ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალი, გაზი, ელექტროენერგია და სხვა „წვრილმანები“ ომით დაზარალებულებისთვის


ბუნებრივი აირის საფასური, რაც ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვის იყო გათვალისწინებული გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივებმა ახლა მიიღეს. მართალია, ზამთარი სამი თვის წინ დასრულდა, მაგრამ ისინი მაინც ბედნიერები არიან იმ 200 ლარით, რაც ხელისუფლებამ მათთვის გამოყო.

26 აპრილს ჩაირიცხა თანხა, რაც ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის იყო გათვალისწინებული. ამერიკის ხმამ ეს საკითხი გასულ წლებშიც გააშუქა. როგორც დინამიკა აჩვენებს, ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხები ყოველთვის იგვიანებს, თუმცა წლევანდელმა წელმა დაგვიანების რეკორდი მოხსნა.

მაგული ოქროპირიძე, რომელიც ერგნეთში ცხოვრობს და ხუთი შვილი ჰყავს ამერიკის ხმასთან ამბობს: „არ მკითხოთ, აქამდე როგორ ვართმევდით თავს გაზის საფასურის გადახდას. ხან ასე, ხან ისე, როგორ იქნა, გადავიხადეთ. ახლა ჩაირიცხა, თუმცა ზოგიერთს დააცადეს, ვისაც დავალიანება ჰქონდა და არ ჩაუჭრეს მილები“.

დვანი ქარელის მუნიციპალიტეტის მხრიდან ესაზღვრება დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, სოფლებს მუგუთს და დიდმუხას. დვანის ნაწილზე რუსმა მესაზღვრეებმა ლითონის ღობე გაავლეს, ნაწილი შეღობვის გარეშე დარჩა. იმ ადგილას, სადაც მავთულხლართმა გაიარა, ადგილობრივ მოსახლეობას აყრა და გადაადგილება ურჩიეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დე–ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ცხოვრებას უნდა შეგუებოდნენ.

სამმა ოჯახმა ომის შემდგეგ დევნილის ხვედრი საკუთარ სოფელში გაიზიარა. დვანის შეუღობავი ნაწილიდან კი ადამიანების გატაცების შემთხვევები არაერთგზის ფიქსირდება. გოჩა ნებიერიძე დვანის მაცხოვრებელი, ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ისევ ღობავენ, ისევ ადამიანთა გატაცებები გრძელდება. გაზის ფული კი დაგვირიცხეს, ესაა და ეს. ახლა რთული პერიოდია, საძოვრებზე გასვლა რომ იწყება, გატაცებებიც ხშირდება. იმათ შეუძლიათ გადმოსვლა ჩვენ მხარეს, ჩვენ კიდევ, თუ გადავალთ, დავიჭერენ. გვჩაგრავენ“.

ფლავი, რომელიც ასევე დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტორლირებად ტერიტორიას ესაზღვრება, გამოზამთრების პროგრამის ფარლებში ჩასვეს. ფატი ფარნიაშვილი, ადგილობრივი მაცხოვრებელი ამერიკის ხმასთან ამბობს: „შემოსავლები რომ არ აქვს მოსახლეობას, ძალიან მძიმე და არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა რომაა, ეს გაზის თანხებიც ვალებში მიდის. პირადად ჩემი, ვალში წავიდა“.

ზარდიაანთკარი ასევე ომის შედეგად განსაკუთრების დაზარალებული სოფელია. ადგილობრივებს ორ ადგილას უწევთ საცხოვრებლის გაყოფა: გორსა და ზარდიაანთკარში. გორში ისინი საბავშვო ბაღებში უკვე ათი წელია ცხოვრობენ. ზარდიაანთკარში დაბრუნებას კი ვერ ახერხებენ, რადგან 10 წლის მანძილზე ვერაფრით მოხერხდა ომის შედეგად დაზიანებული მათი საცხოვრებლების რეაბილიტაცია. ბუნებრივი აირის საფასური ზარდიაანთკარელებმაც მიიღეს.

ცისანა თაზიაშვილი გვეუბნება: „გაზიც შემოიყვანეს სოფელში, წყალიც გვაქვს ეზოებში. მართალია, ამ წყალს სასმელად არ ვიყენებთ, რადგან ჭაბურღილიდან მიდის დიდ, 25 ტონიან ავზში, რომელიც არაა უჟანგავი. დასალევად ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ მღვრიეა და მარილიანი მოდის. დენიც გვაქვს, ასფალტიც დააგეს, მადლობლები ვართ, უკმაყოფილოები არ ვართ მაგით, მაგრამ მთავარი რაცაა, ჩვენი საცხოვრებელი სახლების სახურავები რჩება შესაკეთებელი. ეს რომ გაკეთდეს, შევძლებდით აქ ნორმალურად ცხოვრებას.“

მელანია დედანაშვილი 90–იანი წლების დევნილია ცხინვალიდან. 27 წელია ის და მისი ოჯახი გორში, ეგრეთ წოდებულ ტურბაზის დასახლებაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. გასულ წელს მათ კომბინატის დასახლებაში ახალი ბინები გადაეცათ საზეიმო ვითარებაში, თუმცა იქ დღემდე ვერ გადადიან. დევნილებისთვის ამ ეტაპზე სახელმწიფო 45 ლარიან შემწეობას გამოყოფს. „სახლები კი გადმოგვცა მთავრობამ, მაგრამ ჯერ ვერ გადავდივართ. ბევრი რამაა შესაკეთებელი. არც გაზია ჯერ შეყვანილი. ზამთარში წყლის მილები გასკდა და ახალ გარემონტებულ შენობაში ყველაფერი დაიტბორა. ეს პრობლემები რომ მოწესრიგდება, ალბათ გადავალთ ყველა ახალ სახლებში“.

რუსული აგრესიით მიყენებული ზარალი საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის დღემდე გადაულახავ სირთულეს წარმოადგენს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG