ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ


მართლმადიდებლები 5 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ

დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მართლმადიდებელი სამყარო, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლებს აღდგომა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მიულოცა. „მე და მიშელი საუკეთესო სურვილებით ვუერთდებით მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოებას აქ ამერიკაში და მთელ მსოფლიოში, რომლებიც უფლის აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღდგომას საჩხერეში შეხვდა და ლიტურგიას ოჯახთან ერთად წმიდა გიორგის ეკლესიაში დაესწრო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ეს დღე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ყველაზე დიდი სიხარულის და იმედის მომტანია“. მაცხოვრის აღდგომა ქართველებს დღეს კახეთიდან პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მიულოცა.

საქართველოს ეკლესიებში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ ქართულ ტაძრებში ღამისთევის მსახურება 4 მაისს, ღამის 11 საათზე დაიწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. წაკითხულ იქნა უწმინდესის და უნეტარესის სააღდგომო ეპისტოლე. ლიტურგიის შემდეგ მორწმუნეებისთვის წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი მარხვის პერიოდი დასრულდა. პატრიარქის მსახურებას მრევლთან ერთად საქართველოს ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG