ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კრემერი ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს


დევიდ კრემერი ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს

რუსეთთან ურთიერთობებში ობამას ადმინისტრაცია ადამიანის უფლებების დაცვას სათანადო ყურადღებას არ უთმობს, მიაჩნია დევიდ კრემერს

გუშინ ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე „რუსეთში ადამიანის უფლებების მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეფასება.“ შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ აღმასრულებელი დირექტორი - დევიდ კრემერი.

თავის წინასიტყვაობაში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის კვლევითი პროგრამის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჩარლზ გატიმ აღნიშნა, რომ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ამერიკულ იდეალებსა და ეროვნულ ინტერესებს შორის განუწყვეტლივ მერყეობს.

„ყოველი ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკას სწორედ ამ ორ მიმართულებას შორის ატარებს და ხან ერთხ მხარეს იხრება, ხან - მეორეს,“ აღნიშნა ჩარლზ გატიმ.

გამოსვლის დასაწყისში დევიდ კრემერმა აღნიშნა, რომ როგორც ჯორჯ ბუშ უფროსის ისე ბილ კლინტონის ადმინისტრაციები გასული საუკუნის 1990-იან წლებში რუსეთთან ურთიერთობაში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ განვითარებას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. კრემერის აზრით, ფართოდ გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, რუსეთი 1990-იან წლებში დემოკრატიას არ წარმოადგენდა. ელცინის მთავრობა უპირატესობას ეკონომიკური რეფორმების ჩატარებას ანიჭებდა, მაშინ როცა ქვეყნის დემოკრატიზაციას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ის, რომ რუსეთი დემოკრატიული არ იყო, ადასტურებს ისეთი მოვლენები როგორიც იყო 1993 წლის ოქტომბერში ელცინის მთავრობის მიერ რუსეთის პარლამენტის ძალით აღება, 1994 წელს დაწყებული ჩეჩნეთის პირველი ომი, 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ელცინმა მხოლოდ მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გაყალბების მეოხებით გაიმარჯვა და 1999 წელს დაწყებული ჩეჩნეთის მეორე ომი.

კრემერს მიაჩნია, რომ პუტინის პერიოდს რუსეთის სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაცია და განმტკიცება ახასიათებს, რასაც ნავთობზე ფასების ზრდამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. პუტინმა 2004 წლის ბესლანის ტერორისტული თავდასხმა ფედერალური ცენტრის ძალაუფლების განმტკიცების მიზნით გამოიყენა, როცა მან რუსეთის რეგიონებში გუბერნატორების არჩევნები გააუქმა, რაც რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაბრკოლება გახდა.

„ეს ნიშნავდა იმას, რომ ამეირიდან კრემლი მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონალურ ლიდერებს პირდაპირ დანიშნავდა, რის შედეგადაც რეგიონალური ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახდნენ კრემლის და არა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ჩემი აზრით ეს უმნიშნველოვანესი უკუსვლა გახლდათ. ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელშიც მე მაშინ ვმსახურობდი, ამ უკუსვლაზე შესაბამისად აგრესიული რეაქცია სამწუხაროდ არ მოჰყოლია,“ აღნიშნა კრემერმა.

კრემერმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველთა და დემოკრატიის მომხრე აქტივისტთა დევნისა და მათთან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე. ამასთან დაკავშირებით მან კერძოდ ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის მონაცემები მოიყვანა.

„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ცნობით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული რუსეთში 41 ჟურნალისტი მოკლეს, მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც ჩეჩნეთის ომს აშუქებდნენ. პუტინის პრეზიდენტობის დროს 26 ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო მედვედევის მმართველობის მანძილზე ჯერ-ჯერობით 9,“ აღნიშნა კრემერმა.

მოკლულ ჟურნალისტთა თუ დემოკრატიის მომხრე აქტივისტთა სიაში კრემერმა ანა პოლიტკოვსკაია, ჟურნალ „ფორბსის“ რუსული გამოშვების რედაქტორი პოლ ხლებნიკოვი, ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი, მაგომედ იევლოევი, სტანისლავ მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვა, ნატალია ესტემიროვა და ზარემა გასანოვა მოიხსენია. კრემერს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დამცველთა, ჟურნალისტთა და დემოკრატიული რეფორმების მომხრე აქტივისტთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა რუსულ საზოგადოებაში დაშინების მეოხებით თვით - ცენზურის დაწესებას ისახავს მიზნად.

ყოველივე ამის ფონზე კრემერმა ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ შემდეგნაიარად დაახასიათა:

„რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს ადმინისტრაციამ არსებითად დუმილი არჩია. პირადად პრეზიდენტ ობამას მხრიდან ამ მხრივ კრიტიკა საერთოდ არ ისმის. მაგალითად გამოდგება თუნდაც ხოდორკოვსკის განაჩენი ან ბორის ნემცოვის დაკავების ფაქტი, რასაც მხოლოდ თეთრი სახლის პრესმდივნის კრიტიკული განცხადება მოჰყვა. მაშინ როცა გასული წლის დეკემბრის მიწურულს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთში გამდიდრებული ურანი გაგზავნა, თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელიც პრეზიდენტის სახელით გაკეთდა. ეს კი ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე მეტყველებს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრეზიდენტი გამდიდრებულ ურანს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.“

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG