ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთ ვივაჭროთ ევროკავშირთან


ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) საქართველოს მის წევრ სახელმწიფოებთან კომერციული ურთიერთობის შესაძლებლობას მრავალი მიმართულებით აძლევს. შეთანხმება შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს, კომპანიებს ათავისუფლებს საბაჟო გადასახადისგან და ისეთივე პირობებს სთავაზობს, როგორიც ადგილობრივი კომერციული ორგანიზაციებისთვისაა შესაძლებელი. ამის მიუხედავად ქართულ ბიზნეს სექტორში არ ფიქსირდება ბუმი და ერთიანი გაცხოველებული მისწრაფება შეთავაზებების რეალიზებისთვის.

ამის საფუძველი შეიძლება იყოს ერთის მხრივ ინფორმაციული სიმწირე იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები აქვს DCFTA– ს და მეორეს მხრივ იმ რეგულაციების სირთულე, რომელთა დაძლევის გარეშე კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი ისეთივე შორეულ ოცნებად დარჩება, როგორც შეთანხმების გაფორმებამდე იყო.

იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები აქვს შეთანხმებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის ხმასთან რონდელის ფონდის წარმომადგენელმა, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა: „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე ეს არის შესაძლებლობა. ეს არ არის ჯერ გარანტია იმისა, რომ აქედან შეიძლება მიიღო პირდაპირ, უშუალოდ სარგებელი, თუმცა პირდაპირი და უშუალო სარგებელი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ჩვენი საქონელი ნულოვანი საბაჟო ტარიფების პირობებით შედის ევროპულ ბაზარზე. ევროკავშირის ბაზარზე სასოფლო–სამეურნეო ტარიფები საშუალოდ, 14 პროცენტს მოიცავს. წარმოიდგინეთ, რომ პროდუქტის ღირებულება, მისი გასაყიდი ფასი შეგვიძლია შევამციროთ 14 პროცენტით მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ჩვენ გვაქვს პოტენციალი ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროკავშირში გაყიდვის მიმართულებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ფასიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია კონკურენციაში შევიდეთ სხვა ქვეყნების ნაწარმთან, რომელიც განლაგებულია ევროკავშირის ბაზარზე. მაგრამ ეს სეგმენტი ასათვისებელია, რა თქმა უნდა, თვითონ საქონელი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ხარისხის მაჩვენებლით, პირველ რიგში.“

რეგულაციები, რასაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს საკმაოდ რთული დასაძლევია. გარდა იმისა, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ხარისხი უნდა გაიზარდოს, თანაც არა მხოლოდ იმ ნაწილის, რაც საექსპორტოდ იქნება გათვლილი, არამედ შიდა ბაზრისთვისაც ანალოგიური უნდა იყოს შეთავაზებული, ევროკავშირი საქართველოს წინაშე აყენებს ხარისხის კონტროლის ვალდებულებას და იასეთი ორგანიზაციების შექმნას, რომლის მიერ ადგილობრივად გაცემული ხარისხის სერტიფიკატი შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. „ბიზნესებისთვის და განსაკუთრებით მცირე ბიზნესებისთვის მარტივი არ არის გარკვევა უამრავ ტექნიკურ დეტალში, რაც თან სდევს ამ შეთანხმებას. მათ უნდა იპოვონ ზუსტად ის, რაც სჭირდებათ პროდუქტისთვის. სამწუხაროდ, ისეთი „შუამავალი რგოლი“, რომელიც ბიზნესებს ხელს ჩაკიდებს, წაიყვანს, პროდუქტს გააკეთებინებს, ბაზარზე გაიყვანს და იქ გააყიდინებს, არ არსებობს.

ესეც თავისუფალი ბიზნესის სფეროა. უნდა არსებობდნენ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც ბიზნესს დაეხმარებიან. მე მგონია, ნელ–ნელა ასეთი კომპანიები, შეიძლება გაჩნდეს. მაგრამ დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბიზნესი არ არის ჯერ–ჯერობით მდიდარი, მათ არ ემეტებათ თანხების გადახდა კონსულტანტებისთვის, ვინც დაეხმარებოდა მათ მომავალ განვითარებაში. ეს გარკვეულწილად, მოჯადოებული წრეა. მისი დამრღვევის როლი უნდა შეასრულოსსახელმწიფომ და შეიმუშაოს მწყობრი სტრატეგია იმისთვის, რომ უფრო მეტად და კარგად გააცნოს ბიზნესებს ეს შესაძლებლობები და თუ გნებავთ, ხელი შეუწყოს ასეთი შუამავალი რგოლების შექმნასაც, რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებისა და შესაძლებლობების რეალიზებაში,“– აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ამერიკის ხმასთან საუბრისას ციური ნოზაძე პროფესორი, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ ქართველი ბიზნესმენები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების ათვისებას იმისთვის, რომ მათ გაუიოლდეთ წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გატანა და შესაბამისად პარტნიორების ან ბენეფიციარების მოზიდვა: „საქართველოში აუთვისებელია ელექტრონული კომერციის ბაზარი განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით. შესყიდვა, გასაღების ბაზრის მონახვა, რეკლამირება – ეს სეგმენტი აუთვისებელია. მაგალითად, ხილის, კონსერვების, წვენების გატანის თვალსაზრისით არ არსებობს ინტერნეტსივრცეში ვაჭრობის პრაქტიკა. ასევე არაა ჩამოყალიბებული სტანდარტირებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოში არ არსებობს სტანდარტი პროდუქტისა, რომელიც უნდა გავიტანოთ. ამ სტანდარტებამდე რომ მივიყვანოთ, ამის ინფრასტურქტურაც არ არსებობს.

DCFTA ითვალისწინებს ორ რამეს: ერთი საქართველოსა და ევროკავშირის საკანონმდებლო დაახლოვებას, ელექტრონული კომერციის სფეროს ვგულისხმობთ კონკრეტულად ამ შემთხვვაში და მეორე ინფრასტრუქტურის განვითარებას. საკანონმდებლო აქტები, როგორც ასეთი, რაც ელექტრონული კომერციის სფეროს რეგულაციისთვისაა საჭირო, საქართველოში არ არის. ზოგადი დებულებებია მხოლოდ. ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო დაახლოებაც, რადგან შესაძლებელი გახდეს საქონლის გაცვლა, ბაზრის ათვისება.“

ევროკავშირის ბაზარზე ადგილობრივად წარმოებული პროდუქციიდან ყველაზე რთული ხორცპროდუქტების მოხვედრაა, რადგან ამ სფეროს მიმართ დაწესებულირეგულაციები განსაკუთრებით მკაცრი და მრავალრიცხოვანია. ამ ეტაპზე ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი მხოლოდ შავი ზღვის თევზმა (ქაფშიამ) და თაფლმა მოიპოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG