Egypt Coptics.1681383.11.28.11.MK
ქაიროს ამ ნაწილს ნაგვის ქალაქს უწოდებენ. ეგვიპტის დედაქალაქის მილიონობით მაცხოვრებლის ნაგავი ქაიროს აღმოსავლეთ გარეუბანში იყრის თავს. სწორედ აქ ცხოვრებენ მართლმადიდებელი კოპტები. მათი დიდი ნაწილი ნაგვის გადარჩევით ირჩენს თავს. მთის წვერზე, ამ სიღატაკის და უბადრუკობის თავზე კოპტების რწმენის სიმბოლოა აღმართული - ყველაზე დიდი ქრისტიანული ტაძარი მთელს ახლო აღმოსავლეთში.
ქრისტიანების ღრმა რწმენით ეგვიპტემ თავის დროზე პატარა იესო და მისი ოჯახის წევრები შეიფარა. მოგვიანებით კი ეს ადგილი ისლამური უმრავლესობის სამშობლო გახდა. და ამ ფაქტს, როგორც ეგვიპტელი ქრისტიანები ამბობენ, მათ ხშირად ახსენებენ.
საიდი ამბობს, რომ კოპტები აქ დისკრიმინირებულები არიან და ჟურნალისტებს სთხოვს მისი გვარი არ გაამხილონ.
„ქრისტიანები ამ ქვეყანაში შევიწროებულნი არიან. ზემოდან გვიყურებენ. ისე გვექცევიან, თითქოს ადამიანები არც ვიყოთ“ - წუხს საიდი.
დისკრიმინაცია მუბარაქის მთავრობის მიერ ინსტიტუციონალურად იყო გამყარებული. ეკლესიების მშენებლობა და სარწმუნოების გამოცვლა კანონით იკრძალებოდა. ახლანდელი სამხედრო ხელისუფლების პირობებშიც არაფერი შეცვლილა, აღნიშნავს საიდი და დასძენს, რომ გასულ თვეში კოპტების მიერ გამართული მარშის სასტიკი დარბევის გამო მათ 25 ადამიანი დაეღუპათ.
ეგვიპტელი ქრისტიანები შიშობენ, რომ მდგომარეობა შეიძლება მეტად გაუარესდეს. ამ კვირას დაწყებული არჩევნები ისლამისტურ პარტიებს მოიყვანს სათავეში, მათ შორის კონსერვატორ სალაფისტებს.
გვესაუბრება გარეუბნის ბინადარი - მედჰა საადი:
„თუკი ხელისუფლებაში სალაფის, მუსლიმთა კონსერვატიული მიმდინარეობის, მიმდევრები მოვიდნენ, ისინი თავსაბურავის გარეშე ქუჩაში მოსიარულე ქალს პირდაპირ ყელს გამოჭრიან“ - ამბობს მედჰა.
მართალია სალაფის მიმდინარეობით შთაგონებული ძალადობა უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ეგვიპტური გაზეთების მთავარი თემა გახდა, ექსპერტები თვლიან, რომ მათ მიმართ ფართოდ გავრცელებული შიში მაინც გადაჭარბებულია.
პოლიტოლოგ რენია ელ-მალკს მიაჩნია, რომ ახალ პარლამენტში გამარჯვებას ზომიერი ისლამის მიმდევრები მოიპოვებენ:
„უამრავ მუსლიმს ვიცნობ, რომლებიც საკუთარ რწმენას ძალიან სერიოზულად უდგება და ყველა ტრადიციას იცავს. მათ არ მოსწონთ და არ უნდათ, რომ ისლამის ამდაგვარი უკიდურესი ინტერპრეტაცია ზედმეტად იყოს მთავრობაში წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ეგვიპტელების უმრავლესობა ზომიერების მომხრეა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ისლამის ჩართვის ზომიერებას მისცემს ხმას“ - აღნიშნავს ექსპერტი.
ხელისუფლებაში ექსტრემისტები რომც მოვიდნენ, ჩვენ აქედან არსად წამსვლელები არ ვართ, ამბობენ მართლმადიდებელი კოპტები. ადელ გად ელ-რაბი, რომელიც ნაგვის გადარჩევით ირჩენს თავს, ამბობს, რომ მათ ღმერთი დაიცავს და მისი წასვლა ნაგვის ქალაქიდან მხოლოდ საუკუნო განსასვენებელში მოხდება.
ნაგვის მთებზე მცხოვრები მართლმადიდებელი კოპტები ეგვიპტეში უღარიბესნი არიან, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობენ, მათი სახლი ქრისტიანული რწმენის მწვერვალზე მდებარეობს.