ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტების პრევენცია ოცდამეთვრამეტედ


ერგნეთში შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ტოივო კლაარი დაესწრო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:17 0:00
ბმული

დღეს შიდა ქართლში, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ტოივო კლაარი ესწრებოდა. შეხვედრის წინ ქართული მხარის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაგეგმილი იყო განხილვა საკითხებისა, რაც ლითონის ღობეებსა და მავთულხლართებს ეხებოდა. თუმცა, როგორც წესი, პოლიტიკური საკითხები ეგრნეთის შეხვედრებზე არ განიხილება. დავით სუჯაშვილი, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს:

„განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს. ქართული მხარე დავაყენებთ მავთულხლართებისა და ღობეების ინსტალაციის საქმეს. ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული ნალბანდოვის საკითხს, აგრეთვე ჩვენი იმ თანამოქალაქეების საკითხს, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ცხინვალის ციხეში.“

შეხვედრიდან გამოსულმა შსს-ს წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა:

„დავაყენეთ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ბედის საკითხი. ისინი დაგვპირდნენ, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით მოწოდებული იქნება ინფორმაცია მათ თაობაზე, ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ იგი პროდუქტიული იყო.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. მე ვფიქრობ, კონკრეტული პრობლემების განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. არსებულ შეხვედრაზე გარკვეული გადაწყეტილებები უკვე მივიღეთ“,- ამბობს ტოივო კლაარი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალური საინფორმაციო გვერდი იტყობინება:

„ვითარება ქართულ-ოსურ სახელმწიფო საზღვარზე, ასევე უსაფრთხოების საკითხები ტერიტორიებზე, განიხილებოდა დღეს ერგნეთში 38 შეხვედრაზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში."

როგორც სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ შეგვატყობინა, დეტალურად იქნა შესწავლილი ინციდენტები, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ. კერძოდ, განიხილებოდა ქმედება, რაც ჩაიდინა უცნობმა ჯგუფმა 12 ოქტომბერს ოსურ სოფელ მუგუთსა და ქართულ სოფელ დვანს შორის, -დააკონკრეტა გაგლოითიმ. უცნობმა პირებმა შეაღწიეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე, სადაც აღმართეს ხის მოწყობილობა ჯვრის ფორმით.

„ჩვენ დროულად ვაცნობეთ ამის თაობაზე ევროკავშირის მისიის დამკვირვებლებს, გამოვხატეთ რა უკიდურესი უკმაყოფილება ამ ქმედების გამო, რასაც წინასწარგამიზნული ხასიათი აქვს. ანუ, გაცნობიერებულად იყო დარღვეული სამხრეთ ოსეთის საზღვარი. ეს თემა რომ გავაგრძელოთ, ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ქართველი მღვდელმსახური გამოვიდა და ქართულ მედიასაშუალებებით მოუწოდა საზოგადოებას ამ ადგილას ეკლესიის მშენებლობისკენ,“- განაცხადა გაგლოითიმ.

სამხრეთ ოსური მხარე, დაამატა მან დადებითად აფასებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი წარმომადგენლის ტოივო კლაარის გამოსვლას ქართულ მედიასაშუალებებში, სადაც მან ამ შემთხვევას უწოდა საშიში და არაპროდუქტიული.

"ჩვენ არანაირი ეჭვი არ გვაქვს იმის თაობაზე, რომ პირებს, ვინც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ჰქონდათ პოლიტიკური მოტივი. არანაირი რელიგიური ან ზნეობრივი მოტივი ამაში არ ყოფილა,"-განაცხადა გაგლოითიმ.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ ციტატა დე-ფაქტო ადმინისტრაციის საინფორმაციო სამსახურის ვებგვერდიდან.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანს ამ დროისთვის რუსი მესაზღვრეების მიერ დამონტაჟებული ლითონის ღობე აკრავს გარს. რამდენიმე კვირის წინ სამი ადგილობრივი ოჯახი, მეკარიშვილები, მახაჭაშვილები და კორაშვილები რუსი მესაზღვრეების ამ ქმედების გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. რუსმა მესაზღვრეებმა დვანის მკვიდრებს კერძო საკუთრების დატოვება აიძულეს. გარდა ამისა, მოწეული მოსავლის აღება შეუძლებელი აღმოჩნდა ბევრი ადგილობრივისთვის. ლითონის ღობეებმა და მავთულხლართებმა საზღვრის პირას მცხოვრებ ოჯახებს საკარმიდამო ნაკვეთები ჩამოაჭრა.

რუსი მესაზღვრეების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ თვითნებური სადემარკაციო სამუშაოები წინასწარ შეუთანხმებელად, ცვალებადი ინტენსივობით მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუდმივად სტრესის წყაროს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG