ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი ინსპექტორების დასკვნას ელოდება


შეერთებული შტატები აცხადებს რომ ინსპექტორების მიერ ამ ეტაპზე გაკეთებული დასკვნის მიხედვით, ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულები უკვე არსებობს

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელმაც სირიაში გამოყენებული ქიმიური იარაღის საპასუხოდ სამხედრო ძალის გამოყენების სანქცია უნდა გასცეს. თუმცა შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გაეროს გადაწყვეტილებას არ დაელოდება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მერედიტ ბუელი ვაშინგტონიდან მოგვითხრობს.


დიპლომატები მანევრირებენ გაეროს ინსპექტორების მიერ დამასკოს სიახლოვეს მეამბოხეთა კონტროლირებად ადგილებში ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე, რომლის მიზანიც იმის დადგენა იყო, მოხდა თუ არა ქიმიური აირის გამოყენება აღნიშნულ ტერიტორიაზე.


ქიმიური იარაღის ექსპერტებმა ადგილიდან მტკიცებულების მიზნით სისხლის და სხვა მონაცემების სინჯები აიღეს და ასევე საავადმყოფოში მყოფ დაშავებულებს გაესაუბრნენ.


ჰააგაში მყოფი გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აცხადებს, რომ სამუშაოს დასასრულებლად ინსპექტორებს მეტი დრო სჭირდებათ.


ბან კი მუნი: ინსპექტორებს უნდა მივცეთ საშუალება, მომავალი ოთხი დღის განმავლობაში თავიანთი სამუშაო დაასრულონ, რომ შემდგომ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას სამეცნიერო ანალიზი ჩაუტარდეს.


სირიაში სამხედრო ძალის გამოყენების მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დიდი ბრიტანეთი უშიშროების საბჭოზე ზეწოლას ახდენს რომ რეზოლუცია მიიღოს.


ბრიტანეთის საგარეო უწყების მდივანი უილიამ ჰეიგი: ჩვენ წინ უნდა აღვუდგნეთ ომის დანაშაულს, კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. თუ ამას არ გავაკეთებთ, მომავალში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ომის დანაშაულის წინაშე აღმოვჩნდებით.


სირია გასულ კვირას თავდასხმის დროს, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფს.


ოფიციალურმა დამასკომ ინსპექტორებს ადგილზე დარჩენა და სამი ახალი ობიექტის გამოძიება შესთავაზა, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.


სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფეისალ ალ-მაქდედმა ამ თემაზე განცხადება გააკეთა.


ფეისალ ალ-მაქდედი:, შეიარაღებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ზარინის აირი გამოიყენეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ისინი ამერიკელების, ფრანგების და ბრიტანელების მხარდაჭერით მოქმედებდნენ.


შეერთებულმა შტატებმა სირიაში ამერიკული საზღვაო ხომალდების და საბრძოლო ვერტმფრენების მობილიზება მოახდინა. სავარაუდო სამიზნეები უკვე იდენტიფიცირებულია.


პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის სამხედრო ძალაზე დარტყმის შეზღუდულად გამოყენების მიზნით სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გაეროს რეზოლუციას ვერ დაელოდება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა მარი ჰერფიმ ამ თემაზე განცხადებას გააკეთა.

მარი ჰერფი: ჩვენ გადაწყვეტილებებს გრაფიკის მიხედვით ვღებულობთ და გვჯერა რომ გაეროს ინსპექტორთა ჯგუფის მუშაობა იმ შედეგს გასცდა, სადაც მათი მუშაობის შედეგები უკვე სანდოდ შეიძლება ჩაითვალოს.


ვაშინგტონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი დევიდ შენკერი ამბობს, რომ სამიზნეებს შორის უნდა მოხვდეს სირიის მთავარი სამხედრო ძალა და შეიარაღება.


დევიდ შენკერი: სამიზნეებში ფართო სპექტრი უნდა შედიოდეს, არამხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღი, არამედ ვერტმფრენები, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები, რაკეტები და სხვა სტრატეგიული სახეობის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ფლობს.


სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკვე სამი წელი გავიდა. სისხლისღვრას ასი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG