ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალში ოპოზიცია ჯიუტობს


დე-ფაქტო ცხინვალის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში
დე-ფაქტო ცხინვალის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში

ცხინვალი პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. ერთის მხრივ მღელვარებაა ქუჩაში, მეორეს მხრივ კი ამბოხი პარლამენტში, თუმცა პროტესტის ორივე პლატფორმა ერთმა შემთხვევამ წარმოშვა - ინალ ჯაბიევის მკვლელობამ დე-ფაქტო სამართალდამცავების ხელში. ინციდენტი გასული წლის ზაფხულში მოხდა. მას შემდგომ, პოლიტიკური პარტიები დე-ფაქტო პრეზიდენტისგან რამდენიმე საკვანძო პოზიციაზე მყოფი და მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფიგურის გადაყენებას მოითხოვდნენ (მათ შორისაა გენერალური პროკურორი უზურმაგ ჯაგაევი). ეს მოთხოვნა დღესაც აქტუალურია და ახლა ამ „პოლიტიკური სიჯიუტის“ გამო წარმოშობილ შედეგებთან გასამკლავებლად, ცხინვალში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ყოველკვირეულად ჩადიან.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის მიღებას ვერ ახერხებს, რადგან მმართველ პარტიასთან ოპოზიციაში მყოფი პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური კონსენსუსის ნაცვლად, შიდა პოლიტიკური კონფრონტაცია ცხინვალში ღრმავდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსი „მრჩევლები“ ახლა მიწოლითა და ჩიხში მოქცევით ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების პოზიციის გატეხვას. ამ მიმართულებით, იძულების რამდენიმე მეთოდი გამოიყენება. მათ შორის - მუქარა ენერგო-კრიზისის შექმნის თაობაზე. დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რის თანახმადაც, შესაძლოა, ცხინვალში გაზისა და დენის მიწოდება შეწყდეს. ეს ყველაფერი კი დე-ფაქტო ინფორმაციის სააგენტოს თანახმად, კავშირშია, სწორედ, პოლიტიკურ წინააღმდეგობასთან.

ცხინვალში დე-ფაქტო დეპუტატები მოითხოვენ გენერალური პროკურორის, უზურმაგ ჯაგაევის გადადგომას
ცხინვალში დე-ფაქტო დეპუტატები მოითხოვენ გენერალური პროკურორის, უზურმაგ ჯაგაევის გადადგომას

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობის გამო, „ენერგორესურსი“ ვერ იღებს იანვრისა და თებერვლის თვეების დაფინანსებას. ამის გამო, იზრდება იმ რუსული კომპანიების წინაშე დავალიანება, რომლებიც ცხინვალს ელექტოენერგიასა და გაზს აწვდიან,“- აცხადებენ ცხინვალში. „ჩვენ ერთი კაპიკიც კი არ მიგვიღია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, ვინც ვალდებულია გადაგვიხადოს გაზისა და ელ-ენერგიის მიწოდებისთვის. ეს იმავე მიზეზით მოხდა: ბიუჯეტის მიუღებლობით“, - წუხს „ენერგორესურსის“ გენერალური დირექტორი ალან გაბარაევი. ცხინვალში ამბობენ, რომ რუსეთმა მათ მიმართ, შესაძლოა, სანქციებიც კი გამოიყენოს, რადგან მიწოდებული ენერგიისა და გაზის საფასურს არ იხდიან.

თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ გახლავთ სრული სურათი, რადგან ბიუჯეტის მიუღებლობამ არა მხოლოდ გაზისა და ელექტოენერგიის გათიშვა შეიძლება გამოიწვიოს, არამედ საბანკო სექტორის პარალიზებაც: „მოსახლეობის უმეტესობა ზამთარში გამოყენებულ გაზისა და ელექტო-ენერგიის საფასურს ერთბაშად კი არ იხდის, მთელ წელზე ანაწილებს. ჩვენ, კი, როგორც სამხრეთ ოსეთში ენერგომომწოდებელი ორგანიზაცია, ვალდებული ვართ დროულად გადავუხადოთ გაზისა და დენის საფასური რუსულ კომპანიებს. ამ მიზნით, ყოველ წელს, თებერვალსა და მარტში ჩვენ კრედიტის აღება გვიწევს ეროვნულ ბანკში, დაახლოებით, 30-40 მილიონი რუბლის ოდენობით იმისთვის, რომ გავსწორდეთ რუსულ კომპანიებთან. შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხდით საბანკო დავალიანებას მოსახლეობისგან შემოსული თანხით. ახლა კი, თვითონ ნაციონალურ ბანკსაც თავისი პრობლემები აქვს, რადგან სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შეუკრებლობის გამო, მათ ვერ ჩამოაყალიბეს სამეთვალყურეო საბჭო და შესაბამისად, კრედიტის გაცემაც არ შეუძლიათ,“- განმარტავენ ენერგოკომპანიაში.

აქვე დასძენენ იმასაც, რომ დე-ფაქტო ცხინვალი ენექტოენერგიას „ძაუ ჩრდილოეთ პორტალიდან“ იღებს, რომლის სიგრძე 39 კილომეტრია.

გარდა ენერგო-კრიზისის საფრთხისა, დე-ფაქტო ინფორმაციის სააგენტო იმასაც ამბობს, რომ აღარც ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რადგან პარლამენტი შეკრებასა და ბიუჯეტის მიღებას ვერ ახერხებს. მშენებლობის, არქიტექტურისა და კომუნალური მეურნეობის დე-ფაქტო მინისტრი ედუარდ ძაგოევი აცხადებს, რომ 2021 წლისთვის დაგეგმილი 24 ობიექტის მშენებლობა, რომელთაგან 10 უკვე დაწყებულია, ჩავარდება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 80 პროცენტი რუსული დოტაციაა - ამას აცხადებს დე-ფაქტო ფინანსთა მინისტრი ხაბალოვა. „ერთი თვის სახელფასო თანხა 300 მილიონი რუბლია. საკუთარი შემოსავლები, 1 მილიარდ 376 მილიონი რუბლი არაა საკმარისი მხოლოდ ხელფასების გადასახდელადაც კი. ახლა ჩვენ უკვე სათხოვარი გვაქვს ფული რუსი კოლეგებისგან,“- ამბობს დე-ფაქტო ფინანსთა მინისტრი.

დე-ფაქტო ცხინვალში საკმარისი თანხა პენსიების გასაცემადაც არ აქვთ. ხელისუფლების ქოლგის ქვეშ არსებული საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში პენსიონერები და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლები მივიდნენ და დავალიანების მიღება მოითხოვეს. დე-ფაქტო ადმინისტრაციისთვის ეს სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს, ამიტომაც დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო: ურჩ ოპოზიციონერ პარლამენტარებს მან ვადა მომავალი კვირის დასაწყისამდე მისცა. ორშაბათს უკვე ნათელი და სახელისუფლებო გუნდთან უნისონში მოსული უნდა იყოს მათი განზრახვა. სამშაბათს, 16 თენერვალს კი უნდა მივიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის მიღებაში მიიღონ მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიბილოვი ირწმუნება, რომ ბიუჯეტს მათი მონაწილეობის გარეშე მიიღებენ.

ამ განზრახვას ანატოლი ბიბილოვი მოსკოვთან კონსულტაციისას მიღებული შეთანხმების დემონსტრირებით ამყარებს, რის თანახმადაც, მოსკოვს სურს მომავალი კვირის ორშაბათს, ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი უკვე ამოწურული იხილოს. ასე რომ, ორ დღეში, ცხინვალში სცენარის გაგრძელებას ვიხილავთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG