ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ამბობს აშშ-ის კონსტიტუციის პრეამბულა


„ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, უფრო უნაკლო ერთობის შესაქმნელად, სამართლიანობის დასაფუძნებლად, შიდა სიმშვიდის დასამყარებლად, ერთობლივი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, საერთო კეთილდღეობის ხელშესაწყობად და ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლობისთვის თავისუფლების სიკეთის შესანარჩუნებლად, შეერთებული შტატებისთვის ამ კონსტიტუციას ვაწესებთ და ვაფუძნებთ.“

შეერთებული შტატების კონსტიტუციის პრეამბულის ეს სიტყვები მოკლე შესავალი განცხადებაა, რომელიც კონსტიტუციის ფუნდამენტურ დანიშნულებას და წარმმართველ პრინციპებს აღწერს. მას მხოლოდ წინასიტყვაობის დანიშნულება აქვს, ფედერალურ მთავრობას უფლებებს არ ანიჭებს და კონკრეტულ შეზღუდვებს არც მთავრობის საქმიანობას უწესებს.

კონსტიტუციის შემქმნელებს სჯეროდათ, რომ პოლიტიკური საქმიანობა იმ ინსტიტუტების მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო, რომელთა უფლებამოსილებაც მოქალაქეებისგან მომდინარეობდა. მათ ისეთი რესპუბლიკის დაფუძნება სურდათ, რომელიც ხშირი არჩევნების სისტემაზე, ხელისუფლების განაწილებაზე და ბალანსზე, საჯარო სამსახურის ავტონომიაზე, სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლზე, არჩეული წარმომადგენლების მიერ კანონების და წესების მიღებაზე და მათ მიუკერძოებელ აღსრულებაზე იქნებოდა დამოკიდებული. ეროვნული მთავრობის და შტატების მთავრობების უფლებამოსილებანი კი ურთიერთდამოკიდებული იქნებოდა და ერთმანეთს გააწონასწორებდა.

კონსტიტუციის შემქმნელებს სურდათ, რომ შეერთებულ შტატებს ევროპის ბედი არ გაეზიარებინა, რომელსაც ისინი ხედავდნენ, როგორც საუკუნეების განმავლობაში ტირანების დესპოტური მმართველობის, ხანგრძლივი ომების, სამეფო კარის ინტრიგების და კლანიზმის მიერ დაგროვილი მრავალი შრის ქვეშ მოქცეულ სივრცეს. მათ სურდათ ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტები, რომელიც შეძლებისდაგვარად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ჩართულობის მქონე იქნებოდა.

ამერიკული მმართველობის სისტემის ერთი შესანიშნავი ასპექტია ის, რომ შეერთებული შტატები ერთი ქვეყანაა, მაგრამ კონსტიტუციური სამართალი აღიარებს შტატების მთავრობების ფედერაციას, რომელიც ფედერალური მთავრობისგან განცალკევებულია (მის ქვედანაყოფს არ წარმოადგენს), ყოველ მათგანს, შიდა საქმეებში სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ხარისხი გააჩნია, თუმცა ყოველი შტატის სუვერენიტეტი შეერთებული შტატების კონსტიტუციით არის შეზღუდული. ის ქვეყნის მთავარი კანონია და ფედერალური და შტატის მთავრობების უფლებამოსილებას ადგენს და ზღუდავს. კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა მოქმედ ფედერალურ კანონს ენიჭება.

1863 წელს, საშინელი სამოქალაქო ომის დროს, რომელიც კონსტიტუციით დაფუძნებული კავშირის განადგურებას ემუქრებოდა, პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მთავრობის ძირითადი ხასიათი, როგორც ის პრეამბულაშია აღწერილი. მან ამას უწოდა „ხალხის მთავრობა, ხალხისგან დადგენილი და ხალხის სამსახურისთვის შექმნილი.“

და ის დღესაც ასეთად რჩება.

ეს იყო ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG