ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი გენერალი ეგვიპტის მოვლენებს აფასებს


ბრენტ სკოუკროფტი პრეზიდენტების: ჯერალდ ფორდის და ჯოჯრ ბუში უფროსის ეროვნული უშიშროების მდივანი იყო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:00 0:00
ბმული

ბრენტ სკოუკროფტის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის აღსადგენად, სტრატეგიის შემუშავებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

სკოუკროფტი: „აუცილებელია ეგვიპტის პოლიტიკური სისტემის დასასრულებლად ერთიანი სტრუქტურის შექმნა, რაც კონსტიტუციას, არჩევნებს, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით მთავრობის დაკომპლექტებას გულისხმობს. ჩვენ ამ პროცესების შემუშავების ადრეულ ეტაპზე ვართ და აუცილებელია ამ პროცესების ისეთ კალაპოტში წარმართვა, რომელიც ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება და არა სერიოზული ზიანისა თუ გამოწვევების მომტანი.“

3 ივლისს ეგვიპტის სამხედროებმა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მუსლიმთა საძმოს მაღალი რანგის წევრი მოჰამედ მორსი დაამხეს. მორსი ძალაუფლებაში ერთწლიანი ყოფნის და მის წინააღმდეგ მილიონობით ადამიანის საპროტესტო მსვლელობების შემდეგ გააძევეს.
სკოუკროფტი, რომელიც ამერიკის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტია, ასევე საუბრობს იმაზე-იყო თუ არა სამხედროების მოქმედება სამხედრო გადატრიალება.

სკოუკროფტი: „ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არ ყოფილა გადატრიალება. ეგვიპტეს ახლა რთული პერიოდი უდგას და როგორც ვიცით ეგვიპტური საზოგადოების ერთერთი საფუძველი სწორედ სამხედრო ისტებლიშმენტია. მას, ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, სურს ქვეყანა სწორ გზაზე იდგეს, მაგრამ მას არც ქვეყნის მართვა უნდა. ამიტომ მგონია, რომ ეგვიპტეში სურათი სრულიად იცვლება თუ ამ აზრს მივყვებით.“

ამ ფონზე, არაერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ იმის ზუსტი განსაზღვრა თუ რა მოხდა ეგვიპტეში მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკული კანონმდებლობის თანახმად უცხო ქვეყანას ამერიკის ფინანსური დახმარება უწყდება სამხედრო ძალით დემოკრატიულად არჩეული ლიდერის დამხობის შემდეგ. თუმცა ამ დრომდე ობამას ადმინისტრაცია ყოყმანობდა ეგვიპტის მოვლენების სამხედრო გადატრიალებად შეფასებას.

ყოველწლიურად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ეგვიპტეს დახმარების სახით მილიარდ სამ მილიონ დოლარს უგზავნის.
სკოუკროფტი, რომელიც ასევე პეზიდენტ ჯერალდ ფორდისა და ჯორჯ ბუში უფროსის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ფიქრობს, რომ ამერიკის დახმარებას ეგვიპტისადმი კონკრეტული მიზანი აქვს.

სკოუკროფტი: „მილიარდზე მეტი დახმარება არის კონკრეტული პროცენტი იმ თანხისა რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ისრაელს ვაძლევთ. ეგვიპტისადმი გაწეულ დახმარებას 1979 წლის ეგვიპტე-ისრაელის სამშვიდობო კავშირი უნდა გაემყარებინა. გაწეული ფულადი დახმარება მართლაც დახმარებად უნდა აღვიქვათ, რომელიც 1979 წლის საზავო ხელშეკრულებას უკავშირდება. ეგვიპტისადმი ყოველწიურად გაგზავნილ დახმარებას სწორედ ამგვარი დასაწყისი ჰქონდა და ეს პროგრამა მას შემდეგ გრძელდება. ეს არ უნდა აღვიქვათ, როგორც მხოლოდ სამხედრო დახმარება, არამედ ეს არის სამხედრო დახმარება სამშვიდობო ხელშეკრულების გამყარების მიზნით.“

ამ კონტექსტში, არაერთი ამერიკელი კანომდებელი ეგვიპტისადმი ამერიკის დახმარების შეწყვეტას ითხოვს. თუმცა სკოუკროფტი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ნაადრევია.

ექსპერტთა აზრით, ეგვიპტეში რთული ეკონომიკური სიტუაციაა შექმნილი. ქვეყანა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ნაკლებობას განიცდის. შიდა პრობლემები კი ინფლაციასა და უმუშევრობას ზრდის. სკოუკროფტის თქმით, ეგვიპტის ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას.

ამერიკელ გენერალს მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი დღევანდელ ეტაპზე ყოველდღურად ესაუბრება ეგვიპტის უმაღლეს სამხედრო ლიდერს და რომ ეს ფაქტი მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს.

ამერიკის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დასძენს, რომ სტაბილური ეგვიპტის აშენება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამკვიდრების მიზნით. წარმატებული ეგვიპტის გარეშე რეგიონში სერიოზული პრობლემები შეიქმნება.
XS
SM
MD
LG