ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატებს გამარჯვების იმედი აქვთ


გასულ კვირას ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში დემოკრატიული პარტიის ყრილობა გაიმართა, სადაც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის კანდიდატად, ოფიციალურად, ხელმეორედ დასახელდა.

ქალაქ შარლოტში 750,000 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქს თავისებური შარმი აქვს. განსხვავებული სამხრეთული აქცენტი, უგემრიელესი სამზარეულო და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა - ასე ახასიათებენ ქალაქს ამერიკელები.

ქალაქი შარლოტი ცნობილია ჩიკიტას სახეობის ბანანებისა და „ნასქარის“ ავტორბოლის გლობალურ ბაზად. თავის დროზე, იქ ოქროსაც მოიპოვებდნენ. ქალაქი, დღესაც, ნიუ-იორკის შემდეგ სიდიდით მეორე ფინანსური ცენტრია.

2012 წლის ყრილობის დასაფინანსებლად დემოკრატიულმა პარტიამ უარი თქვა კორპორატიულ შემოწირულობაზე, რის გამოც პარტიას ფინანსური პრობლემები შეექმნა; ყრილობაც ოთხი დღის სანაცვლოდ სამი დღის განმავლობაში ჩატარდა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პრეზიდენტმა ობამამ ჩრდილოეთ კაროლინაში მომხრეთა მცირედი მხარდაჭერით მეტოქეს გაუსწრო და 30 წლის განმვალობაში პირველი დემოკრატი გახდა, რომელმაც ამ შტატში გამარჯვებას მიაღწია. ქვინიფიაქის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, პიტერ ბრაუნი ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს:

„ეს ერთ-ერთი იმ შტატთაგანია, სადაც თუ პრეზიდენტმა ობამამ ხმების უმრავლესობა მიიღო, მაშინ რესპუბლიკელთა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის თეთრ სახლში შესვლის შანსი აღარ ექნება.“

თუმცა, პრეზიდენტ ობამას თავგამოდებულ მომხრეებს ბოლო დროინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები საგრძნობლად აშფოთებთ. გამოკითხვის თანახმად, ბარაკ ობამასა და მიტ რომნის გამარჯვების თითქმის ერთნაირი შანსი აქვთ:

„წელს ყველაფერი საკმაოდ რთულად იქნება. 2008 წლის არჩევნებზე ახალგაზრდობა სჭარბობდა, ისინი, ვინც პირველად ღებულობდნენ არჩევნებში მონაწილეობას. მინდა წელსაც იგივე მოხდეს, მაგრამ მეეჭვება,“ - ამბობს დემოკრატების კონსულტანტი დვაით პრაისი.

ჩრდილოეთ კაროლინაში მდგომარეობას უმუშევრობის 9.6 პროცენტიანი მაჩვენებლიც ართულებს. მიუხედავად ამისა, შარლოტი, დემოკრატიული პარტიის ყრილობის 35,000 სტუმარს გაუმასპინძლდა. დემოკრატები კი, იმოდევნებენ, რომ 2012 წლის ნოემბერში, პრეზიდენტი ობამა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ისეთივე გამარჯვებას მიაღწევს, როგორიც მას 2008 წელს ჰქონდა.
XS
SM
MD
LG