ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვა გზაგასაყარზე


მოლდოველი ამომრჩეველი, კვირას, 11 ივლისს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გადაწყვეტს, ქვეყანა პროდასავლურ რეფორმებს აირჩევს, თუ პოლიტიკური კრიზისი რუსეთის აჩრდილის თანხლებით გაგრძელდება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისების მთელ სერიას ჰქონდა ადგილი. ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რეფორმების ნაკლებობა, კორუფცია და ეკონომიკური სიდუხჭირე.

კვირის არჩევნებში ამომრჩეველი იტყვის, თუ რომელი მიმართულებით წავიდეს ქვეყანა, დასავლეთისკენ თუ კვლავ რუსეთის ორბიტაზე დარჩეს.

მაია სანდუ
მაია სანდუ

„ეს არჩევნები მოლდოვის მომავალი განვითარებისვის კრიტიკულია“, - ამბობს იულიან გროზა, კიშინიოვში დაფუძნებული ევროპული პოლიტიკის და რეფორმების ინსტიტუტიდან, „ასოშეთიდ პრესთან“ საუბარში. „ეს არის დაპირისპირება მმართველ კლეპტოკრატებსა და ახალ, რეფორმის მომხრე ელიტას შორის, რომელიც მზადაა სისტემა გაწმინდოს კორუფციული პრაქტიკისგან“, - ამბობს ის.

კვირას სამი მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველი არჩევანს, 20 პარტიას შორის გააკეთებს. თუმცა მხოლოდ ოთხი მათგანისგან მოელიან, რომ ისინი ბარიერს გადალახავენ და მოხვდებიან 101-მანდატიან პარლამენტში. მთავარი დაპირისპირება, რეფორმების მომხრე „მოქმედების და სოლიდარობის პარტიასა“ (PAS) და მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილ ბლოკს შორის შედგება, რომელშიც კომუნისტები და სოციალისტები შედიან და მის სათავეში ორი ყოფილი პრეზიდენტია.

მოლდოვის ახლანდელმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც რეფორმისტთა ბლოკს ხელმძღვანელობდა, ამომრჩეველს განუცხადა, რომ „ეს [მოლდოვის] შანსია პოლიტიკური კლასის გასაწმენდად“.

„თქვენ წყვეტთ, ვინ იქნება მომავალი პარლამენტის და მთავრობის ნაწილი“, - განაცხადა 49 წლის მსოფლიო ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა ონლაინ. „თქვენ წყვეტთ, თუ რამდენად სწრაფად ვიხსნით ქვეყანას კორუფციისგან და სიღარიბისგან“, - წერს სანდუ.

მოლდოვის გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც 2019 წელს გაიმართა, ქვეყნის სათავეში ნაკლებად სავარაუდო კოალიცია შეიკრა, რასაც პარლამენტში სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებლობა სდევდა თან. სანდუმ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ორჯერ ისეთი პრემიერის წარდგენით გადაწყვიტა, რომელსაც პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნებოდა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ვერ შეთანხმება, პრეზიდენტს პარლამენტის დაშლის საშუალებას აძლევს.

იგორ დოდონმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსეთთან ახლო კავშირებით, რომელიც სანდუმ გასულ წლის არჩევნებში დაამარცხა, განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებაში სანდუს პარტია მოვა, ეს მოლდოვაში არასტაბილურობას გამოიწვევს.

იგორ დოდონი
იგორ დოდონი

„მხოლოდ ჩვენს გუნდს შეუძლია ქვეყანაში ქაოსის დასრულება, ადამიანთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ეკონომიკის აღდგენა და სახელმწიფოს განმტკიცება“, - განაცხადა დოდონმა, რომლის პარტიაც მხარს უჭერს სოციალური დანახარჯების ზრდას და მისი თქმით „ტრადიციულ ღირებულებებს“.

უკანასკნელი გამოკითხვებით, წინასაარჩევნოდ, სანდუს მხარდაჭერილი PAS ლიდერობს. თუმცა, შედეგებზე დიდ გავლენას, მოლდოვის 200,000-იანი დიასპორის ხმა მოახდენს.

რადუ მაგდინი, მიმომხილველი „სმარტლინკ კომუნიკაციებიდან“ ამბობს, რომ უფრო მაღალი აქტივობა ინდიკატორი იქნება იმისა, რომ რეფორმის მომხრე პარტია ლიდერობს.

„მთავარი კითხვა, რამაც ყველაფერი შეიძლება შეცვალოს, მობილიზაციაა“, - თქვა მან.

ევროკავშირმა კიშინიოვისთვის, პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად 600 მილიონი ევროს დახმარება გაიღო. თუმცა, ბრიუსელი მოლდოვას უცხადებს, რომ ფინანსური მხარდაჭერა სასამართლო და ანტიკორუფციულ რეფორმებს უკავშირდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, მოლდოვა 180 ქვეყანას შორის, 115-ე ადგილზეა. წლებია კიშინიოვი ცდილობს თავი დააღწიოს კორუფციას, პოლიტიკური ჩიხსა და არასტაბილურობას. დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ მომავალი არჩევნები ამ მხრივ შეიძლება გარღვევა იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG