ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკიდურესად პოლარიზებული ქაირო


ეგვიპტეში არმიის მეთაურების მიერ სიმშვიდის შენარჩუნების არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონტრაქციები გრძელდება

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:05:51 0:00
ბმული

კვირას, შუადღის სიცხით გათანგული ქაიროს თაჰრირის მოედანი თითქმის ცარიელი იყო. რამდენიმე წლის წინ სწორედ იქ დაიწყო ეგვიპტელებისთვის საამაყო რევოლუცია, რომელმაც ჰოსნი მუბარაქის 30-წლიან დიქტატურას ბოლო მოუღო.

პარასკევს საღამოს ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანს მშვიდს ვერ უწოდებდით. თაჰრირის მოედანი სავსე იყო არმიის მეთაურების მხარდამჭერი დემონსტრანტებით, რომლებიც პლასტმასის პატარა საყვირებს ახმაურებდნენ. აქა-იქ ფეიერვერკებსაც მოკრავდით თვალს. მოედანზე თავმოყრილი ეგვიპტელების ირგვლივ რამდენიმე სახელდახელო საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყო მოწყობილი, რომლებიც ქვიშის ტომრებით, საბურავებით და მავთულხლართებით ჰქონდათ შემოღობილი.

ალი ელ-გაზარი ხის ნაკეთობების დამზადებითაა დაკავებული. მას თაჰრირის მოედანზე პატარა კარავი აქვს გაშლილი. ამბობს, რომ არმიის გენერალ აბდელ ფატა ელ-სისის დიდი მხარდამჭერია, რომელმაც 3 ივლისს პრეზიდენტ მოჰამედ მორსის ძალაუფლება ჩამოართვა. ყოველთვის ემხრობოდა და დღესაც მხარს უჭერს ეგვიპტელების უფლებას, ჰყავდეთ სამართლიანი მთავრობა. ხეზე კვეთა კი რევოლუციის შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ აგრძელებს. მის გვერდით კარავი მუჰამედ ჰუსეინს აქვს გაშლილი. ის ექსპრეზიდენტ მორსის ქვეყნის ეკონომიკის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის და სასამართლო სისტემის მოშლაში ადანაშაულებს.

მუჰამედი აქციის შესახებ ამბობს, რომ ბანაკი მშვიდობიანი მიზნით გაშალეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მათ აქციაზე მორსის მხარდამჭერები იერიშს მიიტანენ, მზად იქნებიან. მუჰამედის თქმით, ოპოზიციაში გადასული დაჯგუფება -„მუსლიმთა საძმო“- საკმაოდ კარგად არის შეიარაღებული და შეტევისთვის ემზადება. მოწინააღმდეგეთა ბანაკში შეკრებილი მორსის მხარდამჭერები ან კრიმინალები არიან, ან დაქირავებული მებრძოლები - ასე წარმოუდგენია მუჰამედ ჰუსეინს.

მეორე ბანაკი კი ქაიროში რაბა ალ-ადავიას მეჩეთთან მდებარეობს. იქ ექსპრეზიდენტ მორსის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. უმეტესობას სძინავს. რამდენიმე ყურანს კითხულობს. ოპოზიციური განწყობის მქონე ეგვიპტელებს შუადღის სიცხეც არ აშინებთ. ბანაკის ერთ კუთხეში დემონსტრანტები საათობით ცეკვავენ და ხმაურიანი შეძახილებით მეჩეთის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ.

ამირა ალი ალექსანდრიის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც ბანაკიდან დაახლოებით 2 საათნახევრის გზაზე ცხოვრობს. ის ქაიროში საპროტესტო აქციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომლის მიზანიც, ამირას აზრით, ეგვიპტეში დემოკრატიის აღდგენაა. ისიც მოწინააღმდეგეთა ბანაკში შეკრებილებს „უვარგის ადამიანებს“ უწოდებს, რომელთაც აქციაში მონაწილეობისთვის ან ფულს უხდიან, ან გასამრჯელოდ ნარკოტიკს აძლევენ.

მე აქ ჩვენი თავისუფლების და დემოკრატიისთვის საბრძოლველად ჩამოვედი. არ მინდა ცხოველივით ვიცხოვრო და მზად ვარ სიცოცხლეც კი დავთმო ამისთვის“ - ამბობს სტუდენტი გოგონა.

ამირას თქმით, მორსის მხარდამჭერები შეუიარაღებლები არიან, მაგრამ ჯოხებით და ქვებითაც დაიცავენ თავს, თუკი მათ ბანაკზე ვინმემ იერიში მიიტანა. შაბათ დილით ბანაკის მისადგომებთან მართლაც მოხდა შეტაკება, რომლის დროს ათეულობით, 80-ზე მეტი ეგვიპტელი დაიღუპა. კვირის ბოლოს მომხდარი ძალადობა მორსის მხარდამჭერთა რიგებს კიდევ უფრო გაზრდის - ამბობს „მუსლიმთა საძმოს“ წევრი აბდულაჰმედ ელავა.

მისი აზრით, „ეგვიპტური საზოგადოება კეთილი ადამიანებისგან შედგება. მათ შესწევთ უნარი გაარჩიონ, თუ ვინ არის გულწრფელი და ვინ - არა“. თუმცა, გულწრფელად მხოლოდ საკუთარი თანამებრძოლები მიაჩნია, ისინი ვინც, აბდულაჰმედის თქმით, სისხლს ღვრის სამშობლოს ინტერესებისთვის.

არმიის მეთაურები ოპოზიციას სთხოვენ თავი სამხედრო დაწესებულებებისგან, განსაკუთრებით კი -დაზვერვის უწყების შენობისგან- შორს დაიჭირონ. მათი სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ნაგებობებს მიუახლოვდება, თავს საფრთხეში ჩაიგდებს - აცხადებს ეგვიპტის არმიის ხელმძღვანელობა. მსგავსი შინაარსის გამაფრთხილებელი პროკლამაციები ორშაბათს დილით სამხედრო ვერტმფრენებით მორსის მხარდამჭერების ბანაკის თავზე გადმოყარეს კიდეც.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, ექსპრეზიდენტ მოჰამედ მორსის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, ქვეყანაში სულ ცოტა 200 ადამიანია დაღუპული. ორივე ბანაკის მკვიდრი ეგვიპტელები აცხადებენ, რომ ძალადობის შემდგომი ესკალაციის და მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თავი დაიცვან. უკიდურესად პოლარიზებული მხარეების შერიგება და შემდგომი სისხლისღვრის თავიდან აცილება ეგვიპტეში თანდათან უფრო რთული ამოცანა ხდება.

კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ქაიროში ბოლო ერთი თვის მანძილზე უკვე მეორედ ჩავიდა. მან მოლაპარაკებები ეგვიპტის გარდამავალი ხელისუფლების ლიდერებთან და „მუსლიმთა საძმოს“ მეთაურებთან გამართა. გამგზავრებამდე გაკეთებულ განცხადებაში კეტრინ ეშტონმა აღნიშნა, რომ გარდამავალ პერიოდში მხარს დაუჭერს წარმომადგენლობით მთავრობას, რომელშიც ყველა პოლიტიკური დაჯგუფება, მათ შორის „მუსლიმთა საძმოც“ უნდა მონაწილეობდეს. „პროცესმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიტანოს კონსტიტუციური წყობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და სამოქალაქო ხელისუფლება... ევროკავშირი მტკიცედ დაუჭერს მხარს ეგვიპტელი ხალხის მისწრაფებას სტაბილური, აყვავებული და დემოკრატიული ეგვიპტისაკენ“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG