ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 12 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა გადაწყვიტა.
გასაყიდ ობიექტებს შორის არის თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს. გაიყიდება ასევე თბილისში, კოსტავას 45/57 მდებარე პირველ სართულზე არსებული ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასი 200 ათას დოლარს შეადგენს და ა.შ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ამ დღეებში საქართველოს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემის, უმუშევრობის აღმოფხვრის გზები დაასახელა. პირველი ამ სიაში არის სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება, ამ დარგში მოსახლეობის 45%-ია დასაქმებული. მეორე მთავარ ამოცანად ინვესტიციების შემოდინება დასახელდა, ასევე პრივატიზაციის ტემპის ზრდა და ტურიზმის განვითარება, რომელიც მინისტრის თქმით, პირდაპირ მიბმულია დასაქმებასთან. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სისტემა ზემოაღნიშნული გეგმების განხორციელებას ხელს არ უწყობს: - კი ბატონო, ეს უნდა გაკეთდეს. მაგრამ არსებული ეკონომიკური სისტემა არ იძლევა საშუალებას განვითარების. ვერ განავითარებ სოფლის მეურნეობას, თუ არ გაქვს უზრუნველყოფილი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. გარდა ამისა, პროტექციონალური პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს.. სოფლის მეურნეობა საჭიროებს გრძელვადიან ინვესტიციებს, მაღალი რისკის სფეროა. ფერმერს არ აქვს დღეს საშუალება მოიყვანოს პროდუქტი, ანუ ერთის მხრივ უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული, რომ სტიმულირება მოხდეს მიწაზე ადამიანის დაკავების და მეორეს მხრივ შეექმნას ისეთი გარემო, სადაც თავისი პროდუქტის გაყიდვა იქნება შესაძლებელი. ინვესტიციების შემოსვლა საერთოდ არ არის ხელისუფლების საქმე.
ინვესტიცია წყალივით არის, ის თვითონ პოულობს იმ არეალს, სადაც უნდა შევიდეს. ხელისუფლების მოვალეობაა შექმნას ისეთი გარემო, სადაც ინვესტორს გაუჩნდება სურვილი ჩადოს ფული”...
ორი დღის წინ სასტუმრო შერატონ-მეტეხი პალასში ბიზნესასოციაციის წევრები პარლამენტის სპიკერთან დავით ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრაზე ერთობლივ ბიზნეს-საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ. ბიზნესასოციაციაში 32-მდე კომპანიაა გაერთიანებული. საწევრო წელიწადში 10 ათას დოლარს შეადგენს. ” - ბიზნესასოციაცია შეეცდება ბიზნესის პრობლემები გადაჭრას - აცხადებს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე.