ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური შატლი "დისქავერის" უკანასკნელი ფრენა


დისქავერი კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან უკანასკნელად აფრინდა. თუმცა, ამჟამად გეზი ორბიტისკენ არ აუღია. „ბოინგ747“-ზე მოთავსებული კოსმოსური შატლი ჩრდილოეთით გაფრინდა.

ამერიკის დედაქალაქთან მოახლოებისას, ბოინგმა ვაშინგტონის ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობებთან - როგორიცაა ვაშინგტონის მონუმენტი და ამერიკის კონგრესი - სიმაღლე დააგდო და ფეხით მოსაიარულეებისთვის ადვილად დასანახ მანძილზე ქალაქს რამდენჯერმე შემოუფრინა.

დისქავერის ბაზა ფლორიდაში - ნასას კენედის ცენტრში თითქმის 30 წელი იყო. მისი ვაშინგტონში ჩამოფრენის შემდეგ, შატლი სმითსონის კოსმოსისა და აერონავტიკის მუზეუმს გადაეცა, სადაც ნებისმიერ მნახველს მისი დათვალიერების საშუალება ექნება.

მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი ვაშინგტონის დალასის აეროპორტში დაჯდა, რომელიც მუზეუმის ანგართან ახლოს მდებარეობს.

ნასას და აეროპორტის წარმომადგენლებმა დისქავერის საპატიო დახვედრა მოუწყეს. კოსმოსური სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე ლორი გარვერმა განაცხადა, რომ დისქავერის კოსმოსის ათვისების ისტორიაში დიდი ადგილი უკავია:

„მან 39 მისია შეასრულა, 365-ზე მეტი დღე კოსმოსში გაატარა, 5,830-ჯერ დედამიწის ორბიტას შემოუფრინა და 238, 539, 663 კილომეტრი იფრინა.“

დისქავერი პირველი კოსმოსური შატლია, რომელიც მუზეუმის ექსპონატად გამოიფინება.

ვალერი ნილი სმითსონის კოსმოსისა და აერონავტიკის მუზეუმის კურატორია. მისი თქმით:

„ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ჩვენი მუზეუმისთვისაც ერთ-ერთ საუკეთესო დღედ შევა ისტორიაში. მუზეუმში დისქავერის დასახვედრად რამდენიმე წელი ვემზადებოდით, დიდძალი ძალისხმევისა და დაუღალავი შრომის შემდეგ, ყველაფერი უნაკლოდ დასრულდა.“

დისქავერის მისიის დასრულება ზოგიერთისთვის სინანულის მომგვრელია. სწორედ ამას გრძნობს ჯონ შინდლერი, რომელიც ნასას შატლების პროგრამაზე მუშაობდა:

„დისქავერის კოსმოსში მოგზაურობის მისია დასრულდა. მაგრამ მას ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა, ის მომავალ თაობას გაანათლებს და მეცნიერებს და ინჟინრებს ახალი იდეების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.“

თითქმის 30 წლიანი ისტორიისა და კოსმოსში განხორციელებული 135 მისიის შემდეგ, ნასამ გადაწყვეტილება მიიღო შატლების პროგრამა დახუროს და ყურადღება მომდევნო თაობის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურ ხომალდებზე გადაიტანოს, რომლებიც დედამიწის ორბიტიდან გაცილებით შორს იფრენს.

წლის ბოლომდე ნასას დანარჩენი სამი შატლი ფლორიდაში, ნიუ იორკსა და კალიფორნიაში სამუზეუმო ექსპონატებად გაიგზავნება. კოსმოსის ათვისებაში შატლების ერა დასრულდა, თუმცა ისინი, კიდევ მრავალი წელი ახალგაზრდების შთაგონების, მეცნიერებისა და ინჟინრებისთვის კი ახალ გამოწვევებზე ფიქრის წყაროდ დარჩება.

XS
SM
MD
LG