ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დაცვის დღეა


მსოფლიოშო ამჟამად 1 მილიარდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს

2013 წელი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წლად გამოცხადდა. დღეს, სამ დეკემბერს, მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პირების მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება, ისევ არის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევები, რომელიც სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც არის ასახული. პრობლემას წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, რომლის დახვეწა გაეროს 2006 წლის კონვენციის ადაპტირებას მოითხოვს. ამერიკაში „მომავალ ლიდერთა პროგრამაში“, მონაწილეობისთვის მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ახმეტელი იმყოფება. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მდგომარეობაზე და ამერიკულ გამოცდილებაზე ის ამერიკის ხმას ესაუბრა. ჩვენი რეპორტაჟი, რომელიც ნიუ იორკის კორესპონდენტმა თეა თუაშვილმა მოამზადა.

დები ჯონსონს ათი წლის წინ მოულოდნელად გაჟონვა დაემართა. ორმოცდაათი წლის ქალბატონს მარჯვენა ხელ-ფეხი წაერთვა. ხანგრძლივმა მკურნალობამ ეფექტური შედეგი ვერ გამოიღო და ახალგაზრდა ქალბატონი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, დახმარება სჭირდება ყოველდღიური საქმეების საწარმოებლად. მისი საქმე ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა განიხილა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სიაში შეიყვანა. სახელმწიფო მას უფასო დაზღვევით, მედიკამენტებით, გადაუდებელი დახმარებით, საკვები პროდუქტის ყოველთვიური ვაუჩერით და საპენსიო დანამატით ეხმარება. ის ყოველთვიურად ფულად კომპენსაციას იღებს და ყოველ დღე მასთან სახელმწიფოს მიერ დანიშნული ქართველი მომვლელი მარინა კუპრაძეც დადის.

მარინა კუპრაძე: ყოველ დღე მივდივარ, ვუმზადებ საკვებს, მომაქვს პროდუქტი. რომელიც სახელმწიფოსგან უფასო ვაუჩერით ეკუთვნის ყოველთვიურად. ასევე ბანაობაში ვეხმარები. სახელმწიფოსგან აბსოლუტურად არის დაცული, ბინის ქირასაც კი სახელმწიფო იხდის.

შეერთებულ შტატებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს შეუძლიათ მუშაობა, სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილოების მიღება. ინვალიდის ეტლით მათ სხვადასხვა რესტორნებში, ბარებში და კაზინოშიც კი შეხვდებით. თუმცა, თუ პირი დაბალ შემოსავლიანია, მას სახელმწიფო დახმარების სრული პაკეტით უზრუნველყოფს.

ანა ბოჭორიშვილი: თუ ვინმეს დაბალი შემოსავალი აქვს, ან უმუშევარია, მათ ეძლევათ სახელმწიფო დახმარებები, ფულადი, საკვები პროდუქტები, სამედიცინო დაზღვევა, რომელიც მათთვის აბსოლუტურად უფასოა და ამაში მედიკამენტებიც შედის.

ბევრად განსხვავებული რეალობაა საქართველოში. ამის შესახებ ამერიკაში სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამით მყოფი ქართული არასამთავრობო მოძრაობის „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ახმეტელი საუბრობს.

გიორგი ახმეტელი: არ არის პანდუსები, არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი, ჯანდაცვა, განათლება და შესაბამისად კომპლექსური პრობლემებიდან გამომდინარე დასაქმებაც საკმაოდ პრობლემატური ეს საკითხია. რასაც ამერიკაში ვერ ვხედავთ, აქ სულ სხვა მდგომარეობაა. 90-იანი წლებიდან აქ მუშაობს „ადა“ ამერიკის შეზღუდულ პირთა შესახებ აქტი, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ეს ორგანიზაცია ჩართული იყო საერთაშორისო კონვენციის მხარდამჭერ კამპანიაში.

2006 წელს გაერომ მიიღო საერთაშორისო კონვენცია, რომელიც მსოფლიოში მცხოვრები ყველა ქვეყნისთვის მისაღები დოკუმენტი უნდა გახდეს შეზღუდულ პირთა უფლებების გათანაბრების მიზნით. კონვენციის რატიფიცირება 151 ქვეყანამ უკვე მოახდინა. გიორგი ახმეტელი სენატში პროექტის განხილვას დაესწრო. ამ კონვენციის მიღების შემდეგ ამერიკა აღარ ჩაითვლება ლიდერ ქვეყანად შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანას თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. მოსალოდნელია რომ ამერიკის კონგრესი მის იმპლემენტაციას დეკემბრის შუა რიცხვებში მოახდენს.

საქართველოს პარლამენტში კონვენციას მხარს უჭერენ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებიც. შეზღუდული შესაძლებლობების პირების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მომხრეა პარლამენტის თავმჯდომარეც, დავით უსუფაშვილიც, რომელიც დღეს თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ დღევანდელი დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო და კონვენციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

გიორგი ახმეტელი: ბატონი დავითი ამ კონვენციის მხარდამჭერია. დიდი იმედი მაქვს, რომ უმცირესობაშიც და უმრავლესობაშიც ეს დოკუმენტი მოიპოვებს მხარდაჭერას. კონვენციის რატიფიცირება არის ერთ-ერთი ეტაპი. მთავარი ეტაპი კი არის იმპლემენტაციის ეტაპი, რომელიც საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივად მეჩვენება მე საქართველოში. სამწუხაროდ არ ხდება ამ კონვენციაში ჩაღრმავება ისე, როგორც საჭიროა. ეს არის რევოლუციური დოკუმენტი საქართველოსთვის, იმ კანონმდებლობის შემდეგ რაც ამჟამად მოქმედებს. ეს პროცესი სხვა არსებული კანონების სერიოზულ ჰარმონიზაციას მოითხოვს ამ კონვენციასთან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს, რომლის მიხედვით ამჟამად საქართველოში 122 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის პირია რეგისტრირებული, გიორგი ახმეტელი არ ენდობა და აცხადებს, რომ რეალურად მაჩვენებელი უფრო მეტია. სტატისტიკის მიხედვით ამჟამად მსოფლიოში ერთი მილიარდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს. გიორგი ახმეტელის თქმით, ნაომარ ქვეყნებში მათი რიცხვი გაცილებით მეტია. კონვენციის რატიფიცირება არის ვალდებულება რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირები თანაბარ პირობებში იყვნენ, არ იგრძნონ თავი დისკრიმინირებულებად, და საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები იყვნენ.

გიორგი ახმეტელი: ვალდებულება იქნება რომ მიდგომები შეიცვალოს მხოლოდ. მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება თანაბარ პირობებში იცხოვრონ, რაც ამ ადამიანებს საშუალებას მისცემს გარეთ გამოვიდნენ. ისარგებლონ რესტორნებით, კაფეთი, დისკოთეკით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შეიქმნას მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემო, რათა მათ თავი თანაბარ პირობებში იგრძნონ, როდესაც გადაწყვეტენ, რომ სამუშაო ძალად გამოადგნენ ჩვენს ქვეყანას.

ამ რევოლუციური შინაარსის კონვენციის შესახებ საქართველოში 6 დეკემბერს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საკითხებზე მომუშავე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ისაუბრებს. 10 დეკემბერს, მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. რატომ და როგორ ირღვევა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირების უფლებები ამის შესახებ მოხსენებას საქართველოს სახალხო დამცველი გააკეთებს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG