ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პრეზიდენტი ულტიმატუმს უარყოფს


ადგილობრივი მედიის ცნობით მთავრობის კაბინეტში ოთხმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეგვიპტეში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ თავდაცვის მინისტრ, გენერალ აბდელ ფატა ელ-სისის ულტიმატუმი უარყო. თუმცა, უმაღლეს სამხედრო პირს შეხვდა და სიტუაციის ნორმალიზების გზებზე ესაუბრა. ეგვიპტური მედია იტყობინება, რომ მთავრობის კაბინეტში ოთხმა მინისტრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა, თანამდებობა დატოვა.

პრეზიდენტი ობამა ეგვიპტის ლიდერს მოუწოდებს ოპოზიციის მოთხოვნებს მეტად უგდოს ყური. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოჰამედ მორსის ორშაბათს ტელეფონით დაუკავშირდა და საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა ეგვიპტის დემოკრატიულ პროცესებს უჭერს მხარს და არა ერთ რომელიმე პარტიას, ან ჯგუფს.

ორშაბათს, ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტ მორსის და ოპოზიციის ლიდერებს მოლაპარაკებისთვის 48 საათი მისცა. თავდაცვის მინისტრმა, ორდღიანი ულტიმატუმი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ქაირო ისევ ძალადობამ მოიცვა. საპროტესტო აქციების ტალღამ და მას მოყოლილმა ძალადობამ უკვე 16 ეგვიპტელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG