ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მინისტრი თავდაცვის გამოცდილებით, ჯანდაცვის ბნელ ლაბირინთებში


ღარიბაშვილმა აზარაშვილი თავდაცვიდან ჯანდაცვაში გადაისროლა
ღარიბაშვილმა აზარაშვილი თავდაცვიდან ჯანდაცვაში გადაისროლა

პრემიერმა ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. იგი ბიზნესს ადმინისტრირების სპეციალისტია. 2020 წლის მარტში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დირექტორად დაინიშნა, 2021 წლის თებერვლიდან კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

საჯარო სამსახურში აზარაშვილი საბანკო სფეროდან მოვიდა. ისიც „ქართული ოცნების“ არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის „ ქართუ ბანკის“ კადრია.

ღარიბაშვილი აზარაშვილის წარადგენს "დელტაში" 2020 წლის მარტი
ღარიბაშვილი აზარაშვილის წარადგენს "დელტაში" 2020 წლის მარტი

ჯანდაცვის ბნელ ლაბირინთებში გზა, ახალმა მინისტმა ურთულესი მემკვიდრეობით და თავდაცვის გამოცდილებით უნდა გაიკვლიოს. ღარიბაშვილმა გვაუწყა, რომ აზარაშვილი „ექიმების ოჯახიდან“ არის. „ბუნებით მაქსიმალისტი ვარ“ - ეს აზარაშვილისგან გავიგეთ.

ახალ მინისტრს არც მთავრობის ადმინისტრაციაში და არც სამინისტროში წარდგენისას, არაფერი უთქვამს, როგორ აპირებს პანდემიასთან გამკლავებას, ვაქცინაციის პროცესის გაცოცხლებას, რომელიც 2021 წელს აშკარად ჩავარდა, პირველად ჯანდაცვის რგოლსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ფუნდამენტური პრობლემების გადაწყვეტას.

ახალი და ძველი ჯანდაცვის მინისტრები
ახალი და ძველი ჯანდაცვის მინისტრები

მმართველ პარტიაში ვერ ხედავენ პრობლემას, რომ 42 წლის აზარაშვილს ჯანდაცვასთან შეხება არასოდეს ჰქონია და არც სამედიცინო განათლება აქვს. „ოცნებაში“ აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ახალი მინისტრი „კარგად“ ფინანსებში ერკვევა.

„მთავარი პრობლემა არის, ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიული განვითარების გეგმის არ არსებობა, არ არსებობს რეფორმების თანმიმდევრულობა, უწყვეტობა...ძალიან ძნელია ასეთ ქაოსში, უამრავი ინტერესის ქვეშ, ნორმალური ჯანდაცვის სისტემის აშენება. ამას სჭირდება გაბედული მინისტრი, რომელიც მრავალ ინტერესთან შეჯახებას თავს არ აარიდებს“
თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის ექსპერტი


„ამ ეტაპზე, ახალ მინისტრის განწყობებზე არაფრის თქმა არ შემიძლია, არ მინახავს, არ წამიკითხვას მისი ხედვა, თუ როგორ აპირებს სექტორის განვითარებას მომავალში. თუ რამეს იტყვის, შემდეგ შეიძლება რაღაცის თქმა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა თენგიზ ვერულავამ.

მისი თქმით, „მთავარი პრობლემა არის, ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიული განვითარების გეგმის არ არსებობა, არ არსებობს რეფორმების თანმიმდევრულობა, უწყვეტობა, ერთი მინისტრი დაიწყებს, შემდეგ ხსნიან, სხვა მოდის და ვტრიალებთ წრეზე. ამიტომაც არ მივიდა ბოლომდე პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა და ეს უმნიშვნელოვანესი რგოლი პრაქტიკულად არ გვაქვს.

ძალიან ძნელია ასეთ ქაოსში, უამრავი ინტერესის ქვეშ, ნორმალური ჯანდაცვის სისტემის აშენება. ამას სჭირდება გაბედული მინისტრი, რომელიც მრავალ ინტერესთან შეჯახებას თავს არ აარიდებს“ - ამბობს ვერულავა.

ზურაბ აზარაშვილმა ეკა ტიკარაძე შეცვალა. იგი ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის დეკემბრამდე იკავებდა. ტიკარაძემ, გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა პრემიერ ღარიბაშვილთან შეუთანხმებლობის გამო დატოვა.

ყოფილ მინისტრს ოპონენტები, არაპროფესიონალზმში, ანტივაქსერული განწყობების წახალისებასა და პანდემიის მართვის დროს დაშვებული შეცდომების გამო, „მაღალ სიკვდილიანობაში“ სდებენ ბრალს. 27 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდით უკვე 13 583 ადამიანია გარდაცვლილი.

ტიკარაძე მინისტრის პოსტს 2019 წლის ზაფხულიდან იკავებდა
ტიკარაძე მინისტრის პოსტს 2019 წლის ზაფხულიდან იკავებდა

ტიკარაძემ ბოლო სამუშაო დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას, Covid-19-ით „მაღალი სიკვდილიანობაში“, პასუხისმგებლობა ჰოსპიტალურ სექტორს გადაუნაწილა და თქვა, რომ „პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით“.

ყოფილი მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საექსპერტო კვლევაზე დაყრდონით ამტკიცებს, რომ “საქართველოში არის კლინიკები, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ეს დონე 15%-ია“. ამავე დროს, ტიკარაძემ არ დაასახელა კლინიკები, სადაც ლეტალობის ამხელა მაჩვენებელია.

“საქართველოში არის კლინიკები, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ეს დონე 15%-ია. პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით“
ეკა ტიკარაძე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი


„კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობა საჭიროებს განმხოლოებულ, სათანადო პალატებს და როცა შენ აწვენ კოვიდ ინფიცირებულს ისეთ საავადმყოფოში, სადაც ვენტილაცია განმხოლოებული არ არის, იქ ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ვირუსით სხვებიც დასნებოვდნენ“ - გვეუბნება ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა.

„ანუ, მივდივართ ხარისხის კონტროლის პრობლემასთან, არის კლინიკებში სათანადო დონეზე ვენტილაცია? სამედიცინო აღჭურვილობა? პერსონალი? ეს არ არის და პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ არც ჯანდაცვის სამინისტრო გამოირჩევა ჰოსპიტალური სექტორის დიდი კონტროლით. არც აქვს ბერკეტები და არც ინდიკატორები, რომ საავადმყოფოების შეფასება მოახდინოს.

ასეთ ქაოტურ პროცესში, როცა ლამის ყველამ დაიწყო კოვიდ პაციენტების მიღება, როცა არ ხდება სერთიფიცირება, შეფასება, მასიური შემოწმება, რამდენად არის მზად კონკრეტული კლინიკა კოვიდის მართვისთვის, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, ის, რომ კლინიკების დიდ ნაწილში იქნებოდა დიდი ჩავარდნა და სიკვდილობა გამოწვეული იქნებოდა, არა მხოლოდ კოვიდით, არამედ საავადმყოფოების შიდა ინფექციებით“ - გვიხსნის თენგიზ ვერულავა.

თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის ექსპერტი
თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის ექსპერტი

„ეს არის სისტემური პრობლემა, რომელზეც ტიკარაძემ მხოლოდ გადადგომის შემდეგ გააკეთა აქცენტი და ამით შეეცადა პასუხისმგებლობას გაქცეოდა“ - მიაჩნია ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვახტანგ კალოიანს.

ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დატვირთულია სისტემური პრობლემებით. ერთ-ერთი ასეთი დიდი პრობლემაა, რომ სამედიცინო დაწესებულებების 85%-ზე მეტი, კერძო და მომგებიანია. ასეთი განაწილება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის.

„შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში 57% არის საზოგადოებრივი საავადმყოფოები, 22% სახელმწიფო და მხოლოდ 18% კერძო, მომგებიანი“ - ამბობს თენგიზ ვერულავა.

„ეს არის ოპტიმალური მოდელი, ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთ უნდა წავიდეთ, რომ გაიზარდოს მუნიციპალური საავადმყოფოების წილი და გაჩნდეს საზოგადობრივი ჰოსპიტლები, რომლებიც დღეს საერთოდ არ გვაქვს, სადაც მთავარი იქნება ხარისხიანი სერვისი და არა მოგებაზე ორიენტაცია“ - მიაჩნია ექსპერტს „ამის მცდელობა იყო, მაგრამ პარლამენტმა, რომელიც გაძეძგილია მსხვილი კერძო ბიზნესის ინტერესის დამცველებით, ეს ინიციატივა დაბლოკა.

საველე ჰოსპიტალი დიღმის მასივში, 2021 წლის ზაფხული
საველე ჰოსპიტალი დიღმის მასივში, 2021 წლის ზაფხული

სწორედ ამას სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და გამბედავი მინისტრი. ასეთი მოდელის პირობებში კი, როცა სამედიცინო ბაზარზე, 85% კერძო, მოგებაზე ორიენტირებული კლინიკა გაქვს, აი რამხელა ძალაუფლება უნდა მისცე ჯანდაცვის მინისტრს ან სამინისტროს რომ კერძო კლინიკებში ხარისხი აკონტროლოს?“ - კითხულობს ვერულავა.

სისტემურ პრობლემებს შორის, რომლებსაც მინისტრმა ტიკარაძემ თავი ვერ გაართვა ექსპერტები ასახელებენ - ვაქცინაციის ძალიან დაბალ ტემპს; პირველადი ჯანდაცვის სისტემის რგოლის არ შექმნას; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების სელექტიური კონტრაქტირებით არ შერჩევას და ამის ნაცვლად, ე.წ 520 დადგენილების მიღებას, რომლითაც გარკვეულ სამედიცინო სერვისებზე, ყველა კლინიკას გათანაბრებული ტარიფები, თავად სამინისტრომ დაუდგინა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კოვიდ პაციენტის გადასარჩენად იბრძვიან
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კოვიდ პაციენტის გადასარჩენად იბრძვიან

„ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა იყო თავის დროზე სწორი ნაბიჯი, კარგი იდეა, რომელიც არ განვითარდა სწორი მიმართულებით, დაშვებული იქნა უამრავი შეცდომა“ - მიაჩნია თენგიზ ვერულავას.

მისი თქმით, „შეცდომებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ პროგრამის ანუ ბიუჯეტის ხარჯზე, სოკოებივით, ყველა კუთხე-კუნჭულში გახსნეს კლინიკები, სარდაფებშიც კი, ამ კლინიკების უმრავლესობაში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე საუბარი ზედმეტია, რაც კოვიდის დროს კიდევ უფრო მწვავედ გამოჩნდა.

შეცდომა იყო, როცა გაქვს პროგრამაზე მცირე თანხა და იმის ნაცვლად რომ ფული ეფექტურად გაანაწილო, შენ მას ყველას უნაწილებ და აძლევ უფლებას ვიღაცეებს ბიუჯეტს პარაზიტივით დააჯდნენ.

ეს ძალიან დიდი ჩავარდნა იყო! გასაგებია, აგერ უკვე რამდენი წელია, რატომ არ მიდის მთავრობა სელექტიურ კონტრაქტირებაზე, იმიტო, რომ ძალიან ძნელია შეარჩიო პროგრამისთვის სასურველი ხარისხიანი საავადმყოფო, როცა განზე გრჩება ვიღაც პარლამენტარების ინტერესები და მათი კლინიკები, რომლებიც ასევე ჩართულნი არიან პროგრამაში“ - ამბობს ვერულავა.

