ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში არჩევნები გრძელდება


რესპუბლიკელთა ყრილობას ხელი ქარიშხლის პროგნოზმა შეუშალა. ფლორიდის შტატისკენ მოძრავი ტროპიკული „ისააკი“ მექსიკის ყურეში ამ კვირის დასაწყისში მძვინვარებდა.

თუმცა, ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული პოლიტიკური ყრილობის დელეგატები სტიქიის მოახლოებას არ შეუშინდნენ. მითუმეტეს, რომ კვირის განმავლობაში ამინდის, და ამასთან, პოლიტიკური პროგნოზებიც გაუმჯობესდა.

ფლორიდის რესპუბლიკელი კონგრესმენი დენის როსი მხარდამჭერებს მიესალმა და ყრილობის მნიშვნელობა შეაჯამა. კვირის დასაწყისში ჩვენ ლამის გავაუქმეთ ყრილობა. მაგრამ გეგმები სტიქიის გადაადგილების მიხედვით შევცვალეთ და ბოლოს ყველაფერი კარგად დავამთავრეთ. ვფიქრობ, რომ კამპანია კიდევ უფრო ენერგიული და აქტიური გახდება ტამპაში, ყრილობის დასრულების შემდეგ. დაგვრჩა 68 დღე და ნოემბერში ახალი პრეზიდენტის არჩევას ვიზეიმებთ.

წარსული პოლიტიკური ყრილობებისგან განსხვავებით, როცა ყრილობაზე, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევდა, თანამედროვე ყრილობები - ინგლისურ ენაში კი, კონვენციების სახელით ცნობილი პოლიტიკური პარტიის თავყრილობები - საპრეზიდენტო ნომინაციის ნაციონალური აუდიტორიისთვის წარდგენას ითვალისწინებს და პარტიის ერთიანი კანდიდატის მთავარ საარჩევნო გზავნილებზე აკეთებს აქცენტს.

ასეთი რამ წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიტ რომნისთვის. ბატონი რომნი საზოგადოებაში ნაკლებად მეგობრულ, შორს მდგომ, უკარება პოლიტიკოსად აღიქმებოდა და ამ პროცესში უარყოფითი გავლენა მოწინააღმდეგე ბანაკის ნეგატიურმა საარჩევნო რეკლამებმაც მოახდინა. უარყოფითი გზავნილები, თავდაპირველად, მისივე პარტიის შიგნით, რესპუბლიკელი კანდიდატების, შემდეგ კი, მთავარი დემოკრატი კონკურენტის, ბარაკ ობამას გუნდიდან მოდიოდა.

ტამპაში, რეპსუბლიკელთა ყრილობის პარალელურად, ამომრჩეველთან გასაუბრებამ „ამერიკის ხმის” ჟურნალისტები დაარწმუნა იმაში, რომ რესპუბლიკელ დელეგატებს შორისაც კი ბევრია ისეთი, რომელიც უფრო მეტად ბარაკ ობამას დამარცხებას უჭერს მხარს, ვიდრე მიტ რომნის მომხრეა.

ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო პროგრამის კორესპონდენტი, მარკ შილდსი ამასთან დაკავშრებით ამბობს:

წელს, რესპუბლიკელთა გაერთიანებისა და მობილიზების მთავარი პრინციპია ბარაკ ობამას დასამარცხებლად მიმართული კამპანია. ეს კამპანია, ამასთან, არ ასახავს მიტ რომნისადმი განსაკუთრბეულ სიყვარულს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები კი დარწმუნებულნი არიან, რომ პარტიის ყრილობამ დამატებითი სტიმული შესძინა რესპუბლიკელთა საერთო აქტივობას და პარტია გააერთიანა მაშინაც კი, როცა რესპუბლიკელი დელეგატების ნაწილი მიტ რომნის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიით არ არის განმსჭვალული.

რესპუბლიკელი სენატორი არიზონას შტატიდან ჯონ კილი გვეუბნება:ჩვენ ვიცით, რომ ის რონალდ რეიგანი არ არის. მაგრამ რონალდ რეიგანის ტიპის პოლიტიკოსების მონახვა თანამედროვე საზოგადოედბაში მაინც არ იქნებოდა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, რომნიმ მოახერხა პარტიის გაერთიანება. ჩვენ ვგრძნობთ მის სიძლიერეს. რაც ყველაზე მთავარია, მას ამომრჩეველი დაინახავს როგორც ძალიან კარგ ადამიანს და კანდიდატს, რომელსაც შესწევს უნარი გამოასწოროს არსებული მდგომარეობა.

აღსანიშნავია, რომ მიტ რომნის საარჩევნო იმიჯმა განსაკუთრებული მოწონება შეიძინა, როცა მან ახალგაზრდა ვისკონსინელი კონგრესმენი, პოლ რაიანი, ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. კონსერვატიული მიმართულების რადიო ჟურნალისტი, როგერ ჰედკოკი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

რომნის კარგად არ ჰქონდა ჩამოყალიბებული საკუთარი მიდგომა რამდენიმე საკითხში. ახლა მისი პლატფორმა იდეალურია ყველაზე მკვეთრი კონსერვატიული გადასახედიდან. პოლ რაიანის არჩევა ძალიან კარგი გადაწყვეილება იყო. რესპუბლიკელების საარჩევნო მარათონში სწორედ ამ ახალგაზრდა კაცის გაწევრიანებამ კონსერვატორების სიმპატია კიდევ უფრო გააძლიერა.

თუმცა, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მიტ რომნიმ განსხვავებული გზა უნდა მონახოს, რათა ყველა თაობისა და სქესის ადამიანის მოწონება დაიმსახუროს, რაც მას საბოლოოდ თეთრი სახლისთვის ბრძოლაში გამარჯვებას მოუტანს. ამასთან, რესპუბლიკელი მიმომხილველები არ გამორიცხავენ თავდასხმების ახალ სერიას დემოკრატიული პარტიის მხრიდან.

პრეზიდენტის პარტიას საკუთარი პარტიული ყრილობა მომავალ კვირას, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში აქვს დაგეგმილი. ყრილობაზე, მეორე ვადით, დემოკრატები ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენს წარადგენენ.
XS
SM
MD
LG