ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიური მაუწყებელი: აშშ ევროპელ პარტნიორებს უსმენდა


აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს შტაბბინა, მერილენდის შტატის ქალაქ ფორტ-მიდში
აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს შტაბბინა, მერილენდის შტატის ქალაქ ფორტ-მიდში

დანიური სახელმწიფო მედია მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო, დანიის საგარეო დაზვერვის მეშვეობით, ევროპის ქვეყნების ლიდერების წინააღმდეგ ჯაშუშობდა, მათ შორის გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შემთხვევაშიც.

მიგნებები ნაწილია 2015 წელს ჩატარებული გამოძიებისა, რომელსაც დანიის თავდაცვის უწყების დაზვერვის სამსახური აწარმოებდა. მაუწყებელი 9 წყაროს ეყრდნობა, რომელთა ვინაობაც დაფარულია.

გამოძიების მიხედვით, 2012-2013 წლებში, ამერიკის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო იყენებდა დანიურ საინფორმაციო კაბელებს ევროპის წამყვან ლიდერებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ შორის - შვედეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებზე და ასევე გერმანიის ყოფილი საგარეო მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და გერმანიის ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, პეერ შტაინბრუკის წინააღმდეგ.

ამის შესახებ ჯერჯერობით გერმანულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. მათი თქმით, ამ ეტაპზე მათ ეს ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო მაუწყებლისგან აქვთ. ცნობებზე კომენტარის გაკეთება არც დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტრაინ ბრამსენმა ისურვა და გავრცელებულ ინფორმაციას „სპეკულაცია“ უწოდა. განცხადება არც დანიის დაზვერვის სააგენტოს გაუკეთებია.

კომენტარზე, სააგენტო „როიტერის“ მიხედვით, უარი განაცხადა ასევე შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმაც.

„შემიძლია უბრალოდ ზოგადად ვთქვა, რომ ამ მთავრობას იგივე მიდგომა აქვს, რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს 2013-2014 წლებში - ჩვენი ახლო მოკავშირეების სისტემატიური მოსმენები მიუღებელია“, - განუცხადა ბრამსენმა „როიტერს“.

დანია, შეერთებული შტატების ახლო მოკავშირე, რამდენიმე კრიტიკული ინტერნეტ კაბელის ჰაბია, მათ შორის შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის დამაკავშირებელი კაბელების.

წყაროები დანიურ მაუწყებელს ეუბნებიან, რომ ამერიკული დაზვერვა, პროგრამა „ექსკისქორის“ მეშვეობით, ახდენდა მეზობელი ქვეყნის ლიდერების, როგორც სატელეფონო ზარების, ისევე მოკლე ტექსტური შეტყობინებების და ჩატებში გაგზავნილი მესიჯების მოპოვებას და იდენტიფიცირებას.

შიდა გამოძიება დანიური თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის მიერ 2014 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის და სადაზვერვო ინფორმაციის გამცემის, ედუარდ სნოუდენის ცნობებმა აჩვენა, თუ როგორ მოქმედებდა ვაშინგტონი.

სნოუდენი შეერთებული შტატებიდან 2013 წელს გაიქცა და მას თავშესაფარი რუსეთმა მისცა.

გავრცელებულ ინფორმაციას ევროპაში გამოეხმაურნენ. შტაინბრუკმა გერმანულ მაუწყებელს „ა-ერ-დეს“ განუცხადა, რომ ეს „პოლიტიკური სკანდალია“. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ის ითხოვს „სრულ ინფორმაციას“. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ის ამ ბრალდებებს სერიოზულად აღიქვამს.

პარიზში, ევროპის საკითხების მინისტრის თქმით, ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს და თუ დადასტურდა, ეს „სერიოზული“ საკითხი იქნება. მან თქვა, რომ ამას შესაძლოა „დიპლომატიური პროტესტი“ მოჰყვეს.

გასულ წელს, დანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის და სხვა სამი ოფიციალური პირის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა, როცა გავრცელდა კრიტიკა და ბრალდებები, რომ ადგილი ჰქონდა სამსახურის მხრიდან დარღვევებს, რაც 2015 წლის გამოძიებამ აჩვენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG