ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი დიპლომატი


მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი დიპლომატი
მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი დიპლომატი

მოჰამედ ელ ბარადეი საზოგადოებისთვის ცნობილი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს გახდა. ეს უწყება გაეროს სტრუქტურას წარმოადგენს. ელბარადეის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა 1997 წლიდან 2009 წლამდე ეკავა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერის პროფილის შექმნას შეეცადა.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის ანალიტიკოსი ფარვაზ გერგესი ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე ელბარადეის მუშაობის დროს, მასსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობები იყო, რაც განსაკუთრებით ირანის ბირთვული პროგრამის საკითხთან იყო დაკავშირებული.

„ამერიკელი მაღალჩინოსნები ფიქრობდნენ, რომ ელბარადეი თავს არიდებდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას და ზოგიერთი ირანული განცხადების მიმართ ტოლერანტულადაც კი იყო განწყობილი. ამდენად მასსა და ამერიკის საგარეო უწყებას შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული იყო და ამერიკელები ფაქტობრივად მისი კანდიდატურისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ,“ - აცხადებს გერგესი.

თუმცა, ვითარება ნელნელა შეიცვალა და შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ელბარადეის მესამე ვადით არჩევას. ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეწყობისთვის ელბარადეის 2005 წელს ნობელის პრემიაც მიენიჭა. ახლა ის ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ერთერთი მთავარი მეტოქე და ოპოზიციის ლიდერია.

თუმცა, ემად შაჰინი ნოტრდამის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ ზოგიერთი ეგვიპტელი ყოფილ დიპლომატს იმ აუტსაიდერადაც განიხილავს, რომელიც 30 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მხოლოდ ახლა მოინდომა სამშობლოში დაბრუნება.

„ეს ეგვიპტურ საზოგადოებაში მის დაბრუნებას უშლის ხელს. რასაკვირველია, როცა უცხოეთში 30 წელი ცხოვრობთ. სამშობლოსთან ფესვებს კარგავთ. ასევე კრიტიკის ობიექტია მისი ელიტიზმიც. მან ცხოვრების დიდი ნაწილი ნიუ-იორკსა და ვენაში გაატარა და მას ეგვიპტის მოსახლეობის ღარიბ და დაჩაგრულ მასებთან საერთო არაფერი აქვს, “ - ასკვნის შაჰინი.

თუმცა, მისივე თქმით უცხოეთში დიდი ხნით ცხოვრებას თავის დადებითი მხარეც აქვს. კერძოდ, ის რომ ელბარადეის არაფერი აქვს საერთო ეგვიპტის კორუფციულ სისტემასთან, რადგან მას არ უმუშავია ეგვიპტის მთავრობაში, შენარჩუნებული აქვს დამოუკიდებელი ადამიანის იმიჯი და არის მაღალი დონის დიპლომატი. ეს ყველაფერი კი, მის ბევრ დადებით მხარეზე მეტყველებს.

შაჰინი ამბობს, რომ ბარადეისთან ურთიერთობა ადვილია, ის არ არის ქარიზმატული, არ გამოირჩევა მჭერმეტყველებით და არ ახასიათებს ხელოვნური მანერები.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ელბარადეი ეგვიპტეში თანამედროვე პოლიტიკოსად არის მიჩნეული. ის ლაპარაკობს ოპოზიციის სახელით, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ რელიგიურ და პოლიტიკურ ჯგუფს, როგორებიც არიან ნაციონალისტები, ცენტრისტები, მემარცხენეები, და ასევე „მუსლიმთა საძმო“, რომელიც ეგვიპტის უძველესი და უმსხვილესი რელიგიური გაერთიანებაა.

გერგესი ამბობს, რომ მოჰამედ ელბარადეიმ „მუსლიმთა საძმოსთან“ თანამშრომლობის გზა აირჩია. ის სტუმრობს მათ შტაბბინას და ასევე შეპირდა, რომ დაეხმარება ლეგალიზებაში. როგორც ცნობილია, „მუსლიმთა საძმო“ ეგვიპტეში აკრძალული ორგანიზციაა. როგორც ანალიტიკოსი გერგესი ამბობს, ელბარადეი ოპოზიციის გამოკვეთილი სახე ხდება.

XS
SM
MD
LG