ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტის ზონაში გარდაცვლილთა საფლავებზე ვერ გადიან


საუკუნეების მანძილზე, ეს რიტუალი შენარჩუნებულია და მის დაცვას ქრისტიანული ოჯახები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:26 0:00
ბმული

კონფლიქტის ზონაში გარდაცვლილთა საფლავებზე ვერ გადიან
დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომას დღესასწაულობენ. შიდა ქართლში, ტრადიციულად, აღდგომას და მის მომდევნო დღეს გარდაცვლილთა საფლავებზეც გადიან. საუკუნეების მანძილზე, ეს რიტუალი შენარჩუნებულია და მის დაცვას ქრისტიანული ოჯახები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარს შიდა ქართლში სამოცი სოფელი ისაზღვრება. მაგალითად სოფელ ნიქოზში პირობითი საზღვარი, ისევე როგორც ფლავისმანში, სასაფლაოზე გადის. თუმცა აქაურებს უფრო გაუმართლათ ისეთი სოფლის მცხოვრებლებთან შედარებით, რომელთა საგვარეულო სასაფლაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი. კეხვიდან დევნილი ცირა მახაჭაშვილი, რომელიც გორში, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს, წუხს, რომ ახლობლების საფლავებზე გასვლას ვერ ახერხებს. იგი 44 წლის მანძილზე კეხვში ცხოვრობდა, ხუთი წელია, რაც ოჯახთან ერთად დევნილთა ჩასხლებაში აქვს ბინა.

„გამასვენონ, თუნდაც აქედან, მაგრამ ჩემმა შვილიშვილებმა მაინც წაიღონ ჩემი ძველები ჩვენს საგვარეულო სასაფლაოზე. ჩემი მულის ოჯახიც დევნილია, მისი მეუღლე აქ გარდაიცვალა, დევნილობაში და გორთან ახლოს, ახალ სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს ადგილი დაბლობში მდებარეობს და წვიმის დროს სულ პრობლემებია. ჩვენი სოფლის სასაფლაო კიდევ ისეთ კარგ ადგილას იყო, ფუნიკულიორივით მაღლობზე, მაგრამ დაგვიბომბეს. ოთხი წელია ჩვენი მკვდრების საფლავზე სანთელი არ დანთებულა და მრევლი არ შესულა ჩვენს ეკლესიაში. ღმერთო, გვაპატიე, ჩვენი ბრალი არ არის, მას მოეკითხოს ეს ცოდვა, ვინც ჩაიდინა. აქ, ეკლესიაში ვანთებთ სანთელს გარდაცვლილების სულის მოსახსენიებლად. მხოლოდ იმას ვთხოვ ღმერთს, რომ ახალგაზრდები იყვნენ კარგად და იმ ჭკუაზე, რომ ცივილიზებულად შეთანხმდნენ. ღმერთო, რა გახდა ეს ერთი გოჯი მიწა,“– ამბობს ჩვენთან საუბრისას ცირა მახაჭაშვილი.

საფლავებზე გასვლის შესაძლებლობა განიხილებოდა წელს, 16 აპრილს სოფელ ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სახელით ცნობილ შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხრიდან შინაგან საქმეთა და რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან. გელა ზოზიაშვილი, რომელიც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიაში ექსპერტად მუშაობს და თითქმის ყველა შეხვედრას ესწრება ერგნეთში, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უკანასკნელ შეხვედრაზე აღდგომას სასაფლაოებზე გასვლის საკითხი დადებითად ვერ გადაწყვეტილა. იგი ამბობს:

„2008 წლის შემდეგ, ვცდილობთ მოვინახულოთ მიცვალებულთა საფლავები, რომლებიც, სამწუხაროდ აღმოჩნდა, დღეს შეიძლება უკვე ითქვას, მავთულხლართებს მიღმა. ეს საკითხი რამოდემიმეჯერ დადგა შეხვედრებზე, თუმცა რუსული მხარე ყოველთვის არიდებს თავს ამ თემას. ამბობს, რომ არსებობს კანონი საზღვრის დაცვის შესახებ, რომლის დაცვაც აუცილებელია. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არაა რუსეთის მოქალაქე და ცხინვალში ჩაწერილი, საზღვრის დარღვევისთვის დაისჯება. ამის გამო არაერთი ადამიანი დასჯილა. ისინი ამ პრინციპით მიდიან დღესაც. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება გადაკვეთოს ეს საზღვარი, პირობითი საზღვარი, ასე ვთქვათ, დაისჯება. წელსაც, 16 აპრილს შედგა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა. ეგრნეთში, ცხინვალთან ახლოს. მას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადამკვირვებლო მისია, ქართული, რუსული, ოსური მხარეები, მათ შორის აქტიურად ჩართულები იყვნენ რუსი მესაზღვრეები და მათი უფროსობა, ასე ვთქვათ. სწორედ მათი მისამართით იყო დასმული კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გავამარტივოთ, ან შევქმნათ პრეცენდენტი, რომ თუნდაც წინასწარ შედგენილი სიებით მაინც, უსაფრთხოდ გადავიყვანოთ ადამიანები მიცვალებულთა საფლავების მოსანახულებლად. მაგრამ სამწუხაროდ, პასუხი იყო ასეთი: არსებობს კანონი, რაც მათ არ აძლევთ ამგვარი ქმედების საშუალებას.“

გელა ზოზიაშვილი თავადაც ცხინვალიდან დევნილია. ამბობს, რომ ბევრი მეგობარი და ახლობელი ჰყავს ოსურ მხარეს, რომელთაც მტრად ვერასდროს აღიქვამს.

აღდგომის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმაც მიულოცეს.
XS
SM
MD
LG