მედიკამენტების ხარჯი რატომ არის საქართველოში 40-44%? როცა, ევროპაში ეს მაჩვენებელი 10-15%-ს არ აღემატება? იმიტომ რომ მოსახლეობა პირველადი ჯანდაცვის ნაცვლად, პრევენციის ნაცვლად, პირდაპირ სამკურნალოდ სტაციონარს აკითხავს, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სისტემა დღეს, ისე არის მოწყობილი, რომ არც უნდა პრევენცია, მაშინ როგორ გაასაღებენ ამდენ მედიკამენტს ფარმაცევტული გიგანტები და ჯანდაცვის სექტორში არსებული ოლიგოპოლია?
თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის ექსპერტი


ჯანდაცვის ექსპერტის აზრით, „ასევე არაფერი გაკეთებულა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად, ეს არის უმნიშვნელოვანესი რგოლი, ანუ თუ ამ რგოლის სახით არ გვექნება პრევენციის საშუალება ამბულატორიული მკურნალობის სახით, მაშინ აქცენტი იქნება მუდმივ მკურნალობაზე უკვე სტაციონარში, რომელიც უკიდურესად ხარჯიანია და მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს.

მედიკამენტების ხარჯი რატომ არის საქართველოში 40-44% ? როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 10-15%-ს არ აღემატება?

იმიტომ რომ მოსახლეობა პირველადი ჯანდაცვის ნაცვლად, პრევენციის ნაცვლად, პირდაპირ სამკურნალოდ სტაციონარს აკითხავს.

ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სისტემა დღეს, ისე არის მოწყობილი, რომ არც უნდა პრევენცია, მაშინ როგორ გაასაღებენ ამდენ მედიკამენტს ფარმაცევტული გიგანტები და ჯანდაცვის სექტორში არსებული ოლიგოპოლია?

ანუ მთელი სისტემაა, კასკადი პრობლემების, რომელსაც საქართველო რაღაც „ქართული ვარიანტით“ უდგება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჯანდაცვის სექტორში თამაშის ასეთი წესების არსებობა. ამას ვერ უშველის 3 ან 5 წელიწადში ერთხელ მინისტრის ცვლა, საჭიროა საერთაშორისო გამოცდილება და გრძელვადიანი, შეთანხმებული სისტემური მიდგომები“ - მიაჩნია თენგიზ ვერულავას.

2021 წელს, სამინისტროებიდან, ყველაზე დიდი ბიუჯეტი ტრადიციულად, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს - 5 მილიარდ 56 მილიონი ლარი.

აქედან ჯანდაცვაზე - მილიარდ 548 მილიონი ლარი დაიხარჯება, სოციალურ დაცვაზე - 3 მილიარდ 840 მილიონი ლარი. კოვიდთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისებისთვის კი 400 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სოფელ ჯურუყვეთის ამბულატორია, გურია
სოფელ ჯურუყვეთის ამბულატორია, გურია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა ჯანდაცვის მინისტრი საექიმო საზოგადოების წარმომადგენელი არ არის. 2007 წელს, პრეზიდენმა სააკაშვილმა ჯანდაცვა იურისტ დავით ტყეშელაშვილს ჩააბარა, 2012 წელს კი ფილოსოფოსსა და დიპლომატს ზურაბ ჭიაბერაშვილს. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეს ჯანდაცვის მინისტრის რიგით მესამე ცვლილებაა

დამოუკიდებელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრები (1991-2021)

მანანა ძოძუაშვილი 1991

ირაკლი მენაღარიშვილი 1992-93

ავთანდილ ჯორბენაძე 1993-2001

ამირან გამყრელიძე 2001-03

გიგი წერეთელი 2004

ვლადიმერ ჭიპაშვილი 2004-07

დავით ტყეშელაშვილი 2007-08

ალექსანდრე კვიტაშვილი 2008-2010

ანდრია ურუშაძე 2010-2012

ზურაბ ჭიაბერაშვილი 2012

დავით სერგეენკო 2012-2019

ეკა ტიკარაძე 2019-2021

ზურაბ აზარაშვილი 2021-

პრემიერი აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრად წარადგენს, 27.12.2021
პრემიერი აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრად წარადგენს, 27.12.2021

XS
SM
MD
LG