ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში სეკულარულმა, ქრისტიანულმა და მუსლიმურმა პოლიტიკურმა ძალებმა მუსლიმური საძმოს მიერ ხარიათ ელ შათერის პრეზიდენტის პოსტზე ნომინაცია დაგმეს.

მუსლიმური საძმო ეგვიპტეს პარლამენტის ორივე პალატაში უკვე უმრავლესობას ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მოძრაობამ პირობა დადო, რომ მხოლოდ უმცირესობის მოპოვებისთვის იბძოლებდა. საძმოს მიერ აღმასრულებელი ძალაუფლების მოპოვების სურვილი როგორც ეგვიპტეში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში იმის შიშს ჰბადებს, რომ ერთ დროს ჰოსნი მუბარაქის ავტორიტარული რეჟიმი მსგავსი მმართველობით შეიცვლება.

ქაიროში ამერიკის უნივერსიტეტის პოლიტიკური სოციოლოგი საიდ სადეკი აცხადებს, რომ გასაკვირი არ არის საძმოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის გამოხატვა და არჩევნებამდე დადებული პირობის დარღვევა:

„მუსლიმური საძმო ჩვეულებრივი ტოტალიტარული და იდეოლოგიური მოძრაობაა. მათ კონკრეტული მიზნები აქვთ, რომელთა შესასრულებლადაც საკუთარ იდეოლოგიას იყენებენ და სპეციფიური ტაქტიკაც აქვთ შემუშავებული. მიზნის მისაღწევად ტაქტიკის შეცვლა მათთვის ძალიან ადვილია.“

ამასთან ერთად მუსლიმთა საძმომ ის პირობაც დაარღვია, რომ ახალი კონსტიტუციის დაწერის ინიციატივით გამოვიდოდა. საძმომ პარლამენტში კომიტეტის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც ახალი კონსტიტუციის შემუშავება დაევალებოდა. ქრისტიანულმა და ლიბერალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათთან ერთად აკადემიურმა წრეებმა კომიტეტი დატოვეს მას შემდეგ, რაც მათ უმნიშვნელო უფლებები მიეცათ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება, ფაქტობრივად, ჩამოერთვათ.

ალ აჰრამის სტრატეგიული კვლევების ცენტრის მკვლევარი იუსრი ელ აზბავი ამბობს, რომ ისლამისტები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა კონსიტიტუციის საკუთარი ვერსია გაიტანონ. მისი თქმით, თუ ისლამისტებმა რეფერენდუმის შეფუთვა ისე მოახერხეს, როგორც გასულ წელს და ის პირდაპირ ისლამურ რელიგიას დაუკავშირეს, მუსლიმური ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მათ მხარს დაუჭერს.

სადეკი ამბობს, რომ მუსლიმური საძმოს კანდიდატი შათერი არჩევნებში მხოლოდ გამარჯვებისთვის არ იბრძოლებს:

„ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ შათერი ყველას ადვილად დაამარცხებს, ალბათ, ცდებიან. ერთი, რასაც ის ნამდვილად მოახერხებს ის არის, რომ სხვა ისლამისტ კანდიდატებს ხმებს წაართმევს და მათ რიგებს დაასუსტებს.“

სადეკი ამბობს, რომ მუსლიმთა საძმო ჯერ ისევ ცდილობს იმ დარტყმის დაბალანსებას, რომელიც მოძრაობას შედარებით ლიბერალური წევრების წასვლით მიადგა. გარდა ამისა, მატულობს დაპირისპირება ჯგუფის ახალგაზრდა წევრებსა და სალაფისტ წარმომადგენლებს შორის.

საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი წარმომადგენლის ყოლა მუსლიმთა საძმოს პოლიტიკურ პროცესებზე გარკვეული გავლენის მოპოვების საშუალებას აძლევს. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა მაშინ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე 400-ზე მეტი კანდიდატია დღემდე დარეგისტირებული.

ისლამისტები რომც გაერთიანდნენ, ქვეყანაში მაინც რჩებიან სხვა გავლენიანი პოლიტიკოსები და ძალები. მაგალითად, ეგვიპტეს დროებითი მთავრობის სამხედრო ლიდერები.

შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭო აქტიურად ცდილობს ახალ კონსტიტუციაში სამხედრო ლიდეტების სტატუსი შეინარჩუნოს. ამ მიზნით, ისინი მუსლიმთა საძმოსთან თანამშრომლობაზე თანახმა არიან, რისი მაგალითიც ის არის, რომ საბჭომ შათერს წარსულში პატიმრობის მიუხედავად, არჩევნებში მონწილეობის უფლება მისცა.

თუმცა, თავად შათერი პარადოქსს წარმოადგენს. წინა მმართველობის დროს ის სასჯელს იხდიდა და მიუხედავად ამისა, ციხიდან ბიზნესის წარმოებით, მან დიდძალი ქონების მოგროვება მაინც შეძლო.

სადეკის აზრით, ეგვიპტელი ამომრჩეველი უკანასკნელი წლის განმავლობაში შეიცვალა და დაიხვეწა. მოსახლეობა უკეთესად აცნობიერებს პოლიტიკოსების მიზნებს და შესაძლებლობებს:

„ადრე ხალხი ხშირად იყენებდა გამონათქვამს „ისლამი გამოსავალია.“ თითოეულ ეგვიპტელს უნდა ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა. მაგრამ მათ ასევე სურთ თავიდან მოიშორონ კორუმპირებული პოლიტიკოსები და ისინი აირჩიონ, ვინც, ეგრეთ წოდებული, „ღმერთის კაცები“ ჰგონიათ. თუმცა, უკანასკნელ თვეებში მოსახლეობა იმედგაცრუებას გამოხატავს.“

მედია საშუალებები სინათლის მოფენას ცდილობენ კორუმპირებულ ისლამისტ პოლიტიკოსებზე. ერთ-ერთი სკანდალის შემდეგ პარლამენტის ერთი სალაფისტი წევრი თანამდებობიდან გადადგა იმის, გამო, რომ მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ ამ მოსახლეობისთვის ამ ფაქტის დამალვა სცადა.

დროთა განმავლობაში, მოსახლეობა ეგვიპტეს ისლამისტ პოლიტიკოსებსაც „ჩვეულებრივ პოლიტიკოსებად“ აღიქვამს და აცნობიერებს, რომ მათაც ფარული ზრახვები ამოძრავებთ, ისევე როგორც არა-ისლამისტებს.

სადეკის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეს დემოკრატიული მომავალი ჯერ ბურუსითაა მოცული, იმის შანსი, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დომინირება მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა იდეოლოგიამ მოახერხოს, ძალიან მცირეა.

XS
SM
MD
LG