ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელები სკეპტიკურად არიან განწყობილი


ქაიროში უნდობლობით ეკიდებიან ამერიკის ადმინისტრაციის მცდელობას დაპირისპირებული მხარეების მორიგების თაობაზე

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:44 0:00
ბმული

შეერთებული შტატები ეგვიპტეში ძალადობის შეჩერებას ცდილობს. ქაიროში მედიატორის როლში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, უილიამ ბერნსი და სენატის ორი გავლენიანი კანონმდებელი, ლინდსი გრემი და ჯონ მაკეინი ჩავიდნენ. ისინი დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდნენ და მაქსიმალურად შეეცადნენ ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მხარდამჭერები და გარდამავალი მთავრობა დაერწმუნებინათ იმაში, რომ აუცილებელია ისეთი ხელისუფლების ჩამოყალიბება, რომელშიც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები გახდება.

უილიამ ბერნსი შეხვდა როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელებს, ასევე პატიმრობაში მყოფ ოპოზიციური პარტიის „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერ - ხაირატ ელ-შატერს. „ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, ამ უკანასკნელთან შეხვედრა იმ ციხეში მოხდა, სადაც დაპატიმრებული ისლამისტები არიან მოთავსებული. ეგვიპტის მთავრობის წევრებთან მოლაპარაკება მოგვიანებით სენატორებმა გრემმა და მაკეინმაც გამართეს.

პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპირისპირებულ ეგვიპტელებს შორის ღრმა უფსკრულია. ისლამისტები უარყოფენ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, არმია კი ისლამისტებისგან მტრის ხატს ქმნის. თუმცა ორივე მხარეს ერთი რამ ერთიანებს: უკმაყოფილება და ბრაზი შეერთებული შტატების უმოქმედობის გამო.

არმიის მეთაურმა, აბდელ ფატა ელ-სისიმ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტეს ზურგი აქცია და ეგვიპტელები ამას „არასოდეს დაივიწყებენ“. გენერალი იმ გავრცელებულ მოსაზრებას იმეორებს, რომ ამერიკამ დააგვიანა ისლამისტი პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის ხელისუფლებისგან ჩამოცილებაში სამხედროების და ხალხის მხარდაჭერა, რადგან თავის დროზე მუსლიმთა საძმოს ემხრობოდა.

ამერიკის როლს განსხვავებულად ხედავს მოპირისპირე მხარე. მუსლიმთა საძმო კანონიერად არჩეული პრეზიდენტის გადაყენების წინააღმდეგია და ვაშინგტონის პოზიციით ისიც იმედგაცრუებულია. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ეგვიპტეში დემოკრატია შენდება. ქვეყნის მართვისთვის სამოქალაქო ხელისუფლებაა წარმოდგენილი. ისინი დემოკრატიის აღდგენას ცდილობენ“ - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ეგვიპტის მედიაში გამუდმებით მუსირებს გავლენიანი სასულიერო პირის, საფვატ ჰეგაზის განცხადება. მისი თქმით, სწორედ ჯონ კერიმ და ამერიკამ მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება. მათგან სხვას რას უნდა ველოდოთ?“ - კითხულობს ჰეგაზი.

ორივე მხარე საპირისპირო პოზიციების მხარდაჭერაში ვაშინგტონს ადანაშაულებს. და მსგავსი პროცესები მხოლოდ ბოლო თვეების მანძილზე არ დაწყებულა. ეგვიპტეში ანტიამერიკული განწყობები დიდი ხანია იზრდება, რასაც ძალზე შეუწყო ხელი 2011 წლის მოვლენებმა, როდესაც ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობაში, შეერთებულმა შტატებმა არცერთი მხარე აირჩია და გარკვევით არავის დაუჭირა მხარი.

მას შემდეგ ყველა მმართველი პირდაპირ თუ არაპირდაპირ უცხოეთის გავლენაზე „უცხო ქვეყნის ხელზე“ მიუთითებს და აფრთხილებს ეგვიპტელებს, მათი თამაში არ ითამაშონ. 2013 წლის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ეგვიპტელთა უმრავლესობა შეერთებული შტატების მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი.

ეგვიპტელი ანალიტიკოსები ამ პროცესებს ნაწილობრივ იმით ხსნიან, რომ თავად ეგვპიტეს არ აქვს საკმარისი გაგება და გამჭვირვალობა საგარეო პოლიტიკის მართვასთან დაკავშირებით. პოლიტოლოგი ჰიშამ კასიმი ამბობს, რომ ამ საკითხებზე ღიად საუბარი ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო.

„მუბარაქის დროს ამ თემას ტაბუ ჰქონდა დადებული. ამ თემაზე საუბრის უფლებას არავინ გაძლევდა. ეს ითვლებოდა იმ ტიპის დიალოგად, რომელიც მხოლოდ დახურულ კარს მიღმა უნდა გამართულიყო. ასე რომ ბუნებრივია, ამ ყველაფერმა კონსპირაციის თეორიების განვითარებას შეუწყო ხელი“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

შესაბამისად, ეგვიპტეში ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ ამერიკა მათი ქვეყნისთვის აქამდე ყველაზე გულუხვი მეგობარი ქვეყანა იყო. შეერთებული შტატები ეგვიპტეს ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევდა. ათეულობით წლის მანძილზე ეგვიპტეში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია კეთდებოდა. ივლისის დასაწყისში კი სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ექსპრეზიდენტ მორსის გადაყენების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსული ძალების მხარდაჭერა გადაწყვიტეს და ქვეყანას 12-მილიარდიანი დახმარება აღუთქვეს.

რაც შეეხება ამჟამად არსებულ ანტი-ამერიკულ განწყობებს, ანალიტიკოსი ჰიშამ კასიმი ამბობს, რომ მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გამოსწორებადია, ოღონდ ამას დრო დასჭირდება, „რამდენიმე წელი მაინც. დღეისათვის კი - გამორიცხულია“.
XS
SM
MD
LG