშინ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

დასავლეთის პასუხი კრემლის მიმართ ერთიანი და უცვლელია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:27 0:00

XS
SM
MD
LG