ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას და რომნის უკონტრასტო პოზიცია


საპრეზიდენტო კანდიდატებს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით თითქმის ერთნაირი პოზიცია აქვთ

პრეზიდენტი ობამა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, მიტ რომნი საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში მკვეთრად დაპირისპირებულ პოზიციებზე დგანან. თუმცა, საგარეო საკითხებთან დაკავშირებით მათი შეხედულებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან მიმართებაში ხდება.

ორივე კანდიდატი უჭერს მხარს არაბულ გაზაფხულს, ანუ - გასული წლის პოპულარულ რევოლუციებს რეგიონში, რომელმაც ტუნისში, ლიბიაში და ეგვიპტეში სახელისუფლებო ცვლილებები გამოიწვია.

ტრანსფორმაციებით მსოფლიო მოხიბლული დარჩა. ცვლილებების მამოძრავებელ ძალებს შეერთებულმა შტატებმაც დაუჭირა მხარი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნიც იმავე აზრისაა. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არაბული დემოკრატიის მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან ძველებურად გაგრძელდება:

დიპლომატიური და დახმარების პროგრამების ორგანიზებას დავიწყებ, რათა ისინი ოფიციალურად გაერთიანდეს. ეს საერთო პასუხისმგებლობის და ავტორიტეტის ქვეშ უნდა მოხდეს, რათა არაბული გაზაფხულის ფერები ზამთრის პირზე არ გახუნდეს და მან მნიშვნელობა არ დაკარგოს.“

2012 წლის 11 სექტემბერს ლიბიაში შეერთებული შტატების საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ამერიკის ელჩ, კრისტოფერ სტივენსთან ერთად საკონსულოს სამი თანამშრომელი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით მიტ რომნიმ პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. რესპუბლიკელი კანდიდატის თქმით, ამერიკის ლიდერის განცხადებას ბენღაზიში მომხდარი შეტევის შესახებ პირდაპირობა აკლდა.

რამდენიმე დღე დასჭირდათ იმისთვის, რომ საბოლოოდ გაგვეგო, თუ რასთან გვქონდა საქმე: სპონტანურ შეტევასთან, თუ ტერორისტულ აქტთან,“ - აღნიშნა მეორე საპრეზიდენტო დებატებზე მიტ რომნიმ.

პრეზიდენტი ობამა ამასთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შეფასება ტერორისტული აქტის შესახებ არა რამდენიმე დღეში, არამედ მეორე დღესვე გაკეთდა:

თავდასხმის მეორე დღეს, ბატონო გუბერნატორო, მე ამერიკელ ხალხს ვარდების ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე ვუთხარი, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო და რომ ჩვენ აუცილებლად გავიგებთ, თუ რა მოხდა ბენღაზიში.“

რაც შეეხება სირიის თემას, ორივე კანდიდატი აცხადებს, რომ ისინი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან დაპირისპირებულ ძალებს დაუჭერენ. დემოკრატი ობამა და რესპუბლიკელი რომნი თვლიან, რომ შეერთებული შტატების არმია კონფლიქტში უშუალოდ არ უნდა ჩაერთოს. თუმცა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამერიკა ოპოზიციას შეიარაღებით ჯერ არ უნდა დაეხმაროს, სანამ დარწმუნებული არ იქნება იმაში, თუ ვის ჩაუვარდება ის ხელში:

„ასე მხოლოდ მაშინ მოვიქცევით, თუკი ზუსტად გვეცოდინება, ვის ვეხმარებით. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ იარაღს ხელში ისეთ ჯგუფებს არ ჩავუგდებთ, რომლებიც მათ ისევ ჩვენს და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ.“

ისრაელის მხარდაჭერაში პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს გამოკვეთილად ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს. ეს განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე ითქმის. ფინალურ დებატებზე, რომელიც საგარეო საკითხებს მიეძღვნა, დემოკრატმა პრეზიდენტმა ობამამ და რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ ირანის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით არაორაზროვნად განაცხადეს, რომ ისრაელი შეერთებული შტატების უცვლელი მოკავშირეა.

„ისრაელი ნამდვილი მეგობარია. ის რეგიონში ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირეა. თუკი ისრაელს შეუტევენ, ამერიკა მას გვერდში დაუდგება. ეს ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში რამოდენიმეჯერ გარკვევით გაჟღერდა,“ - განაცხადა შეერთებული შტატების პირველმა პირმა.

მიტ რომნიმაც ძალზე კატეგორიული განცხადება გააკეთა:

„თუკი ამერიკის პრეზიდენტი გავხდები, სანამ შეერთებული შტატების ლიდერი ვიქნები, ისრაელს გვერდში ვიდგებით. თუკი მას თავზე დაესხმიან, ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეთ, არამარტო ამერიკული დიპლომატიის, არა მარტო კულტურული მხარდაჭერის, არამედ სამხედრო ძალისაც.“

მაგრამ, ისრაელთან დაკავშირებით იყო ერთი საგარეო საკითხი, რომელსაც არცერთი კანდიდატი არ შეხებია. ეს არის პალესტინას და ისრაელს შორის არსებული დაპირისპირება და ამერიკის როლი გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

ბრუკინგსის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსს, ხალედ ელგინდის მიაჩნია, რომ მათ დებატებზე ბოლომდე არც ერაყის თემა ამოუწურავთ. კანდიდატებმა ერაყიდან მხოლოდ ჯარების გამოყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე ისაუბრეს. ანალიტიკოსის აზრით, იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს, ამერიკის პრეზიდენტი ერაყში არსებული ეთნიკური და სექტარული დაპირისპირებების გამო არაბული გაზაფხულის საბოლოო შედეგებს ვერ გააკონტროლებს.

შეერთებულ შტატებს შედეგის განსაზღვრა არ შეუძლია. ვერც არჩევნებს, ვერც საპროტესტო აქციებს და ვერც პოლიტიკურ პროცესებს ის ვერ გააკონტროლებს. ვერ შევძლებთ ადგილზე იმის არჩევას, თუ ვინ უნდა იყოს მოგებული და ვინ - წაგებული,“ - აღნიშნავს ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

ელგინდის თქმით, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი აზრი დომინირებს. პოლიტიკურ დაპირისპირებებს და შეუსაბამო პოზიციებს შორის საერთოს მონახვა რთული პრობლემაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის, რათა საბოლოო ჯამში ერთიანი, ჩართულობითი და წარმომადგენლობითი მთავრობები ჩამოყალიბდეს - აღნიშნავს ის.
XS
SM
MD
LG