ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი უფლებადამცველები პამფილოვას წასვლას აფასებენ


ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების საპრეზიდენტო საბჭოს წევრები ელა პამფილოვას გადაგომასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ რუსეთის ცნობილმა აუფლებადამცველმა ელა პამფილოვამ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების საპრეზიდენტო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა დატოვა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივნის ნატალია ტიმაკოვას ცნობით, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პამფილოვას გაწეული სამსახურისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადა.

ამერიკის ხმის რუსული რედაქციის ჟურნალისტმა ანა პლოტნიკოვამ მომხდართან დაკავშირებით ხსენებული საპრეზიდენტო საბჭოს წევრებს კომენტარი სთხოვა.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავჯდომარემ ლიუდმილა ალექსეევამ აღნიშნა:

„ბოლო მომენტამდე მე მეგონა, რომ მედვედევი მისი სამსახურიდან გადადგომის თხოვნას არ დააკმაყოფილებდა რადგან ელა პამფილოვა საბჭოს დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა და ამ პერიოდის მანძილზე პრეზიდენტის ინტერესებს გამუდმებით იცავდა. მის მოსაზრებებს კი რეალობად აქცევდა. ჩემი აზრით, ელა პამფილოვას გადადგომის განცხადებაზე ხელმოწერით პრეზიდენტმა საკუთარ პოზიციებს ავნო.“

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამოქალაქო კონტროლის“ თავჯდომარე ბორის პუსტინცევი კი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ელა პამფილოვა მზარდ ზეწოლას განიცდიდა მთავრობის მხრიდან, რის გამოც მისი თანამდებობიდან წასვლის ამბავი გასაკვირი როდი იყო.

ზეწოლის მიზეზი კრემლის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციების, მათ შორის მოძრაობა „ნაშის,“ მიერ ყოფილი საბჭოთა დისიდენტისა და ჟურნალისტის ალექსანდრე პოდრაბინეკის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია გახლდათ. ელა პამფილოვამ მოძრაობა „ნაშის“ მეთოდები დაგმო. შემდეგ საბჭომ მხარი არ დაუჭირა კანონმდებლობის პროექტს, რომელიც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყფლებების გაფართოებას ითვალისწინებდა, რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ხელისუფლების გულისწყრომა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ პამფილოვა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების საპრეზიდენტო საბჭოს თავჯდომარის თანამდებობაზე 2002 წელს დაინიშნა. გასული წლის თებერვალში პრეზიდენტმა მედვედევმა საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ახალ წევრებს შორის აღმოჩნდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანი მიხაილ ფედოტოვი.

რაც შეეხება საბჭოს მომავალ ფუნქციონირებას, ფედოტოვმა აღნიშნა, რომ ყველაფერი პრეზიდენტ მედვედევის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი თქმით:

„მას შეუძლია დანიშნოს ამ თანამდებობაზე ისეთი პირი, რომელიც ელა პამფილოვას საქმეს გააგრძელებს. მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოში ასეთი ხალხი უხვად არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი მეომარი, ჩვენი ლიდერი, დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი იდეალების დასაცავად.“

თვით პამფილოვამ განაცხადა, რომ მას სურს, რომ მისი წასვლის შემდეგ საბჭოს ეკონომიკური ანალიზის დამოუკიდებელი ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე აუზანი გაუძღვეს. ლიუდმილა ალექსეევა აღნიშნავს, რომ აუზანი აქტიურად მონაწილეობს საბჭოს მუშაობაში და მას დიდ პატივს სცემენ.

„თუ იგი გახდება ელა ალექსანდოვნას მემკვიდრე, მაშინ მეც დავრჩები საბჭოში,“ განაცხადა ალექსეევამ.

ზოგიერთი დამკვირებლი აღნიშნავს, რომ ელა პამფილოვას თანამდებობიდან წასვლა სულ მთლად ნებაყოფლობითი როდი იყო. მოძრაობა „ნაში,“ მაგალითად, აპირებდა მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის აღძვრას ცილისწამების ბრალდებით.

საბჭოს წევრი პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი აღნიშნავს, რომ ბოლო ხანებში პამფილოვა გრძნობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მას ვერ უგებდა.

„საერთოდ საბჭოს წევრები, ჩემი ჩათვლით, გრძნობენ, რომ ჩვენი საქმიანობა სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს კრემლს. უფრო მეტიც, მე მგონი ჩვენი საქმიანობა კრემლში უმნიშვნელო აპარატჩიკების გაღიზიანებას იწვევს,“ აღნიშნა ორეშკინმა.

მან არ გამორიცხა, რომ პამფილოვას შეიძლება საბჭოს სხვა წევრები მიჰყვნენ.

„სამოქალაქო საზოგაოდებისთვის ეს დიდი დანაკარგია,“ დასძინა დმიტრი ორეშკინმა.

XS
SM
MD
LG