„მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენი, კონკრეტული ადამიანების, ცხოვრებას გაეცნონ. იფიქრონ იმაზე, რომ მე არ ვარ კრიმინალი, არ ვმალავ გადასახადებს, სკოლაში მათ შვილებს ადგილს არ ვართმევ. ჩვეულებრივი ამერიკელი ვარ, არაფრით გამორჩეული“.
რენატა „მეოცნებეა“. მეოცნებეებს უწოდებენ შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრებ იმიგრანტებს, რომელთაც ქვეყანაში კანონიერად განათლების მიღების და მუშაობის უფლება გასულ წელს პრეზიდენტ ობამას საგანგებო განკარგულებით მიენიჭა.
ორგანიზაცია „საერთო ოცნებასთან“ ერთად რენატა არიზონაში გაემგზავრა, რათა 6-წლიანი განშორების შემდეგ დედა ენახა და საიმიგრაციო სისტემის არაჰუმანურობაც ეჩვენებინა. მისი ოჯახი დეპორტირებულია. რენატა ამერიკაში დატოვეს, რომ უკეთესი ცხოვრების შანსი მიეცათ.
„როცა მივდიოდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მეხსიერებაში ასეთი სცენა დამრჩებოდა: დედისკენ გაქცეულმა აღმოვაჩინე, რომ მასთან ჩახუტებას ვერ შევძლებდი. ჩემს და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის ჟანგიანი ღობე იყო აღმართული“- ყვება რენატა.
ორგანიზაცია „საერთო ოცნების“ მიერ გადაღებულ ვიდეოფირზე კარგად ჩანს, თუ როგორ დახვდნენ მეოცნებეები ფლორიდის სენატორ მარკო რუბიოს, როცა ის რეფორმის განსახილველად მიდიოდა. „მეოცნებე“ ჯულიეტა გარიბაი ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია უკვე 26 შტატში მოქმედებს.
„ბევრ ადამიანს დავანახეთ, რომ დოკუმენტის გარეშეც შეიძლება ძალა გაგაჩნდეს, ხმა გქონდეს და კონგრესის წევრებზე, თუ პრეზიდენტზე ზემოქმედება იქონიო“- აღნიშნავს ის.
ოპონენტები რეფორმას ამნისტიას ეძახიან და ამტკიცებენ, რომ ის არალეგალურ იმიგრანტთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ჯეკ მარტინი „საიმიგრაციო რეფორმის ამერიკულ ფედერაციას“ წარმოადგენს. მას მიაჩნია, რომ თუკი „ამ ახალგაზრდებს ამნისტიას მიანიჭებ, რამდენიმე წლის შემდეგ ისინი შეერთებული შტატების მოქალაქეები გახდებიან. მალე საკუთარ მშობლებსაც ჩამოიყვანენ, მათ, ვინც ისინი ამერიკაში არალეგალურად შემოიყვანა. შედეგი უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს“.
თუმცა, ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ „მეოცნებეები“ მხარდამჭერების მობილიზებაში ძალზე ეფექტურები არიან და მიზანსაც აღწევენ.